CareerVillage უკვე დიდი ხანია ზრუნავს ადამიანების კარიერულ განვითარებაზე და მას არც ტექნოლოგიური წინსვლა დარჩენია ყურადღების მიღმა — ორგანიზაცია გენერაციულ AI-ზე ექსპერიმენტებს ატარებს, რათა ინტერაქციული ქოუჩინგი რაც შეიძლება ფართო აუდიტორიას შესთავაზოს. ისინი არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად AI Coach-ის შესაქმნელად მუშაობდნენ, რომელიც მომხმარებლებს რეზიუმეების შედგენას, სამოტივაციო წერილების დაწერას, ვაკანსიების პოვნასა და იმიტირებულ ინტერვიუებს შესთავაზებდა. ასეც მოხდა და მას უბრალოდ Coach უწოდეს.
„როცა დიდი ენობრივი მოდელების განვითარების მომსწრე გავხდით, ვიცოდით, რომ მას დიდი პოტენციალი ჰქონდა კარიეულ ქოუჩინგში, საშუალებას მოგვცემდა ეს ყველაფერი კიდევ უფრო პერსონალიზებული გაგვეხადა და მეტად ფართო მასშტაბზეც გავსულიყავით“, — აცხადებს ჯარედ ჩანგი, CareerVillage-ის ხელმძღვანელი.
Coach ამჯერად ბეტა ვერსიაშია ხელმისაწვდომი, მის განვითარებას კი მომხმარებელთა უკუკავშირის მიხედვით გეგმავენ. ისინი მუშაობენ, რათა მას კარიერულ საკითხებთან დაკავშირებით მაღალი ხარისხის ინფორმაცია მიაწოდონ. სწორედ ამ ფაქტის გამო ამტკიცებენ, რომ Coach-თან ურთიერთობისას ჰალუცინაციებთან შეხება აღარ გვექნება…
თუმცა არ გეგონოთ, რომ ისინი არსებული კარიერული კურსების, მრჩევლებისა თუ ქოუჩების ჩანაცვლებას ისახავენ მიზნად, მათ უბრალოდ რესურსებზე წვდომის დემოკრატიზება სურთ. შესაბამისად, AI Coach უფასო იქნება და მენტორებს შეუძლიათ, იგი უკვე არსებულ კურსებშიც დაიხმარონ.