in

როგორ შეცვლის AI ონლაინ გაცნობის აპლიკაციების გამოცდილებას

Lenovo
Lenovo

ცოტა ხნის წინ, ახალი გაცნობის აპლიკაცია, Known გაეშვა, რომელსაც ამბიციური მიზანი აქვს: გახადოს პაემნების სამყარო უფრო მეტად დაფუძნებული ხელოვნურ ინტელექტზე. ეს არის უახლესი დასტური იმისა, რომ „დეითინგ“ ინდუსტრიის მომავალი არა მეჩების რაოდენობის ზრდაში, არამედ მათ ხარისხშია.

დავივიწყოთ „სვაიპი“. სტენფორდის უნივერსიტეტის ყოფილი სტუდენტების, სელესტ ამადონისა და აშერ ალენის მიერ შექმნილი Known სრულიად განსხვავებულ მოდელს გვთავაზობს. აქ მომხმარებლები ესაუბრებიან ხმოვან AI-ასისტენტს, რომელიც მათ ინტერვიუს უტარებს, არკვევს მათ ინტერესებსა და ღირებულებებს. შემდეგ კი, კომპანიის შიდა მოდელი, რომელიც თავსებადობისა და „ქიმიის“ კვლევებზეა დაფუძნებული. მომხმარებელს არჩევს ერთ (და მხოლოდ ერთ) პოტენციურ კანდიდატს. მეტიც, აპლიკაცია თავად ზრუნავს გაცნობის პერსონალიზებულ დეტალებზე და რესტორნის დაჯავშნაშიც კი გეხმარებათ.

დამფუძნებლების ხედვით, ტექნოლოგია მათ საშუალებას აძლევს, დაინახონ ადამიანები მთელი მათი ნიუანსებით და იპოვონ ისინი, ვინც სავარაუდოდ კარგად გაუგებენ ერთმანეთს. ეს პროცესი არ ეფუძნება მშრალ პრინციპებს. რა თქმა უნდა, არის სტანდარტული კითხვები ასაკსა თუ საცხოვრებელ ადგილზე, მაგრამ დანარჩენი პროცესი მთლიანად მომხმარებლის ნარატივს მიჰყვება.

ყველაზე საინტერესო კი ბიზნესმოდელის ცვლილებაა. როგორც Known-ში განმარტავენ, მათი მთავარი განსხვავება დიდ მოთამაშეებთან შედარებით მოტივაციაშია: ისინი აგებულნი არიან იმაზე, რომ მომხმარებელი რეალურ პაემანზე წავიდეს, მაშინ როცა სხვა აპლიკაციები ცდილობენ, რაც შეიძლება დიდხანს შეგინარჩუნონ პლატფორმაზე, რადგან მათი შემოსავალი გამოწერებზეა დამოკიდებული. Known-ის შემთხვევაში მომხმარებელი იხდის უშუალოდ პაემნის დაგეგმვისთვის და არა აპლიკაციის ფუნქციებით სარგებლობისთვის, როგორც ეს Tinder-ის შემთხვევაშია.

ინდუსტრია გარდატეხის ეტაპზეა. როგორც ახალბედა, ისე გამოცდილი პლატფორმები აქტიურად ნერგავენ AI ფუნქციებს. მაგალითად, Hinge-ის დამფუძნებელი ჯასტინ მაკლეოდი გეგმავს Overtone-ის გაშვებას, რომელიც უახლეს AI შესაძლებლობებს ადამიანური ურთიერთობების სირთულეებთან აკავშირებს. ბაზარზე გამოჩნდა Rizz-იც – AI ასისტენტი, რომელიც ადამიანებს უხერხული ციფრული საუბრების მართვას ასწავლის.

დიდი კომპანიებიც არ ჩამორჩებიან ტენდენციას. Match Group (Tinder-ის, OkCupid-ისა და Hinge-ის მფლობელი) აქტიურად ეძებს მანქანური სწავლების სპეციალისტებს და აცხადებს, რომ მათი პრიორიტეტი ნდობა და უსაფრთხოებაა. გასულ დეკემბერს Hinge-მა წარადგინა ფუნქცია, რომელიც გენერაციული AI-ს დახმარებით მომხმარებლებს პირველი შეტყობინების მიწერაში ეხმარება. მიზანი ნათელია: აქცენტი კეთდება ხარისხზე და არა რაოდენობაზე. ეს ლოგიკურიცაა იმ ფონზე, რომ პროფილების გაუთავებელი თვალიერებით დაღლილი მომხმარებლების რაოდენობა მცირდება – გასულ წელს Bumble-მა გამომწერთა 9%, ხოლო Match Group-მა 5% დაკარგა.

Known-ის შემთხვევაში კომუნიკაცია მთლიანად ხმოვანია. აპლიკაციამ შეიძლება გკითხოთ, სად გაიზარდეთ ან როგორ აღმოჩნდით ამჟამინდელ ქალაქში. სისტემა აკვირდება არა მხოლოდ შინაარსს, არამედ ტონსა და ინტონაციას, რაც შემდგომ მოდელის მონაცემთა ბაზაში ხვდება. მართალია, აპლიკაცია ჯერ ადრეულ ეტაპზეა, მაგრამ წარმატების ნიშნები უკვე სახეზეა: გასულ წელს 7000-მა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა ბეტა ტესტირებაში და, დამფუძნებლების თქმით, უკვე არსებობს წყვილები, რომლებიც ერთად დარჩნენ.

კომპანიამ ვენჩურული ფონდ Forerunner-ისგან 10 მილიონი დოლარის მოზიდვა შეძლო. რაც მთავარია, პროცესი შეხვედრით არ სრულდება – შეხვედრის შემდეგ აპლიკაცია მომხმარებლებთან „დებრიფინგს“ ატარებს, რათა გაიგოს, როგორ ჩაიარა შეხვედრამ. ეს უკუკავშირი სისტემას ეხმარება, დროთა განმავლობაში კიდევ უფრო ზუსტად გაიგოს, ვის ეძებთ სინამდვილეში.

წყარო: Fastcompany

რა უნდა ვიცოდეთ არითმიის დიაგნოსტიკასა და მკურნალობაზე? – ინტერვიუ თოდუას კლინიკის არითმოლოგთან

გაიგეთ, როგორ აღნიშნავს „სილქ ჰოსფითალითი” ვალენტინობის დღესასწაულს სასტუმროებსა და რესტორნებში