in

რა არის “AI Brain Fry” და როგორ ავირიდოთ ის თავიდან

Lenovo
Lenovo

კვლევამ დაადასტურა, რომ სოციალურ ქსელებში აღწერილი ფენომენი – AI აგენტების ინტენსიური მართვით გამოწვეული კოგნიტური გადაღლა – რეალური და საკმაოდ მასშტაბური პრობლემაა. მკვლევრებმა მას “AI Brain Fry” უწოდეს, რაც განიმარტება როგორც გონებრივი გადაღლა ხელოვნური ინტელექტის ინსტრუმენტების გადაჭარბებული გამოყენებით ან მათი ისეთი ზედამხედველობით, რომელიც ადამიანის კოგნიტურ შესაძლებლობებს აღემატება. მონაწილეები აღწერდნენ „ზუზუნის“ შეგრძნებას, გონებრივ ნისლს, ფოკუსირების სირთულეს, შენელებულ გადაწყვეტილებებსა და თავის ტკივილს. ასეთი გონებრივი დატვირთვა ბიზნესს საკმაოდ ძვირი უჯდება – იზრდება შეცდომების რაოდენობა, გადაწყვეტილების მიღებით გამოწვეული დაღლილობა და თანამშრომელთა სამსახურიდან წასვლის სურვილი.

თუმცა, არის ერთი საინტერესო დეტალი: როცა AI მხოლოდ რუტინული და განმეორებადი დავალებების შესასრულებლად გამოიყენება, პროფესიული გადაწვის მაჩვენებელი მცირდება, მაგრამ გონებრივი გადაღლის ინდექსი უცვლელი რჩება. ეს კარგად აჩვენებს იმ ნატიფ, მაგრამ მნიშვნელოვან ზღვარს სტრესის იმ ფორმებს შორის, რომლებსაც AI ამსუბუქებს და რომლებსაც პირიქით – ამძაფრებს.

როდის იწვევს AI გონებრივ გადაღლას?

დღეს დასაქმებულები AI-ს ძალიან განსხვავებულად იყენებენ – ზოგი ერთ ინსტრუმენტს ხმარობს, ზოგი რამდენიმეს ერთდროულად; ზოგისთვის ის საქმის შემცვლელია, ზოგისთვის – დამხმარე. კვლევამ რამდენიმე მნიშვნელოვანი კანონზომიერება გამოავლინა:

როდესაც თანამშრომელს უწევს მუდმივად აკონტროლოს, რას აკეთებს ინსტრუმენტი, მისი გონებრივი ძალისხმევა 14%-ით, ხოლო გონებრივი გადაღლა 12%-ით იზრდება. ამასთან, ზედამხედველობის მაღალი დონე 19%-ით ზრდის ინფორმაციული გადატვირთვის რისკს – განცდას, რომ იმდენი ინფორმაცია შემოდის, ტვინი მის გადამუშავებას ვეღარ ასწრებს.

მეორე მნიშვნელოვანი ფაქტორი საქმის მოცულობის ზრდაა. როცა ზედამხედველობის საჭიროებას ემატება ის, რომ AI-ის დანერგვის გამო თანამშრომელს მეტი საქმის კეთებას სთხოვენ, მისი პასუხისმგებლობის არეალი ფართოვდება. ერთსა და იმავე დროში მან უფრო მეტი ინსტრუმენტის შედეგი უნდა გააკონტროლოს, რაც ლოგიკურად იწვევს გონებრივ გამოფიტვას.

რა არის AI Brain Fry  და რა უჯდება ის ბიზნესს?

კვლევის ბოლოს მონაწილეებს ჰკითხეს, ჰქონიათ თუ არა მსგავსი გონებრივი გადაღლის გამოცდილება. AI-ის მომხმარებელთა 14%-მა დაადასტურა, რომ AI Brain Fry გამოუცდია. ეს მაჩვენებელი პროფესიების მიხედვით იცვლება: იურისტებში ის მხოლოდ 6%-ია, ხოლო მარკეტერებში 26%-ს აღწევს. მაღალი მაჩვენებლები დაფიქსირდა HR-ის, ოპერაციების, ინჟინერიის, ფინანსებისა და IT დეპარტამენტებშიც.

ბიზნესისთვის ეს ყველაფერი უზარმაზარ ხარჯებთან ასოცირდება:

როცა ტვინი გამოფიტულია, ხარისხიანი გადაწყვეტილებების მისაღებად რესურსი აღარ გვრჩება. კვლევამ აჩვენა, რომ AI-ით გადაღლილი თანამშრომლები 33%-ით მეტად განიცდიან ამ სინდრომს. ეს კი კომპანიებს მილიონობით დოლარი უჯდებათ.

გადაღლილი თანამშრომლები მნიშვნელოვნად მეტ შეცდომას უშვებენ – წვრილმან, ტექნიკურ შეცდომებს (11%-ით მეტი) და მსხვილ, სტრატეგიულ შეცდომებსაც კი (39%-ით მეტი).

ხშირად სწორედ ის ადამიანები, ვინც AI-ს ყველაზე ინტენსიურად იყენებენ, კომპანიის ტოპ ტალანტები არიან. თუმცა, AI Brain Fry-ის მქონე თანამშრომლებში სამსახურის დატოვების სურვილი 39%-ით უფრო მაღალია.

რისი გაკეთება შეუძლიათ მენეჯერებს?

ეს პრობლემა მხოლოდ ინდივიდის პასუხისმგებლობა არ არის. გუნდის კულტურასა და მენეჯმენტის მიდგომებს უდიდესი მნიშვნელობა აქვს.

როცა მენეჯერი დროს უთმობს თანამშრომლის კითხვებზე პასუხის გაცემას AI-სთან დაკავშირებით, გონებრივი გადაღლა 15%-ით მცირდება. ხოლო თუ მენეჯერი ითხოვს, რომ თანამშრომელი თავად გაერკვეს ყველაფერში, სტრესი იზრდება.

თუ გუნდში AI-ის გამოყენება კარგად ორგანიზებული და ინტეგრირებულია საერთო სამუშაო პროცესში, წნეხი მცირდება. მაგრამ თუ არსებობს დაუწერელი წესი და ზეწოლა, რომ ყველამ აუცილებლად უნდა გამოიყენოს AI, გადაღლის რისკი იზრდება.

როცა კომპანია ღიად არ ამბობს, რა როლი აქვს AI-ს და თანამშრომლები გრძნობენ, რომ მათგან ახლა უფრო მეტ საქმეს ელიან, სტრესის დონე 12%-ით იმატებს. ხელოვნურ ინტელექტს ნამდვილად შეუძლია, დაგვეხმაროს ვიმუშაოთ უფრო სწრაფად და ვიფიქროთ უფრო მასშტაბურად. თუმცა, იმისთვის, რომ კოგნიტური გადატვირთვა ავირიდოთ თავიდან, ლიდერებმა უნდა გადადგან კონკრეტული ნაბიჯები.

არ შეიძლება ადამიანს უბრალოდ დაუმატო AI-ისთან ურთიერთობა. როგორც ადამიანების მართვაში არსებობს ლიმიტი, რამდენი დაქვემდებარებულის ყოლაა ეფექტური, ისე უნდა განისაზღვროს, რამდენი AI აგენტის მართვა შეუძლია ერთ ადამიანს.

თუ კომპანია პროდუქტიულობის ზრდას ცდილობს, მაგრამ არ ამბობს, რომ სამუშაოს მოცულობა არ გაიზრდება, თანამშრომელი ამას საქმის დამატებად აღიქვამს. AI ტრანსფორმაციის 70% ადამიანებსა და პროცესებს უნდა დაეთმოს და არა მხოლოდ ტექნოლოგიას.

ნუ წაახალისებთ AI-ის უბრალოდ ბევრჯერ გამოყენებას, ეს ხარისხს აგდებს და სტრესს ზრდის.

ისეთი უნარები, როგორიცაა კრიტიკული აზროვნება და სტრატეგიული დაგეგმვა, ფოკუსირებულ ყურადღებას მოითხოვს. ორგანიზაციებმა უნდა დაიწყონ კოგნიტური დატვირთვის გაზომვა და თანამშრომლების გონებრივი ჯანმრთელობის დაცვა ახალი, ტექნოლოგიური რისკებისგან.

წყარო: HBR

მარინა ვილერი, პენტაგრამის დიზაინ დირექტორი Touch RGB-ის ჰედლაინერია

რა უნდა გაითვალისწინონ დამწყებებმა, თუ კრეატიულ ინდუსტრიაში სურთ მოხვედრა