ჩვენი დატვირთული ყოველდღიურობის ნეგატიური ასპექტი ის არის, რომ რაც დრო გადის, სულ უფრო ნაკლები დრო გვრჩება მეგობრებთან ერთად გასართობად. შესაძლოა, მხიარული უქმეების დაგეგმვას კვირებიც კი დასჭირდეს და რამდენიმე თვეში ერთხელ მოვახერხოთ. სწორედ ამ სოციალურ გაუცხოებას უკავშირდება ახალი აპლიკაცია, სახელწოდებით Hotshot. ეს უკანასკნელი ყალბ ფოტოებს აგენერირებს, ვითომ მეგობრები შეიკრიბნენ და ერთობიან — მაგალითად, რესტორანში ან სადმე მზის ქვეშ.
გარკვეული თვალსაზრისით, ეს სახალისოა, მაგრამ აქვე ეთიკური საკითხებიც იჭრება: თუ ჩემი კლასელი მოინდომებს, რომ მართლაც შეგვკრიბოს მთელი კლასი ერთად, ის ჩვენი, დანარჩენების სახეების გამოყენებას უპრობლემოდ შეძლებს. შესაბამისად, მარტივად გააყალბებს რეალობას — თითქოს იქ ვიყოთ, სადაც რეალურად არ ვართ. თუმცა შემქმნელები იმედოვნებენ, რომ აპლიკაციას უფრო მეტად პირად ჩატებსა და სახალისო მემეებისთვის გამოიყენებენ, ვიდრე „საზიანო ზრახვებისთვის“.
ალბათ, Hotshot პანდემიის დროს უფრო აქტუალური იქნებოდა, როცა ერთმანეთის ნახვა ობიექტურ დაბრკოლებას წარმოადგენდა. ამჟამად კი მომხმარებლები არც ისე დადებითად აფასებენ სიახლეს — უბრალოდ, რადგანაც საქმე ხელოვნურ ინტელექტს ეხება, ინტერესი მაინც საკმაოდ მაღალია.
რაც შეეხება კონფიდენციალურობის საკითხს, შემქნელების განმარტებით, Hotshot-ის მეშვეობით დაგენერირებული ფოტოები 24 საათის შემდეგ სრულად წაიშლება ბაზიდან.