Adobe Analytics-ის უახლესი კვლევა აჩვენებს, თუ როგორი ცვლილებები შემოაქვს გენერაციულ AI-ს ონლაინ ვაჭრობაში. კვლევა წარმოაჩენს ფუნდამენტურ ცვლილებას მომხმარებლების ქცევაში. ჩატბოტები აღარ არიან უბრალოდ „საინტერესო გაჯეტები“, ისინი აქტიურად აყალიბებენ მომხმარებელთა გადაწყვეტილებებსა და ჩვევებს. 2024 წლის ივლისიდან 2025 წლის თებერვლამდე, აშშ-ის იქომერს საიტებზე ტრაფიკი გენერაციული ხელოვნური ინტელექტის (GAI) წყაროებიდან 1,200%-ით გაიზარდა.
Adobe Analytics-ის ანალიტიკოსებმა ამერიკის საცალო ვაჭრობის საიტებზე 1 ტრილიონზე მეტი ვიზიტი გააანალიზეს. ასევე, მკვლევრებს 5,000-ზე მეტმა ამერიკელმა მომხმარებელმა გაუზიარა თავისი დამოკიდებულება ხელოვნური ინტელექტის მიმართ. აღმოჩნდა, რომ მომხმარებლები სწრაფად ეგუებიან ახალ ტექნოლოგიებს და საკუთარ ცხოვრებაში ინტეგრირებას უკეთებენ.
მყიდველთა თითქმის 40%-მა უკვე გამოიყენა GAI შოპინგისთვის, ხოლო 53% ამის გაკეთებას მიმდინარე წელს აპირებს. ასევე, მომხმარებელთა 55% AI-ს იყენებს შესყიდვების კვლევისათვის, 47% მისი დახმარებით ეძებს პროდუქტის რეკომენდაციებს, 43% – ფასდაკლებებს, ხოლო 35% – საჩუქრების იდეებს. ამავე დროს, 35% AI-ის დახმარებით პოულობს უნიკალურ პროდუქტებს, ხოლო 33% ქმნის საყიდლების სიებს – ეს ყველაფერი AI-ის დახმარებით ხდება.
მართალია, ისეთ ტრადიციულ მეთოდებთან შედარებით, როგორიცაა ფასიანი ძიება და ინფლუენსერები, GAI-ის წილი ჯერ კიდევ მოკრძალებულია, მაგრამ აქ საქმე ზრდის ტემპშია – Adobe-ს მონაცემებით, 2024 წლის სექტემბრიდან ის ყოველ ორ თვეში ორმაგდება.
კიდევ ერთი საინტერესო დეტალი: GAI წყაროებიდან მოსული მომხმარებლები გაცილებით უფრო ჩართულები არიან. ვიზიტები 41%-ით არის გაზრდილი, ხოლო საიტზე გატარებული დრო 12%-ით მეტია. თუმცა, ჯერჯერობით არსებობს ერთი გამოწვევა – მომხმარებლები, რომლებიც GAI-ს იყენებენ, ჯერჯერობით ნაკლებად ახდენენ შესყიდვას (მხოლოდ 9 %). GAI ტრაფიკის 86% დესკტოპიდან ხდება, მაშინ როდესაც ზოგადად ელექტრონული კომერციის სფეროში დესკტოპების წილი მხოლოდ 34%-ია. რატომ? სავარაუდოდ იმიტომ, რომ მომხმარებლებს უფრო კომფორტულად ეჩვენებათ AI-თან დიალოგის წარმოება დიდ ეკრანზე, სადაც ტექსტის კითხვა და მოსაზრებების შედარება უფრო მოსახერხებელია.
წყარო: mediapost