in

როგორ ცვლის ხელოვნური ინტელექტი ბავშვის აღზრდას

ხელოვნური ინტელექტის სფეროში დასაქმებული პროფესიონალებისთვის ტექნოლოგიური მიდგომები ხშირად ყოველდღიურ ცხოვრებასა და ოჯახურ რუტინაშიც იჭრება. სან-ფრანცისკოში მომხდარმა ერთმა შემთხვევამ, როდესაც პროგრამულმა ინჟინერმა ახალშობილისთვის წიგნის წაკითხვის ნაცვლად საკუთარი ხმით გაწვრთნილი ხელოვნური ინტელექტის მოდელის გამოყენების იდეა გააჟღერა, ინტერნეტში მწვავე დისკუსია გამოიწვია.

იდეამ, რომლის მიხედვითაც ჩვილისთვის ზღაპრის წაკითხვის რუტინა ალგორითმით უნდა ჩანაცვლებულიყო, სოციალურ ქსელებში 4.5 მილიონი ნახვა და უამრავი კრიტიკული შეფასება დააგროვა. საზოგადოების ნაწილმა ეს ნაბიჯი ტექნოლოგიური ენთუზიაზმის უარყოფით გამოვლინებად შეაფასა და აღნიშნა, რომ მსგავსი ავტომატიზაცია ადამიანებს უახლოეს პირებთან ურთიერთობისგან აუცხოებს. გამოითქვა მოსაზრებებიც, რომ პროცესების გაციფრულება იმ ემოციურ გამოცდილებას ართმევს მშობლობას, რაც ცხოვრების უმთავრეს ღირებულებას წარმოადგენს.

მართალია, ავტორმა საკუთარი პოზიცია იმით ახსნა, რომ რუტინული საქმის ავტომატიზაცია ბავშვთან უშუალო თამაშისა და ზრუნვისთვის მეტ დროს ტოვებს, საზოგადოებრივმა რეაქციამ მას პოსტის წაშლა და ძველ მეთოდებთან დროებით დაბრუნება აიძულა. თუმცა ეს შემთხვევა ცალკეულ ექსცესს არ წარმოადგენს და თანამედროვე მშობლობაში ტექნოლოგიების შეჭრის მასშტაბურ ტენდენციას ასახავს.

ხელოვნური ინტელექტი თანამედროვე მშობლის სამსახურში

მიუხედავად იმისა, რომ აღზრდის პროცესის გადაჭარბებული გაციფრულება ხშირად კრიტიკის სამიზნე ხდება, მშობლები ხელოვნურ ინტელექტს სულ უფრო აქტიურად ენდობიან. ჩიკაგოს ბავშვთა საავადმყოფოს მკვლევართა მიერ ჩატარებულმა გამოკითხვამ აჩვენა, რომ მშობლების 81% ტექნოლოგიას ბავშვის მოვლასთან დაკავშირებული ამოცანების შესასრულებლად იყენებს, ხოლო 90% მიიჩნევს, რომ ალგორითმები აღზრდის პროცესს საგრძნობლად ამარტივებს.

გამოკითხულთა თითქმის მესამედმა – 31%-მა – აღიარა, რომ გადაწყვეტილების მიღებისას საკუთარ მშობლის ინსტინქტებზე მეტად ხელოვნური ინტელქტის რჩევებს ენდობა. ამ ჯგუფიდან 30% სისტემას ჯანმრთელობის საკითხებზე ეკითხება რჩევას, ხოლო 26% – ემოციური მხარდაჭერისა და ქცევის მართვის მიმართულებით.

კვლევითი კომპანია YouGov-ის მონაცემებიც ამტკიცებს, რომ მშობლები ზრდასრულთა საშუალო მაჩვენებელზე გაცილებით ხშირად მიმართავენ ტექნოლოგიას პირადი ხასიათის რჩევებისთვის. ამერიკაში არასრულწლოვანი შვილების მქონე მშობელთა 39% ხელოვნურ ინტელექტს პირად თემებზე ეთათბირება, მაშინ როდესაც ზრდასრულთა შორის ეს მაჩვენებელი მხოლოდ 25%-ს შეადგენს. მშობლების 50% ტექნოლოგიას ჯანმრთელობის შესახებ კონსლტაციებისთვის იყენებს, ხოლო 34% საშინაო დავალებების მომზადებაში დამხმარედ იყენებს.

ეს ტენდენცია მიუთითებს, რომ ხელოვნური ინტელექტი თანამედროვე საოჯახო დინამიკის განუყოფელი ნაწილი ხდება. მთავარ გამოწვევად კი რჩება ზღვარი ტექნოლოგიურ დამხმარე ინსტრუმენტებსა და იმ ცოცხალ, ადამიანურ კავშირს შორის, რომლის ალგორითმით ჩანაცვლებაც შეუძლებელია.

წყარო: Fastcompany

Nutella-ს ბრენდი Super Bowl-ზე რეკლამას განათავსებს

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ და ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტომ „თუმო ქუთაისი“ გახსნეს