in

ხელოვნურმა ინტელექტმა დაბერების საწინააღმდეგო მოლეკულას მიაგნო

ახალი სამკურნალო პრეპარატების შექმნა საკმაოდ შრომატევად პროცესთანაა დაკავშირებული, რაც წლობით იწელება — პირველადი ცდებით დაწყებული, დამზადება-ტესტირება და საბოლოოდ ავტორიზაციის მიღებით დასრულებული. თუმცა ინდუსტრიაში ხელოვნური ინტელექტი გამოჩნდა, რომელსაც ამ ყველაფრის დაჩქარება და საჭირო ფინანსების შემცირებაც შეუძლია.

M2
M2

ამჯერად ედინბურგის უნივერსიტეტის გენეტიკისა და მოლეკულური ბიოლოგიის ინსტიტუტის მკვლევარმა ვანესა სმერ-ბარეტომ, თავის კოლეგებთან ერთად, სწორედ მანქანათმცოდნეობის ტექნოლოგია გამოიყენა, რათა დაბერების პროცესის შესანელებელი და ასაკთან დაკავშირებული დაავადებების აღმომფხვრელი პრეპარატისთვის მიეკვლიათ. ამ პროცესში ე. წ. სენოლითიკების სახელით ცნობილ მოლეკულებზე ფოკუსირდნენ, რომლებიც დაბერებულ უჯრედებს ხოცავს — ისეთებს, რომლებიც მეტაბოლურად აქტიურია, მაგრამ გამრავლების უნარი სრულად დაკარგული აქვს.

ზოგადად, დაბერებული უჯრედების რაოდენობის ზრდა სხვადასხვა ტიპის დაავადებასთანაა დაკავშირებული — მათ შორის მე-2 ტიპის დიაბეტთან, კოვიდთან, ფილტვების ფიბროსთან, ოსტეოართრიტთან და კიბოსთან. ამის გათვალისწინებით, აღნიშნული უჯრედების შემცირება დადებითად აისახება ადამიანის ორგანიზმზე და მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს ცხოვრების ხარისხს. ლაბორატორიაში თაგვებზე ჩატარებული კვლევების მიხედვით, სენოლითიკების მეშვეობით დაბერებული უჯრედების მოსპობა ამ დაავადებათა განვითარების რისკს ამცირებს.

პოტენციური სარგებლის გათვალისწინებით, ვანესა სმერ-ბარეტომ და მისმა კოლეგებმა მანქანური მოდელების გაწვრთნა გადაწყვიტეს, რომელიც სენოლითური პრეპარატის შექმნაზე იზრუნებდა. საწყის ეტაპზე მოდელს ცნობილი და უცნობი სენოლითიკების სია მიაწოდეს, რათა მას მსგავსი მოლეკულების იდენტიფიცირება შესძლებოდა. საბოლოოდ, AI მოდელმა 21 ყველაზე მაღალი ქულის მქონე მოლეკულა გამოავლინა — კვლევების ჩატარების შემდეგ კი გაირკვა, რომ მათგან სამს (პერიპლოცინი, ოლეანდრინი და გინკგეტინი) დაბერებული უჯრედების განადგურება შეუძლია. დამატებითმა ექსპერიმენტებმა სამს შორის ფავორიტიც (ოლეანდრინი) გამოავლინა, რომელიც ყველაზე ეფექტიანად უმკლავდებოდა დავალებას.

სამომავლოდ მეცნიერების მიზანია, ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებული სამედიცინო სფერო განავითარონ — მაღალი ხარისხის მონაცემების მიწოდებით, მსგავს სისტემებს შეუდარებელი სამსახურის გაწევა შეუძლია. ხოლო აღნიშნულ მიგნებას როგორ გამოიყენებენ, ამას მალე შევიტყობთ.

შენ სუფთა ჰაერი ისუნთქე, კონდიციონერს კი Pneuma გაგიწმენდს

როგორ მოველაპარაკოთ დამსაქმებელს სამსახურის პირობებზე? — 15 წესი