WHO-ს მიხედვით, მსოფლიოს მასშტაბით დაახლოებით 8.5 მილიონი ადამიანია პარკინსონით დაავადებული. ბევრი მათგანისთვის კი ჰიპომიმია საკმაოდ ნაცნობია, ანუ სახის გამომეტყველების, მიმიკების დაკარგვა ან შემცირება. ბუნებრივია, ეს პაციენტებისთვის კომუნიკაციაში საკმაოდ დიდ ბარიერებს წარმოშობს… თუმცა გამოსავალი სისტემატურ ვარჯიშებში არსებობს.
სწორედ ამიტომ, Eurofarma-მ, ბრაზილიურმა მულტიეროვნულმა ფარმაცევტულმა კორპორაციამ Scrolling Therapy შემოგვთავაზა. კრეატიულ სააგენტო Dentsu-სა და Brazil Parkinson Association-ის მხარდაჭერით აპლიკაცია ეხმარება პაციენტებს, სოციალური მედიის სქროლვისას ჰიპომიმიის სიმპტომების პროგრესი შეანელონ.
Scrolling Therapy ხელოვნური ინტელექტის სახის ამოცნობის ტექნოლოგიას იყენებს, უბიძგებს მომხმარებლებს, ივარჯიშონ სახის გამომეტყველებაზე დღეში 45 წუთის განმავლობაში — სოციალურ მედია კონტენტზე გადასვლას, ანუ სქროლვას სწორედ სახის გამომეტყველებით ახერხებენ და არა — თითებით. ღიმილი, გაოცება თუ მოწყენილობა, მომხმარებლებს საშუალებას აძლევს, ჩართონ, დააპაუზონ ან გადავიდნენ სასურველ ვიდეოზე.
კამპანიას თან პატარა ფილმიც ახლავს, რომელიც სწორედ ჰიპომიმიაზე გვესაუბრება. სპიკერი აღნიშნავს, რომ რეკომენდებული ფიზიკური თერაპია მათ სახის კუნთების კონტროლში ეხმარება. თუმცა ამისთვის დროის დათმობა ძალიან ბევრ პაციენტს უჭირს და სწორედ აქ ასრულებს აპლიკაცია ყველაზე დიდ როლს — უნდა ვაღიაროთ, რომ სქროლვა დღეს ჩვენი ყოველდღიურობის განუყოფელ ნაწილად იქცა, შესაბამისად, ამ აქტივობაზე სავარჯიშოების მიბმა საუკეთესო გადაწყვეტილებაა.
„სქროლვის თერაპია შესანიშნავი მაგალითია იმისა, თუ როგორ შეგვიძლია გავაერთიანოთ შემოქმედებითობის ძალა ტექნოლოგიებთან, რათა რთული პრობლემებისთვის მარტივი გამოსავლის პოვნაში დაგვეხმაროს. ეს შეიძლება მსოფლიოში მილიონობით ადამიანს დაეხმაროს, შეინარჩუნონ სახის გამომეტყველება“, — აცხადებს რადაელ რიზუტო, Dentsu-ს შემოქმედებითი ხელმძღვანელი.
კიდევ უფრო კარგი ის არის, რომ Scrolling Therapy-ს აპლიკაცია Google Play Store-ში მთელი მსოფლიოს მასშტაბით უფასოდ არის ხელმისაწვდომი.











