წარმოიდგინეთ, ის დრო დადგა, როცა ბებიებმაც კარგად ისწავლეს ხელოვნური ინტელექტის გამოყენება და ამას „სკამერების“, ანუ ონლაინ სივრცეში არსებული თაღლითების ტაქტიკის გამოსააშკარავებლად იყენებენ… გეთანხმებით, ახლა ცოტა არარეალურად ჟღერს, მაგრამ რაღაც ასეთი ხდება 02-ის კამპანიაში — გაიცანით Daisy თაღლითობის პრევენციის გუნდის ახალი წევრი, რომელიც ეჭვმიტანილი თაღლითებისგან რეალურ დროში იღებს ზარებს, დიდხანს ელაპარაკება და თავიდან აცილებს ნამდვილ მომხმარებლებთან შეხვედრას.
უფრო ზუსტად რომ გითხრათ, ცნობიერების ასამაღლებელი კამპანიის ფარგლებში იგი თაღლითების ზარებს პასუხობს, მათ დროს ფლანგავს და მათივე ტაქტიკას ავლენს. საუბრების მანძილზე დეიზი თავისი ოჯახის ამბებს უზიარებს, ეუბნება, როგორ უყვარს ქსოვა, თავის კატასაც აცნობს და საკუთარ თავზე პერსონალურ დეტალებსაც იგონებს, რათა ყველაფერი რეალობას დაემსგავსოს. ხოლო თაღლითების დარწმუნებით, რომ ისინი რეალურ ადამიანებს ატყუებენ, დეიზი მათ ნამდვილ სამიზნეებთან მისვლას ურთულებს და საზოგადოებასაც ეხმარება, გაიგონ მეტი თაღლითების ტაქტიკის შესახებ.
თუმცა რატომ აირჩიეს ბებო? ამ კითხვაზე პასუხი კვლევაში შეგვიძლია ვიპოვოთ — Strand Partners-ის თანახმად, გაერთიანებულ სამეფოში ყოველი ხუთი ბრიტანელიდან ერთს ყოველკვირეულად აქვს საქმე თაღლითობის მცდელობასთან. მართალია, ნებისმიერი შეიძლება იქცეს თაღლითობის მსხვერპლად, მაგრამ მათი სამიზნე ხშირად მოხუცები არიან. სწორედ ამიტომ გვაცნობენ დეიზის, რომელიც თაღლითებს სიურპრიზს უმზადებს.
პერსონაჟი სრულყოფილად რომ ექციათ, O2 და Faith ამ საქმეში გაერთიანებული სამეფოს ტოპ სპეციალისტს ჯიმ ბრაუნინგს დაუკავშირდნენ და იგი აღჭურვეს ტაქტიკებით, რომლითაც თაღლითების ხაზზე გაჩერებას 40 წუთის მანძილზე შეძლებდა. ხოლო დეიზის პერსონაჟი და მისი ცოდნა გენერაციული ენობრივი მოდელებით შეიქმნა. რაც შეეხება ხმას, მისი ინსპირაცია VCCP-ის თანამშრომლის ბებია იყო… ვიზუალი კი დიფუზიური მოდელით შექმნეს, რომელმაც ფოტორეალისტური AI პერსონაჟი შემოგვთავაზა, ისეთი, როგორიც თაღლითებსაც კი მოატყუებდა.
„O2-ში დიდ ინვესტიციებს ვდებთ თაღლითებთან გასამკლავებლად. დეიზი კი ჩვენი საიდუმლო იარაღია — რეალური ადამიანისგან ვერ განასხვავებთ და თაღლითების დროსაც გააფლანგვინებთ“, — აცხადებს საიმონ ვალკარსელი, Virgin Media 02-დან.
დეიზი საზოგადოებას 2-წუთიან ფილმთან ერთად გააცნეს და მთავარ სამიზნე სეგმენტად ბებოები კი არა, თაობა ზეტი აირჩიეს, რომლის წევრებიც ფიქრობენ, რომ ზედმეტად ჭკვიანები არიან თაღლითებისთვის. ისინი კვლავ მიგვანიშნებენ, რომ თაღლითებს ნებისმიერი ადამიანის მოტყუება შეუძლია და ასე აღნიშნული საკითხისადმი ცნობიერებასაც ამაღლებენ: