in

რატომ წყვეტს ლიდერის შინაგანი განწყობა ყველაფერს AI ეპოქაში

Lenovo
Lenovo

ხელოვნური ინტელექტი ბიზნესის ტრანსფორმაციას უპრეცედენტო სისწრაფით აჩქარებს, მმართველი რგოლი კი ამ ტემპს ხშირად ჩამორჩება. ორგანიზაციების ადამიანური რესურსებისა და ტალანტების მართვის ხელმძღვანელებს შორის ჩატარებული გამოკითხვა აჩვენებს, რომ რესპონდენტთა მხოლოდ 25% გამოხატავს რწმენას საკუთარი კომპანიის ლიდერების უნარში, წარმატებით მართონ პროცესები ახალ ეპოქაში. მხოლოდ 32% მიიჩნევს, რომ მენეჯმენტი შეძლებს კომპლექსურ გარემოში საჭირო შედეგების შენარჩუნებას. ამასთან, მთავარ დაბრკოლებად არა ტექნიკური უნარების დეფიციტი, შინაგანი თვისებები და ის აზროვნების ჩარჩო სახელდება, რომელიც განსაზღვრავს, როგორ რეაგირებს ადამიანი წნეხსა და ცვლილებებზე. ბიზნესში დღეს გადამწყვეტი ის კი არ გახდება, როგორია სტრატეგია ქაღალდზე, რამდენად ახერხებს ხელმძღვანელი ყურადღების შენარჩუნებას ინფორმაციულ ხმაურში.

ცოდნა და ტექნიკური გამოცდილება ტექნოლოგიის მომდევნო ტალღის გამოჩენისთანავე შესაძლოა მოძველდეს. სტრატეგიული დაგეგმვა, საოპერაციო მართვა და ვიწრო დარგობრივი ცოდნა ძირეულ ტრანსფორმაციას განიცდის. საკონსულტაციო კომპანიების გლობალური კვლევების მიხედვით, ათიდან შვიდი ბიზნესლიდერი უახლოესი სამი წლის მთავარ კონკურენტულ სტრატეგიად სისწრაფესა და მოქნილობას ასახელებს. მართვის ახალი წესები წნეხის ქვეშ სწრაფ რეაგირებასა და შემოქმედებით აზროვნებას ეფუძნება.

სწორედ აქ ერთვება აზროვნების განწყობა. ახალი ქცევის დამკვიდრება ნიშნავს იმ ფარულ დაშვებებზე, რწმენებსა და გამოცდილებაზე ფოკუსირებას, რომლებიც ადამიანის რეაქციებს განაპირობებს. როდესაც აზროვნება უცვლელი რჩება, დიდი ძალისხმევის მიუხედავად, ორგანიზაცია ინერციით მაინც ძველ გზას უბრუნდება, ხოლო შინაგანი ხედვის შეცვლა ახალ ქცევას ბუნებრივსა და მდგრადს ხდის.

გონებრივი სიცხადე

გაურკვევლობასთან შეგუებაზე საუბარი მარტივია, თუმცა რეალობაში მენეჯერები მიჩვეულნი არიან პრობლემების დაუყოვნებლივ მოგვარებას, სიტუაციის გაკონტროლებასა და წინასწარ დაგეგმვას. მუდმივად ცვალებად გარემოში მზა და ერთმნიშვნელოვანი პასუხების ძიება პირდაპირი გზაა ყურადღების გაფანტვისა და გადაწვისკენ. წნეხის ქვეშ მყოფი მმართველები ხშირად თავდაცვით პოზიციას ირჩევენ – თავს ხრიან, აკეთებენ იმას, რაც ყოველთვის იცოდნენ, და იმედოვნებენ, რომ პრობლემა თავისით გაივლის.

ალტერნატივა გონებრივი სიცხადის მიღწევაა, სადაც მთავარი მიზანი არა ყველა კითხვაზე პასუხის ქონა, მშვიდი და მოქნილი გონებაა. ამ დროს ლიდერი თავისუფლდება ყველაფრის დაუყოვნებლივ გადაჭრის იმპულსისგან, ამჩნევს მთავარ სიგნალებს ხმაურში და გადაწყვეტილებებს მეტი სიზუსტით იღებს. ამის მიღწევა შესაძლებელია მნიშვნელოვანი შეხვედრის ან პროექტის დაწყებამდე საკუთარი განზრახვის მკაფიოდ ჩამოყალიბებით და იმის გააზრებით, თუ რა არის რეალურად უმნიშვნელოვანესი მოცემულ მომენტში.

ძიება და კვლევა

ხელოვნური ინტელექტი წლობით დაგროვილი ვიწრო ექსპერტული ცოდნის კონკურენტულ უპირატესობას ამცირებს. პროფესიონალებისთვის რთულია იმ გამოცდილების გადაფასება, რაც აქამდე მათ სტატუსსა და ავტორიტეტს განაპირობებდა. თუმცა, როდესაც კონკრეტული ცოდნის ფასი იკლებს, ცნობისმოყვარეობის, კრიტიკული აზროვნებისა და საკუთარი დაშვებების ეჭვქვეშ დაყენების მნიშვნელობა მკვეთრად იზრდება.

ემოციების გააზრება

ტექნოლოგიური ტრანსფორმაციის ფონზე სამუშაო გარემო სულ უფრო ემოციური ხდება, სადაც შფოთვა და გაუცხოება იმატებს. ამის მიუხედავად, ლიდერებს უჭირთ ემოციურ დინამიკასთან პირისპირ შეხვედრა. კვლევების თანახმად, ხელმძღვანელთა მხოლოდ 12% აფასებს საკუთარ თავს ემოციების მართვაში მაღალკვალიფიციურად, თანამშრომელთა კი მხოლოდ 10% ფიქრობს ასე საკუთარ მენეჯერზე.

წლების განმავლობაში პროფესიონალიზმი ემოციებისგან დისტანცირებასთან იყო გაიგივებული. თუმცა განცდების იგნორირება ორგანიზაციას ართმევს წვდომას უმნიშვნელოვანეს ინფორმაციაზე – წინააღმდეგობაზე, ნდობის დაკარგვასა და მოტივაციის დაქვეითებაზე, რასაც მშრალი მონაცემები ვერ ასახავს. ემოციური ინტელქტის განვითარება ლიდერს ეხმარება რთული დიალოგების წარმართვაში და გუნდთან რეალური კავშირის შექმნაში. როდესაც სამუშაო ადგილების შესაძლო შემცირების გამო შფოთვა იმატბს, საუბრისგან თავის არიდება გაუცხოებას მხოლოდ აღრმავებს. საჯარო შეხვედრებზე თანამშრომელთა წუხილის ღიად აღიარება, მაშინაც კი, როდესაც სრული გარანტიები არ არსებობს, გუნდში ერთიანობისა და ნდობის განცდას აღადგენს.

შინაგანი ცვლილების ოთხი ნაბიჯი

აზროვნების განწყობები ხშირად ქვეცნობიერ დონეზე მოქმედებს, ამიტომ მათი შეცვლა ავტომატური რეაქციების მიზანმიმართულ შეჩერებას მოითხოვს.

პირველი ეტაპი პაუზაა, როდესაც ადამიანი ჩერდება და აკვირდება საკუთარ პირველად იმპულსს, იქნება ეს გადაწყვეტილების ნაჩქარევად მიღება თუ ვინმესთვის პასუხისმგებლობის გადაბარება. ამას მოსდევს გაცნობიერება, სადაც ხდება იმ შიშებისა და დაშვებების ამოცნობა, რომლებიც ამ რეაქციის უკან დგას. შემდეგი ნაბიჯი მიმართულბის შეცვლაა, როდესაც თანამშრომელი ბრალდების ნაცვლად ცნობისმოყვარეობას ირჩევს და ვითარებას განსხვავებული კუთხით აფასებს. საბოლოო ეტაპი კი ამ მცირე გარდაქმნების ყოველდღიური პრაქტიკაა, რაც დროთა განმავლობაში ახალ, მყარ ჩვევად გარდაიქმნება.

წყარო: HBR

Disney-ს ახალი ანიმაციის მთავარი გმირი ლიონელ მესია

პირადი გამოცდილებიდან REBNY-სთან პარტნიორობამდე – როგორ ქმნის TBI Listings ემიგრანტებისთვის ციფრულ ეკოსისტემას აშშ-ში