23
Dec
2019

უფასო ონლაინ AI კურსი, რომლის გავლაც ფინეთის მთავრობის ინიციატივით შეგიძლიათ

23 Dec 2019

Alta
Alta


გასულ წელს, ფინეთის მთავრობამ, კომპანია Reaktor-თან და ჰელსინკის უნივერსიტეტთან თანამშრომლობით, ონლაინ კურსი შექმნა, რომელიც საკუთარი მოქალაქეებისთვის ახალი ტექნოლოგიის სიღრმისეულად გაცნობასა და მისი გამოყენების გზების სწავლას ისახავდა მიზნად. წელს, საშობაოდ, ფინეთი ამ კურსს უფასოდ ჩუქნის მთელ მსოფლიოს. მიუხედავად იმისა, რომ კურსი ევროკავშირის წევრი ქვეყნების ენებზე იქნება ხელმისაწვდომი, მისით სარგებლობის გეორგარფიული საზღვრები დადგენილი არ არის. შესაბამისად, ეს არის სარგებელი მთელი მსოფლიოსთვის, რომელშიც ფინეთის ეკონომიკისა და დასაქმების სამინისტრომ 1 679 000 ევრო დახარჯა.

ამ ეტაპზე, კურსი სახელად Elements of AI შეგიძლიათ უფასოდ გაიაროთ და ის შემდეგ ენებზეა ხელმისაწვდომი – ინგლისური, ფინური, გერმანული, შვედური და ესტონური.

ონლაინ კურსზე გადასვლისას მარტივ და მეგობრულ დიზაინს, მოკლე კითხვებსა და ილუსტრაციებს შეხვდებით. თუმცა, იმის გათვალისწინებით, რომ კურსის მიზანი – ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიის სწავლება დამწყები, თუ მოყვარული მომხმარებლებისთვის, საკმაოდ რთული მისიაა, კურსის თითო განყოფილების შესრულებითვის 5-დან 10 საათამდე დაჭირდებათ. უნდა აღვნიშნოთ, რომ კურსის გავლისას გრაფიკის დადგენა თვითონ შეგიძლიათ, ანუ, იმის მართვა, დღეში, ან კვირაში რამდენი საათის დათმობა გინდათ/შეგიძლიათ ამ ტექნოლოგიის შესწავლისთვის. ხოლო რაც შეეხება კურსის დახურვას, ამისთვის, დაახლოებით, 6 კვირა დაგჭირდებათ.

აღსანიშნავია ისიც, რომ Elements of AI-ის გავლას რომელიმე პროგრამული ენის ცოდნა არ სჭირდება, ხოლო კურსის წარმატებით გავლის შემთხვევაში, მონაწილეები ჰელსინკის უნივერსიტეტის დიპლომს მიიღებენ. Reaktor-ის წარმომადგენლის – მეგან სკებლის თქმით, იგეგმება Elements of AI-ის კურსის ევროკავშირის უნივერსიტეტებში ჩაშვებაც. მეგანი ფინეთის მთავრობას ამ კურსის შექმნაში დაეხმარა, რადგან „ხელოვნური ინტელექტი არ უნდა იყოს ხელმისაწვდომი მხოლოდ რამდენიმე ელიტური დეველოპერისთვის“ და ასაკის, პროფესიისა თუ ქვეყნის მოქალაქეობის მიუხედავად, ნებისმიერ ადამიანს შეუძლია დაეუფლოს მას. ეს კი როგორც ტექნოლოგიური განვითარებისთვის იქნება სასიკეთო, ასევე, ხელს შეუწყობს საზოგადოებაში ხელოვნურ ინტელექტთან დაკავშირებულ მითებთან ბრძოლას.

განხილვა