ალბათ, თქვენც შეამჩნიეთ – AI-აგენტები ადამიანებისთვის სულ უფრო საყვარლები ხდებიან. ჯერ Meta-ს Muse გამოჩნდა, რომლის ავატარიც ფუმფულა არსებაა. ახლა კი OpenAI-მ საკუთარი პერსონალური აგენტები, Dots, წარმოადგინა – მულტფილმის პერსონაჟების მსგავსი პატარა არსებები, რომლებიც მომხმარებელმა შეიძლება საკუთარი გემოვნებით შეარჩიოს და დაარქვას სახელი.
ორივე კომპანია ცდილობს, მომხმარებელს აგენტი ციფრულ შინაურ ცხოველად აღაქმევინოს. თითოეულ მათგანს განსხვავებული გარეგნობა და ხასიათი აქვს. იმ ფონზე, როცა AI-ს უსაფრთხოებაზე სულ უფრო მეტი საუბარია და საზოგადოებაში ტექნოლოგიური კომპანიების მიმართ ნდობა არც ისე მაღალია, აგენტების საყვარელი და უწყინარი ვიზუალი გასაკვირი სულაც არ არის.
მაგრამ მულტფილმის პერსონაჟის მსგავსი გარეგნობა იმას არ ნიშნავს, რომ ასეთი სისტემების გამოყენებას რეალური რისკები არ ახლავს. პრობლემა შეიძლება თავად აგენტში კი არა, მისთვის მიცემულ უფლებებში იყოს.
OpenAI და Meta ამბობენ, რომ პერსონალურ აგენტებს მონაცემების დასაცავად და არასასურველი მოქმედებების თავიდან ასაცილებლად უსაფრთხოების რამდენიმე დონე აქვთ. თუმცა პრობლემა ისაა, რომ მომხმარებელმა შეიძლება ვერც კი გააცნობიეროს, რა ნებართვას გასცემს.
„საყვარელი“ დიზაინი ყურადღებას სხვა რამეზე გვატანინებს
Jolly-სა და Dots-ის ვიზუალური სტილი, თავისთავად, რა თქმა უნდა, საფრთხეს არ წარმოადგენს. თუმცა მათი საყვარელი გარეგნობა შეიძლება გვავიწყებდეს, რეალურად, რა ძალაუფლებას ვაძლევთ ასეთ სისტემებს. მით უფრო, იმ ფონზე, რომ კომპანიებს სურთ, მომხმარებლებმა აგენტებს ციფრული ცხოვრების საკმაოდ დიდ ნაწილზე წვდომა მისცენ.
ელფოსტა, საბანკო და საკრედიტო ბარათების ინფორმაცია, დოკუმენტები, ტექსტური შეტყობინებები, ჯანმრთელობასთან დაკავშირებული მონაცემები, სამუშაო აპლიკაციები – იმისთვის, რომ აგენტმა იმ შესაძლებლობების დიდი ნაწილი გამოიყენოს, რასაც OpenAI და Meta გვპირდებიან, მას სწორედ ასეთ ინფორმაციასთან მოუწევს დაკავშირება.
უფრო კარგად რომ აღიქვათ, წარმოიდგინეთ: თუ ოდესმე ვინმესთვის პირადობის მოწმობის ასლი, საგადასახადო დოკუმენტი ან სამედიცინო ჩანაწერი ელფოსტით გაგიგზავნიათ, როცა ამ ანგარიშზე AI-აგენტს წვდომას მისცემთ, მას პოტენციურად ამ დოკუმენტების ნახვაც შეეძლება.
რა უნდა გავაკეთოთ, როგორც მომხმარებლებმა
AI-აგენტების გამოყენებას სიფრთხილით უნდა მივუდგეთ. შეზღუდული წვდომის შემთხვევაშიც კი მათ საკმაოდ ბევრი რამის გაკეთება შეუძლიათ, მაგალითად, ფასების მონიტორინგი, რეცეპტების წიგნის შექმნა ან სამუშაოსთან დაკავშირებული ინფორმაციის ერთ სივრცეში თავმოყრა.
ამასთან, „საყვარელი“ დიზაინი ნამდვილად მუშაობს. აგენტთან ურთიერთობა უფრო ადამიანურ და სახალისო გამოცდილებად შეიძლება იქცეს. პატარა პერსონაჟი, რომელიც დავალების მიღებისას ყურსასმენებს იკეთებს და მინიატურულ ლეპტოპზე იწყებს მუშაობას, მომხმარებელს მასთან ემოციურ კავშირს უჩენს და მეტად ენდობა.
მაგრამ სწორედ ეს არის ის მომენტი, როცა ყურადღება არ უნდა მოვადუნოთ.
არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ საყვარელი ავატარის მიღმა დიდი ტექნოლოგიური კომპანია და სისტემა დგას, რომელსაც ჩვენი ციფრული ცხოვრების მნიშვნელოვან ნაწილზე წვდომა ეძლევა, ამიტომ ფრთხილად უნდა დავრთოთ ნება, როცა ის ყოველ ჯერზე ახალ-ახალ მონაცემებზე წვდომის მიცემას გვთავაზობს.












