ChatGPT-ს, Gemini-ს, Claude-ისა და სხვა ჩატბოტების უკან მდგომი ხელოვნური ინტელექტის მოდელები უზარმაზარი მოცულობის მონაცემებზეა გაწვრთნილი, მათ შორის წიგნებზე, სტატიებზე, აკადემიურ ნაშრომებსა და ინტერნეტში გამოქვეყნებულ სხვა მასალებზე. ამ პროცესში მრავალი ავტორის ნამუშევარი ისე გამოიყენეს, რომ მათგან არათუ თანხმობა არ მიუღიათ, არამედ საქმის კურსშიც არ ჩაუყენებიათ. პარალელურად კი, სწორედ ეს ტექნოლოგიები ცვლის იმ ადამიანების სამუშაო გარემოს სულ უფრო მეტად, რომელთა ნამუშევრებითაც AI-მოდელები იწვრთნება.
ერთი შეხედვით, ეს საავტორო უფლებების აშკარა დარღვევას ჰგავს, თუმცა სამართლებრივი სურათი გაცილებით კომპლექსურად გამოიყურება.
ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრეცედენტი გასულ წელს შეიქმნა, როდესაც Anthropic-ს მწერლების ჯგუფისთვის 1.5 მილიარდი დოლარის ოდენობის თანხის გადახდა დაეკისრა. თუმცა გადაწყვეტილებაში აღსანიშნავი ის იყო, რომ მოსამართლემ თავად AI-მოდელების გასაწვრთნელად წიგნების გამოყენება კანონიერად მიიჩნია. პრობლემა მხოლოდ Anthropic-ის მიერ წიგნების არალეგალური ონლაინბიბლიოთეკებიდან მოპოვება გახდა.
ამ გადაწყვეტილებამ AI-კომპანიებისთვის საკმაოდ მნიშვნელოვანი პრეცედენტი შექმნა: სასამართლომ AI-ს მიერ საავტორო უფლებებით დაცული მასალის შესწავლა უფრო მეტად შეადარა წიგნის წაკითხვას, ვიდრე მისი პირდაპირ კოპირებას. საავტორო უფლებების კანონმდებლობა კი ძირითადად კოპირების საკითხს არეგულირებს და არა იმას, თუ ვინ და როგორ „ეცნობა“ ნამუშევარს.
კანონი AI-ს ვერ ეწევა
პრობლემა ისიცაა, რომ კანონები უმეტესად მოძველებულია. მაგალითად, აშშ-შიც კი, საავტორო უფლებების მოქმედი კანონმდებლობა 1976 წლიდან არსებითად არ განახლებულა. შესაბამისად, სასამართლოებს უწევთ ნახევარი საუკუნის წინ შექმნილი სამართლებრივი პრინციპების გამოყენება ტექნოლოგიასთან მიმართებით, რომელიც იმ დროს წარმოუდგენელიც კი იყო.
სასამართლოები რამდენიმე ფაქტორს აფასებენ: რა მიზნით გამოიყენეს ნამუშევარი, რამდენად შეიცვალა მისი ფუნქცია ან ხასიათი, რა მოცულობის მასალა იქნა გამოყენებული და რა გავლენას ახდენს ეს გამოყენება ორიგინალური ნამუშევრის ბაზარზე.
სწორედ აქ ჩნდება ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი კითხვა: AI-მოდელი, უბრალოდ, სწავლობს სხვის ნამუშევარს თუ ამ ნამუშევრის გამოყენებით ისეთ პროდუქტს ქმნის, რომელიც მის ავტორს პირდაპირ კონკურენციას უწევს? ამ კითხვის პასუხი ჯერ საბოლოოდ დამტკიცებული არ არის.
AI-თ შექმნილი ნამუშევრები
AI-სა და საავტორო უფლებების ურთიერთობა მხოლოდ მოდელების გაწვრთნით არ შემოიფარგლება. ცალკე საკითხია თავად AI-თ გენერირებული კონტენტის საავტორო უფლებებით დაცვაც.
ჩნდება კითხვები: როგორ უნდა დადგინდეს, რამდენად იყო კონკრეტული ნამუშევარი ადამიანის მიერ შექმნილი? რა ხდება მაშინ, როდესაც ავტორი AI-ს მხოლოდ გარკვეულ ეტაპზე იყენებს? და რა მოცულობის ადამიანის შემოქმედებითი მონაწილეობაა საჭირო იმისთვის, რომ საბოლოო შედეგი საავტორო უფლებებით დაცულ ნამუშევრად ჩაითვალოს?
ეს პრობლემა თანამედროვე პროგრამულ ხელსაწყოებს რომ შევადაროთ, მაგალითად, ტექსტის Word-ში დაწერა და spell-check-ის გამოყენება არ ნიშნავს, რომ Microsoft ნამუშევრის ავტორი ან მფლობელია. თუმცა AI გაცილებით რთულ კითხვებს აჩენს, რადგან მას შეუძლია თავად შექმნას ტექსტის, გამოსახულების ან სხვა შემოქმედებითი პროდუქტის მნიშვნელოვანი ნაწილი, ამიტომ საბოლოო პასუხი ჯერ ამაზეც არ არსებობს.
AI-კომპანიების უმეტესობა ამ საკითხებთან დაკავშირებულ სამართლებრივ დავებში ჯერ კიდევ ჩართულია. შესაბამისად, უახლოეს მომავალში ერთიანი და საბოლოო პასუხი იმაზე, თუ სად გადის ზღვარი AI-ს სწავლებასა და საავტორო უფლებების დარღვევას შორის, ნაკლებად სავარაუდოა.
საბოლოოდ, სწორედ ამ მრავალრიცხოვანი დავებისა და გადაწყვეტილებების დაგროვება განსაზღვრავს, როგორ ჩამოყალიბდება AI-სა და საავტორო უფლებების სამართლებრივი ჩარჩო.
ერთი რამ კი უკვე ნათელია – ხელოვნური ინტელექტის განვითარება საავტორო უფლებების კანონმდებლობას ბევრად უფრო სწრაფად ცვლის, ვიდრე თავად კანონები ახერხებს ტექნოლოგიისთვის ფეხის აწყობას.













