ხელოვნურ ინტელექტს ხელმძღვანელები ხშირად აღიქვამენ რესურსად, რომელიც თანამშრომლების პერფორმანსს აუმჯობესებს. თუმცა, არსებობს ერთი დიდი და ნაკლებად გაშუქებული საფრთხე: ტექნოლოგიამ შეიძლება კომპანიის ინდივიდუალური დნმ გაანადგუროს. ის ორგანიზაციებს სტანდარტულ შაბლონებში აქცევს და ძირს უთხრის ზუსტად იმ სისტემებს, რომელთა გაუმჯობესებასაც ემსახურება. ამ სცენარში კომპანიები უფრო ავტომატიზებულები ხდებიან, მაგრამ კარგავენ ადაპტაციის უნარს. ისინი ეყრდნობიან მეტ მონაცემს, მაგრამ ხდებიან ნაკლებად გონიერები. ამავდროულად, იზრდება მათი ეფექტურობა, მაგრამ თანამშრომლებისა და კლიენტების თვალში კარგავენ ლეგიტიმაციას. არსებობს მიმართულებები, სადაც ტექნოლოგია კომპანიის შესაძლებლობებს ანადგურებს და ლიდერებმა ამ პრობლემების მოგვარების გზები უნდა იცოდნენ.
ადამიანები წყვეტენ ფიქრს
ხელოვნური ინტელექტის სისტემები ქმნიან მძლავრ ილუზიას. მათი პასუხები გამართული, თავდაჯერებული და ხშირად ძალიან დამაჯერებელია. სწორედ ეს სრულყოფილება იწვევს კოგნიტურ მოდუნებას – ადამიანები წყვეტენ ღრმად ფიქრს, რადგან მანქანა ისედაც კომპეტენტური ჩანს. ბიზნესისთვის მთავარი მახე ის არის, რომ როცა თანამშრომლები ტექნოლოგიას ზედმეტად ეყრდნობიან ანალიზის შედგენისას, პრობლემების დიაგნოსტირებისას ან გადაწყვეტილებების შეთავაზებისას, მათი უნარები ქვეითდება. ბიზნესი კარგავს გამოცდილებით მიღებულ განსჯის უნარს, განსაკუთრებით კი იმ ფარულ ცოდნას, რომელიც პრაქტიკული მუშაობისას ერთი ადამიანიდან მეორეს გადაეცემა. გრძელვადიანი რისკი შეუმჩნეველი, მაგრამ მძიმეა – კომპანია შეიძლება ტექნოლოგიურად განვითარებული ჩანდეს, მაგრამ ჩუმად კარგავდეს იმ ექსპერტიზას, რომელიც ინოვაციისთვის, კრიზისებზე რეაგირებისა და კონკურენციისთვისაა საჭირო.
გამოავლინეთ კრიტიკული ადამიანური შესაძლებლობები.
სანამ ტექნოლოგიას მთავარ სამუშაო პროცესებში დანერგავთ, ზუსტად განსაზღვრეთ, რომელი ადამიანური უნარების დაკარგვას ვერ შეეგუება თქვენი კომპანია კონკურენტუნარიანობის შესანარჩუნებლად. გარკვეული უნარები ავტომატურად არ ვითარდება. მათ შორისაა გაურკვევლობის პირობებში გადაწყვეტილების მიღება, სისტემური აზროვნება, ეთიკური საკითხების ამოცნობა და ინტერპრეტაციული მსჯელობა – ანუ შესაძლებლობებისა და გამოწვევების არჩეული სტრატეგიის პრიზმაში დანახვა. ეს უნარები მხოლოდ მათი გამოყენებით ვითარდება და ნარჩუნდება.
ამის კარგი მაგალითია ერთ-ერთი სატელეკომუნიკაციო კომპანია, რომელმაც შეამჩნია, რომ საშუალო რგოლის მენეჯერები საკუთარი სტრატეგიული რეკომენდაციების შემუშავების ნაცვლად, სულ უფრო ხშირად ეყრდნობოდნენ ალგორითმის მიერ გენერირებულ სცენარებს. კომპანიის დაგეგმარების გუნდები უბრალოდ ალგორითმის შემსრულებლებად იქცნენ – ისინი წარმოადგენდნენ გენერირებულ სამ ვარიანტს, მაგრამ ვერ ხსნიდნენ, რატომ იყო ერთი მეორეზე უკეთესი. საპასუხოდ, კომპანიამ შემოიღო წესი, რომლის მიხედვითაც, გუნდებს სტრატეგიულ კითხვებზე პასუხის გაცემა ჯერ მხოლოდ საკუთარ გამოცდილებასა და განსჯაზე დაყრდნობით უწევდათ და მხოლოდ ამის შემდეგ შეეძლოთ ტექნოლოგიის გამოყენება. ამან უზრუნველყო, რომ კომპანიამ შეინარჩუნა ისეთი კრიტიკული ფუნქციები, როგორიცაა ბაზრის ტენდენციების ამოცნობა და გრძელვადიანი დაგეგმვა, მაშინაც კი, როცა რუტინულ ანალიზს ტექნოლოგია ასრულებდა.
წესები სისტემებში იმალება
ყველა ორგანიზაციაში არსებობს წესებად ქცეული მორალური არჩევანი – ვის რა რესურსი ერგება, ვინ ითვლება წარმატებულად, ვისი მოთხოვნა კმაყოფილდება და ვისი – არა. ადრე, ეს წესები ხილვადი იყო. სწორედ ასე ინარჩუნებს ბიზნესი ლეგიტიმაციას და ერგება ცვალებად გარემოს. ეს გადაწყვეტილებები მიიღება ისეთ სტრუქტურებში, რომლებიც სპეციალურად არის შექმნილი კონფლიქტების გამოსავლენად, მსჯელობისთვის და პასუხისმგებლობების გასანაწილებლად. მაგალითად, საკრედიტო კომიტეტები მხოლოდ სესხებს კი არ ამტკიცებენ, არამედ მსჯელობენ სტანდარტებზე და ავითარებენ დაკრედიტების ფილოსოფიას. დაწინაურების კომიტეტები მხოლოდ პერფორმანსს კი არ აფასებენ, არამედ ადგენენ დამსახურების კრიტერიუმებს.
ხელოვნური ინტელექტი ამ დინამიკას ცვლის და ამ სუბიექტურ გადაწყვეტილებებს ტექნიკურ სისტემებში მალავს. ის, რაც ადრე ღია მსჯელობას მოითხოვდა, ახლა ავტომატურად ხდება, ხშირად დიდი მასშტაბითა და სისწრაფით. გადაწყვეტილებების მორალური მხარე მოდელებისა და ოპტიმიზაციის ფუნქციების მიღმა იკარგება. ადამიანური განსჯის ალგორითმით ჩანაცვლება აჩენს რისკს, რომ კომპანიამ შეიძლება დაკარგოს კურსის კორექტირების უნარი მაშინ, როცა პოლიტიკა ან წამახალისებელი სისტემები არასწორი მიმართულებით წავა.
დაიცავით სტრუქტურები, რომლებიც უზრუნველყოფს ექსპერტიზას
თქვენი ყველაზე ღირებული შესაძლებლობები იქმნება იერარქიებში ჩადებული ორგანიზაციული ცოდნით და არა მხოლოდ ინდივიდუალური პერფორმანსით. ამ დამოკიდებულებების მკაფიოდ ასახვა და ცოდნის ერთი საფეხურიდან მეორეზე გადაცემის პროცესის დოკუმენტირება აუცილებელია იმის შესაფასებლად, ხომ არ აქცევს ტექნოლოგია რთულ გადაწყვეტილებებს ერთგვაროვან შაბლონად.
ბიზნესი მხოლოდ წესებისა და სამუშაო პროცესების სისტემა არ არის. ის ასევე სოციალური სტრუქტურაა, რომელიც აშენებულია ნდობაზე, ურთიერთგაგებასა და საერთო მიზანზე. კომპანიის კულტურის ეს თვისებები იქმნება ადამიანური ინტერაქციისას, რომელიც ზოგჯერ თანამშრომლობითია, ზოგჯერ კი – კონფლიქტური. ტექნოლოგია ამ ქსოვილს ორი გზით ემუქრება. პირველ რიგში, ის აქრობს ინტერაქციას, რომელიც ადრე პრობლემების ერთობლივად გადაჭრას მოითხოვდა. ვარიანტების განხილვის, კომპრომისებზე მოლაპარაკების ან წარუმატებლობის ერთობლივი დიაგნოსტირების ნაცვლად, ადამიანები სულ უფრო ხშირად იყენებენ პერსონალიზებულ ინსტრუმენტებს და პირად პასუხებს იღებენ. მეორე მხრივ, როდესაც გადაწყვეტილებები გაუმჭვირვალე ალგორითმებიდან მოდის, ავტორიტეტის ტრადიციული წყაროები – აღმასრულებლები და მენეჯერები – ნდობას კარგავენ. თანამშრომლებს უჭირთ იმის გაგება, თუ ვინ არის პასუხისმგებელი და რა საფუძველზე მიიღება გადაწყვეტილებები.
წყარო: HBR













