გენერაციული ხელოვნური ინტელექტის გამოჩენამ არაერთი პროფესიონალის კარიერა დააყენა საფრთხის ქვეშ. ეს არა თუ ერთ ან ორ კონკრეტულ ინდუსტრიას, არამედ ნაწილობრივ ყველა სფეროს შეეხო — უბრალოდ, განსხვავებული სიმძაფრით.
დროთა განმავლობაში რამდენიმე ძირითადი მიმართულება გამოიკვეთა, რომლებზეც მეტი გავლენა აქვს AI-ს: IT-ის კუთხით მომუშავეების დავალებების 23% აღნიშნულმა ტექნოლოგიამ „მიითვისა“; ხოლო ავტორების, მწერლებისა და მთარგმნელების შემთხვევაში პროცენტული მაჩვენებელი კიდევ უფრო დრამატულია და 43-ს აღწევს. რაც შეეხებათ პროგრამისტებსა და დეველოპერებს, მათი ფუნქციების 26%-საც სწორედ AI ასრულებს.
„მიუხედავად იმისა, რომ სამუშაო ადგილების დაკარგვის მოლოდინი არ გვაქვს, შეიძლება, ზოგიერთი პროფესიის პრაქტიკულმა ცვლილებებმა უნარების მოკლევადიანი შეუსაბამობა გამოიწვიოს“, — ამბობს იელ სელფინი, KPMG UK-ის მთავარი ეკონომისტი. ამავე კომპანიამ ჩაატარა სტატისტიკური კვლევა, რომელზე დაყრდნობითაც სტატიაში ვსაუბრობთ.
ამ დროისათვის გენერაციული AI-ის საფუძველზე შექმნილ სისტემებს თუ დავაკვირდებით, ის უმეტესად ისეთ საქმეებს ეხება, სადაც შინაარსი მონაცემთა უზარმაზარ მარაგში აღმოჩენილი შაბლონების მიხედვით გენერირდება. აქვე KPMG აღნიშნავს, რომ ისეთი მონაცემები, როგორებიცაა დიაგნოსტიკა, პრობლემების მოგვარება, მენეჯერული ამოცანები და სასწავლო აქტივობები ნაკლებად მოექცევა ხელოვნური ინტელექტის გავლენის ქვეშ.