სამსახურში ცვლილებებთან შეგუება მარტივი არ არის. ბევრი დასაქმებული ამბობს, რომ ცვლილებების სიხშირე, განსაკუთრებით ბოლო წლებში, ძალიან დამღლელია. Gartner-ის თანახმად, თანამშრომლებს წელიწადში, საშუალოდ, 10-ჯერ უწევთ მსგავსი გამოწვევის წინაშე ყოფნა. უფრო მეტიც, დასაქმებულთა მზადყოფნა მხარი დაუჭირონ ორგანიზაციულ ცვლილებებს 2016 წლიდან 2022 წლამდე, 74%-დან 43%-მდე დაეცა.
გენერაციული ხელოვნური ინტელექტის უეცარმა გაჩენამ ორგანიზაციული ცვლილებების ახალი ტალღა გამოიწვია. ეს ორგანიზაციებს აიძულებს გაზარდონ AI-ის გავლენა მათ სამუშაო ძალაზე, პროცესებსა და საერთო სტრატეგიებზე. მაგრამ ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით ორგანიზაციის განვითარებამ არ უნდა გამოიწვიოს თანაგუნდელების ემოციური დაღლილობა. ცვლილებების სიხშირემ, შესაძლოა, მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენოს ადამიანებს, რაც გამოიხატება იმედგაცრუებასა და სამუშაო ეთიკის დაქვეითებაში.
ჩვენი მიზანი უნდა გახდეს, რომ ავამაღლოთ თანაგუნდელების კვალიფიკაცია, რათა ხელოვნურმა ინტელექტმა მათთვის იმუშაოს. იმისათვის, რომ ხელი შევუწყოთ ორგანიზაციაში AI-ის ეფექტურ ათვისებას, თავიდან უნდა ავიცილოთ ფოკუსირება მხოლოდ ტექნოლოგიაზე. სტატიაში მოცემულია რამდენიმე გზა ამის მისაღწევად.
ინვესტიცია ტრენინგში
სწავლა განმეორებითი პროცესია და არა ერთჯერადი მოვლენა. ბევრი ორგანიზაცია გამოირჩევა სწავლის კულტურის ხელშეწყობით, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ნერგავენ სიახლეებს. ბოლო კვლევების თანახმად, ბიზნეს ლიდერების თითქმის მესამედი (32%) მიიჩნევს, რომ თანამშრომლების ცოდნა გენერაციული AI ინსტრუმენტების შესახებ მთავარ ბარიერად რჩება იმპლემენტაციისთვის. ამის გამოსასწორებლად, ორგანიზაციებს შეუძლიათ შექმნან უწყვეტი სწავლისა და ადაპტაციის კულტურა, რაც გადამწყვეტია მოქნილი სამუშაო ძალის მისაღებად, რომელსაც შეუძლია ისარგებლოს გენერაციული AI-ის მიღწევებით.
ტრენინგის შედეგად თანამშრომლები შეიძენენ ახალ უნარებს თუ როგორ უნდა გამოიყენონ ტექნოლოგიები, იყვნენ ინფორმირებულნი ინდუსტრიის ტენდენციებზე და შეეგუონ ცვალებად ბიზნეს საჭიროებებს. ეს ორგანიზაციებს დაეხმარება ბაზარზე კონკურენტუნარიანობის შესანარჩუნებლად, ეფექტურობისა და პროდუქტიულობის გასაუმჯობესებლად, ტექნოლოგიების პოტენციალის გამოსაყენებლად და ინოვაციების დასანერგად.
წაახალისეთ განათლება, ისწავლეთ კეთებით
ექსპერიმენტების ჩატარება მნიშვნელოვანი ფაქტორია წარმატების მისაღწევად. თანაგუნდელებს შესთავაზეთ, მოძებნონ ხელოვნური ინტელექტის ინოვაციური გამოყენების გზები და პრობლემებისა და გამოწვევების გადაჭრა სცადონ მათთვის ჯერაც უცნობი მეთოდებით.
მხარი დაუჭირეთ ერთმანეთს, ისწავლეთ ერთმანეთისგან და გააკეთეთ ისეთი აღმოჩენები, გუნდური მუშაობის გარეშე შეუძლებელი რომ იქნებოდა. ეს მიდგომა გამოიწვევს კულტურულ ცვლილებებს ორგანიზაციაში და AI-ის გამოყენებასაც ბევრად პროდუქტიულად შეძლებთ.
შექმენით რეალისტური მოლოდინები თუ რისი გაკეთება შეუძლია AI-ის (და არ შეუძლია)
პროგრესი ერთ დღეში არ მიიღწევა და ამ კუთხით, AI-ის გამოყენების სწავლაც არ არის გამონაკლისი. შესაბამისად, დრო დასჭირდება დაგეგმილი შედეგების მიღებას. Insight-ის ბოლო გამოკითხვის თანახმად, დასაქმებულთა 75%-ს სჯერა, რომ ინვესტიცია AI-ზე მომუშავე მოწყობილობებში მათ დამსაქმებელს დაეხმარება კონკურენტუნარიანობის შესანარჩუნებლად, ხოლო იგივე რაოდენობის ადამიანები (73%) მოელიან, რომ მისი დახმარებით უფრო პროდუქტიულები გახდებიან.
მიუხედავად იმისა, რომ გენერაციული AI არის წარმოუდგენლად სასარგებლო ინსტრუმენტი, ის არ არის სწრაფი გამოსავალი ნებისმიერ შემთხვევაში. თანამშრომლებს უნდა ჰქონდეთ რეალისტური მოლოდინები ხელოვნური ინტელექტის შესაძლებლობების შესახებ და შეიარაღებული უნდა იყვნენ მკაფიო ცოდნით, თუ როგორ გამოიყენონ ტექნოლოგია.
თანამშრომლების გადაღლა მუდმივი ცვლილების ფონზე
ზოგადად, თანამშრომლები მზად არიან, აითვისონ ხელოვნური ინტელექტი. მაგრამ უახლესი AI ანგარიშები ცხადყოფს, რომ ბევრი დასაქმებული გრძნობს შფოთვას (13%) ან შიშს (11%) სამსახურში გენერაციული AI-ის გამოყენების გამო. ეს ნიშნავს, რომ ადამიანების ჩვევებისა და მოქმედებების გარკვეული პარადიგმის შეცვლა მარტივი ამოცანა არ არის. ამას დრო და ძალისხმევა სჭირდება.
დასაქმებულთა თითქმის ორ მესამედს (64%) სჯერა, რომ AI-ზე მომუშავე მოწყობილობები შეცვლიან კრიტიკულ უნარებს, რომლებიც საჭიროა სამუშაოს შესასრულებლად. რაც მთავარია, ისინი მოელიან, რომ დამსაქმებელი შესთავაზებთ ტრენინგს თუ როგორ შეისწავლონ ის ინსტრუმენტები, რომელთა გამოყენებასაც მათი ორგანიზაცია გეგმავს.
ტექნოლოგიების გამოყენებასთან ერთად ძალიან ფხიზლად უნდა ვიყოთ, რათა დავიცვათ და გავაძლიეროთ ჩვენი გუნდის წევრები. მხოლოდ ამის შემდეგ შეგვიძლია ადეკვატურად გამოვიყენოთ გენერაციული AI-ის სრული ძალა.