in

რა გავლენა შეიძლება მოახდინოს AI-მ კინოინდუსტრიაზე

კინემატოგრაფია ის დარგია, რომელიც ჯერ კიდევ მაშინ გვიჩვენებდა ხელოვნური ინტელექტის შესაძლებლობებს, როდესაც პრაქტიკაში მისი გამოყენება ასეთი პოპულარული არ იყო. დღეს კი კინოსამყარო დგას იმ საფრთხის წინაშე, რომელიც სხვა ინდუსტრიებსაც აშფოთებს – რამდენად ჩაერევა ხელოვნური ინტელექტი მის საქმეში და როგორ გავლენას იქონიებს მასზე.

ამასთან დაკავშირებით ჰოლივუდში რომ შფოთავენ, ცოტა ხნის წინანდელმა გაფიცვებმაც დაადასტურა, როცა მსახიობები და სცენარისტები გაერთიანდნენ საავტორო უფლებებისა და ანაზღაურების გაზრდის მოთხოვნით. ერთ-ერთი საკითხი, რომელიც ორივე ბანაკს განსაკუთრებით აწუხებდა, იყო ხელოვნური ინტელექტის გამოყენება ფილმების წარმოებაში.

The WGA (Writers Guild of America) და სტუდიები შეთანხმდნენ პირობებზე, რომლებიც საშუალებას აძლევთ, AI გამოიყენონ როგორც წერის ინსტრუმენტი, მაგრამ ის არ შეიძლება გამოყენებულ იქნეს თანამშრომლის ჩასანაცვლებლად. თავის მხრივ, პირობა ითვალისწინებს მსახიობების უფლებების დაცვასაც, როცა ხელოვნური ინტელექტით მათი რეპლიკის გამოყენება ხდება.

თუმცა AI-ს აქვს პოტენციალი, რომ ბევრად მეტი ფუნქცია შეიძინოს ამ ინდუსტრიაში, ვიდრე მხოლოდ წერის ხელსაწყოდ ყოფნა ან მსახიობის ხმის გამეორებაა. პრაქტიკულად, ხელოვნური ინტელექტის გამოყენება შესაძლებელია ფილმის გადაღების ყველა ასპექტში: გადაღების ადგილების დასათვალიერებლად, გრაფიკის შესაქმნელად და აუდიტორიის მონაცემებზე დაყრდნობით, მარკეტინგული სტრატეგიის შესამუშავებლადაც კი. AI-ს შეუძლია დიდი გავლენა მოახდინოს წინასწარ წარმოებაზეც, როგორიცაა დაგეგმვის პროცესი.

გარდა ჩამოთვლილისა, ხელოვნური ინტელექტის პროგრამებს შეუძლია, ერთდროულად სკრიპტი გააანალიზოს, ან მთლიანად ახალი სკრიპტი შექმნას. უშუალოდ გადაღების პროცესში კი, შესაძლოა, გამოყენებულ იქნეს ხელოვნური ინტელექტის კონტროლირებადი კამერის სისტემები, რომლებსაც აქვს სრულყოფილი სიზუსტე, იღებს ეფექტურად და ამცირებს ხარჯებს.

რაც შეეხება პოსტწარმოების ეტაპს, AI-ს შეუძლია, დაეხმაროს რეჟისორებსა და რედაქტორებს კადრების დახარისხებასა და ორგანიზებაში, მუსიკის წარმოებაში, ვიზუალური ეფექტებისა და კომპიუტერული გრაფიკის შექმნაში, არასასურველი ხმაურის რედაქტირებასა და ფერის ხარისხში.

მიუხედავად იმისა, რომ AI-ს აქვს წარმოების გამარტივების პოტენციალი, ასევე, არსებობს რისკი იმისა, რომ მან შეიძლება ჩაანაცვლოს გარკვეული როლები. მაგალითად, ხელოვნური ინტელექტის მქონე კამერებმა შეიძლება სამსახურის გარეშე დატოვონ ოპერატორები. ინდუსტრიის ლიდერებს კარგად ესმით ეს საფრთხეები, ამიტომ ნელ-ნელა მკვიდრდება ტენდენცია, რომ პერსონალმა ისწავლოს ხელოვნურ ინტელექტთან ერთად მუშაობა, რათა თავიდან აიცილოს ჩანაცვლების საფრთხე.

სწორი მიდგომითა და წესების დადგენით, AI-ს აქვს პოტენციალი, შეამციროს ფილმის წარმოების ხარჯები, გაზარდოს დაბალი ბიუჯეტის მქონე ფილმების შესაძლებლობები და შექმნას გაცილებით მეტი ხელოვნების ნიმუში.

„თამაშობანას“ ახალი CEO ჰყავს – თათია რევაზიშვილი ბრენდის განახლებაზე გვიყვება

200 მოსწავლე, 30 სტიპენდიატი – საქართველოს ბანკის და კომაროვის STEM სკოლაში მეოთხე ნაკადზე სწავლა დაიწყო