არსებობს Amazon-ის Buy for Me ინსტრუმენტი, რომელიც OpenAI-ის Instant Checkout, Google-ის Universal Commerce Protocol და Microsoft-ის Copilot Checkout ერთიანი ტენდენციის ნაწილია. მისი საშუალებით, მომხმარებელი წყვეტს, რა სჭირდება, თუმცა უშუალოდ ყიდვის პროცესს სულ უფრო ხშირად ალგორითმი ასრულებს. რატომ გახდა ის საჭირო? საქმე ისაა, რომ ელექტრონულმა თუ სოციალურმა კომერციამ შეცვალა მომხმარებლის ჩართულობის ფორმა, თუმცა მყიდველი ყოველთვის ადამიანი იყო. აგენტური კომერცია კი ადამიანურ ფაქტორს ყიდვის პროცესში სრულად ჩაანაცვლებს. Gartner-ის პროგნოზით, 2028 წლისთვის B2B შესყიდვების 90%, რაც 15 ტრილიონ დოლარზე მეტს შეადგენს, ხელოვნური ინტელექტის აგენტების მეშვეობით განხორციელდება. ხელოვნური ინტელექტის აგენტი ვერ ხედავს შეფუთვას და არ რეაგირებს ბრენდის ემოციურ ისტორიაზე. იგი ამუშავებს სტრუქტურირებულ მონაცემებს, აგზავნის მოთხოვნებს API სისტემებში და პროდუქტს ტექნიკური კრიტერიუმებით აფასებს. ამ რეალობისთვის მომზადებაში კომპანიებს ალგორითმული მზაობის აუდიტი ეხმარება, რომელიც ხუთ ძირითად მიმართულებას მოიცავს.
სტრატეგიული, ტექნიკური და კომერციული მზაობა
სტრატეგიულ დონეზე გადამწყვეტია, რომ აგენტური კომერციის მნიშვნელობა მენეჯმენტმა ერთსულოვნად გაიაზროს და იგი სამეთვალყურეო საბჭოს მუდმივ დღის წესრიგში შეიტანოს. საკითხის მხოლოდ IT დეპარტამენტისთვის მინდობა წარუმატებლობის წინაპირობაა.
ტექნიკური კუთხით აუცილებელია პროდუქტის ინფორმაციის მართვის PIM სისტემის გამართვა და თითოეული პროდუქტისთვის ციფრული ტყუპის შექმნა. ეს არის მანქანისთვის წაკითხვადი ფორმატი, რომელიც მოიცავს ყველა ზუსტ ტექნიკურ ატრიბუტს და ხელმისაწვდომია სწრაფი API სისტემით. ზოგადი მარკეტინგული აღწერების სანაცვლოდ ალგორითმს ზუსტი რიცხობრივი მონაცემები სჭირდება.
კომერციულ ნაწილში ხდება გადასვლა საძიებო ოპტიმიზაციიდან აგენტის ინტერესების ოპტიმიზაციაზე. ტრადიციული მეტრიკების გვერდით მთავარ მაჩვენებლად ალგორითმული არჩევანის წილი ყალიბდება, ანუ ის, თუ შესყიდვების რა ნაწილში ირჩევს AI აგენტი კონკრეტულ ბრენდს. პარალელურად იცვლება ურთიერთობა საცალო პარტნიორებთან, სადაც მთავარი თემა AI აგენტების ტექნიკურ სქემებთან ინტეგრაცია ხდება.
ორგანიზაციული ტრანსფორმაცია
ახალ რეალობაში მარკეტინგის გუნდს სჭირდება API სისტემების, მონაცემთა სქემებისა და პლატფორმის ეკონომიკის ცოდნა. იცვლება შიდა როლები: ჩნდებიან ალგორითმული ხილვადობის არქიტექტორები, სქემის არქიტექტორები და AI ინჟინრები, რომლებიც ტესტავენ აგენტების მიერ პროდუქტების აღქმას.
მმართველობითი კუთხით კომპანიები დგანან პლატფორმებზე დამოკიდებულების რისკის წინაშე, რადგან ბაზრის ძალაუფლება პლატფორმის მფლობელებზე გადადის. ამის ბალანსირებისთვის მნიშვნელოვანია პირდაპირი გაყიდვების ინფრასტრუქტურის გაძლიერება და AI ეთიკის საბჭოების ჩამოყალიბება.
აუდიტის ინსტრუმენტი
ალგორითმული მზაობის აუდიტი არ წარმოადგენს ფორმალურ დავალებათა ჩამონათვალს. ეს არის სტრატეგიული დისკუსიის კატალიზატორი. პრაქტიკამ აჩვენა, რომ მისი მთავარი ღირებულება ქულებში კი არ მდგომარეობს, არამედ იმ აზრთა სხვადასხვაობაში, რომელიც პროცესში ზედაპირზე ამოდის. როდესაც ხელმძღვანელები დამოუკიდებლად აფასებენ ორგანიზაციას და შემდეგ შედეგებს ადარებენ, აღქმბს შორის აცდენა ყველაზე კრიტიკულ სუსტ წერტილებს ავლენს.
ვერცერთი ორგანიზაცია ვერ გახდება ლიდერი ხუთივე მიმართულებით ერთდროულად. პრაქტიკული მიდგომაა სამ მიმართულებაში საუკეთესო შედეგის მიღწევა, ხოლო დანარჩენებში თანაბარი პოზიციების შენარჩუნება. კომპანიების უმრავლესობისთვის პრიორიტეტი მონაცემთა და ტექნიკური მზაობა უნდა იყოს, რადგან ციფრული ტყუპის გარეშე სხვა მექანიზმები ვერ იმუშავებს. ეს აუდიტი კვარტალურ დისციპლინად უნდა იქცეს, რადგან პლატფორმები მუდმივად ვითარდებიან.
ამ აუდიტს ჰყავს მეორე აუდიტორიაც, ესენი არიან ინვესტორები. სამიზნე კომპანიის ალგორითმული მზაობა მალე ისეთივე მნიშვნელოვანი გახდება შეფასებისას, როგორც ციფრული მზაობა იყო გასულ ათწლეულში. ეს ხუთი მიმართულება ინვესტორს აჩვენებს, თუ რად ღირს ბიზნესი მაშინ, როდესაც მყიდველი ალგორითმია.
წყარო: HBR













