in

ახალ AI ჩიპს გამოსახულების ამოცნობა ნანოწამებში შეუძლია

veon
veon

ახალ AI ჩიპს, რომელიც ნეირონულ ქსელსა და განათებაზე მგრძნობიარე სენსორს აერთიანებს, ნანოწამებში შეუძლია დანახული ობიექტის აღქმა. ამის შესახებ ჟურნალ Nature-ში გამოქვეყნებული ნაშრომიდან ვიგებთ. ძირითადად, ხელოვნური ინტელექტი პროგრამებსა და მძლავრ კომპიუტერულ მოწყობილობებზეა დამოკიდებული, ამჯერად კი მეცნიერებმა პირდაპირ ჭკვიანი მოწყობილობა შექმნეს, რომელიც დამოუკიდებელი და გაცილებით სწრაფია.

გამოსახულების ამოცნობისთვის/კლასიფიცირებისთვის, ხელოვნურ ინტელექტს, ძირითადად, მძლავრი კომპიუტერი სჭირდება, აღნიშნული AI ჩიპი კი არის დამოუკიდებული მოწყობილობა, რომელიც ერთდროულად იღებს და ამუშავებს გამოსახულებას, რაც ამ პროცესს მნიშვნელოვნად ასწრაფებს.

როგორ შექმნეს?
გუნდმა ჩიპი ვოლფრამის დისელენიდისა (ქიმიური ნაერთი) და სინათლეზე მგრძნობიარე დიოდებისგან შექმნა. ამის შემდეგ, მათ დიოდები ნეირონულ ქსელს დაუკავშირეს. მასალა, რომელიც ჩიპის შესაქმნელად გამოიყენეს აძლევს მას უნიკალურ ელექტრულ შესაძლებლობებს – დიოდის ფოტომგრძნობელობის პირობებში, ნეირონულ ქსელში არსებული კვანძები გარეგანი, ვიზუალური ინფორმაციის აღქმით სტიმულირდება. ეს ნიშნავს, რომ ქსელი შეიძლება გაიწვრთნას ვიზუალური ინფორმაციის კლასიფიცირებაში, დიოდების რეგულირების გზით (მანამ, სანამ სწორ „პასუხს“ არ მიიღებდნენ). მსგავსი წვრთნის ფარგლებში, ჩიპმა შეძლო n, v და z ასოების/სიმბოლოების ამოცნობა და ერთმანეთისგან გარჩევა.

რატომ არის მნიშვნელოვანი?
როგორც უკვე ვთქვით, ეს არის დამოუკიდებელი ჩიპი, რომელსაც ხელოვნური ინტელექტის გამოსაყენებლად არ სჭირდება გარე მოწყობილობა. თუმცა, ესეც რომ არა, თვითმართვადი მანქანებისა თუ რობოტების შემთხვევაში, აქამდე ვიზუალური ინფორმაციის აღქმას ავტომატური მეთოდით ახერხებდნენ. კერძოდ, ხდებოდა ჩვეულებრივი კამერებიდან მიღებული გამოსახულების შეფასება და არსებულ, კლასიფიცირებულ გამოსახულებების მონაცემთა ბაზასთან მისი შედარება. თუმცა, მაშინ, როცა ერთ წამში გამოსახულება რამდენჯერმე იცვლებოდა, სისტემას უჭირდა მიზნის მიღწევა – ვიზუალური ინფორმაციის აღქმა. როგორც მეცნიერები ამბობენ, AI ჩიპი ამ დავალებას თავს ნანოწამებში გაართმევს.

ეს AI ჩიპი არის წინგადადგმული ნაბიჯი ხელოვნური ინტელექტის ერთ მოწყობილობაში მოქცევის კუთხით, შესაბამისად, მეტი დამოუკიდებლობისა და სისწრაფის უზრუნველყოფის კუთხითაც. თუმცა, მის რეალურ გამოყენებამდე ჯერ კიდევ დიდი გზაა გასავლელი. ამ ეტაპზე, „ხელოვნური თვალი“, ანუ ეს AI ჩიპი მხოლოდ 27 დეტექტორს აერთიანებს და 3×3 პიქსელის მქონე გამოსახულების ამოცნობა შეუძლია. ამ ეტაპზე, მას ასოების/სიმბოლოების კლასიფიცირება და კოდირება შეუძლია. თუმცა, მომავალში, შესაძლოა რობოტიკაში, გამოსახულებების ვიზუალური აღქმის კუთხით, მნიშვნელოვანი ნაბიჯების წინაპირობად იქცეს.

„გადაწყვეტილება ჩვენზეა“ – 21 მარტს დაუნის სინდრომის მსოფლიო დღე აღინიშნება

World Travel Awards-ზე საქართველოს 5 ეროვნული პარკია ნომინირებული