ნოტინგემის უნივერსიტეტის მეცნიერების კვლევის მიხედვით, ხელოვნურმა ინტელექტმა შესაძლოა, დიდი როლი ითამაშოს მედიცინაში. კერძოდ, მას შეუძლია ნაადრევი სიკვდილი იწინასწარმეტყველოს. ამის შესახებ ჟურნალ PLOS ONE-ის სპეციალურ გამოცემა – “Machine Learning in Health and Biomedicine-ში” გამოქვეყნებულ ნაშრომში ვკითხულობთ.
კვლევის ფარგლებში, ჯანმრთელობის მკვლევარებმა და ექიმებმა შექმნეს სისტემა, ალგორითმი, იმისათვის, რომ ნაადრევი სიკვდილის რისკები შეეფასებინათ. მკვლევართა გუნდმა გამოიყენა ნახევარ მილიონზე მეტი, 40-დან 69 წლამდე ასაკის ადამიანის მონაცემი, რომლებმაც მიმართეს გაერთიანებული სამეფოს ბიობანკს, 2006-დან 2010 წლამდე. საბოლოო დაკვირვება კი 2016 წელს გახდა შესაძლებელი. მაშინ, როცა მეცნიერებმა დაიწყეს ხელოვნური ინტელექტის მიერ მოცემულ წინასწარმეტყველებასა და გაერთიანებული სამეფოს გარდაცვალების სტატისტიკის მიმართების გაანალიზება.
მათ აღმოაჩინეს, რომ ხელოვნური ინტელექტი იყო გაცილებით ზუსტი ჯანმრთელობასთან, თუ ნაადრევ სიკვდილთან დაკავშირებული სხვადასხვა პროგნოზის გაკეთებისას, ვიდრე აქამდე არსებული ნებისმიერი სახის შეფასება.
კვლევის ხელმძღვანელმა, ეპიდემიოლოგიისა და მონაცემთა მეცნიერების პროფესორმა – სტეფენ ვენგმა თქვა: „პრევენციული ტიპის ჯანმრთელობაზე ზრუნვა სულ უფრო პრიორიტეტულ მიმართულებად იქცევა, მაშინ, როცა ვსაუბრობთ სერიოზულ დაავადებებთან ბრძოლის საჭიროებაზე. სხვადასხვა შემოწმება ფოკუსირებულია კონკრეტულ ორგანოზე, თუმცა, წინასწარ ვერასდროს ვიტყვით, სხეულის რომელ ნაწილში მიმდინარე დაავადებამ შეიძლება გამოიწვიოს ნაადრევი სიკვდილი. ორგანიზმი კომპლექსურად მოქმედებს და აქამდე არ შექმნილა მექანიზმი, რომელიც მთლიანი ორგანიზმის შემთხვევაში, ნაადრევი სიკვდილის რისკს გაზომავდა. ეს განსაკუთრებით ეხება გარემოსგან გამოწვეულ, თუ ინდივიდუალურ ფაქტორებს. ჩვენ შევძლელით ამ საკითხში წინ გადაგვედგა ნაბიჯი და ჭკვიანი მანქანის, ხელოვნური ინტელექტის მეშვეობით გვეწინასწარმეტყველა ამა თუ იმ ადამიანის ნაადრევი სიკვდილის რისკი“.
მეცნიერების მიერ შექმნილი ალგორითმი შეისწავლის ამა თუ იმ ადამიანის დემოგრაფიულ, ბიომეტრულ, კლინიკურ და ცხოვრების წესთან დაკავშირებულ ფაქტორებს. მაგალითად, იყენებს მონაცემს, თუ რამდენ ხილს ან ბოსტნეულს მიირთმევს კონკრეტული ადამიანი დღეში.
აღნიშნულ პროექტზე მუშაობისას, მეცნიერები დაეყრდნენ ნოტინგემის უნივერსიტეტის პროფესორების მიერ ჩატარებული ერთ-ერთი კვლევის შედეგს, რომლის მიხედვითაც, განსხვავებული AI ალგორითმები: ‘random forest’, ‘logistic regression’, ‘gradient boosting’ და ‘neural networks’, იყო მნიშვნელოვნად კარგი გზა კარდიოვასკულარული დაავადების წინასწარმეტყველებისთვის, ვიდრე ნებისმიერი სხვა, აქამდე არსებული პრევენციული გამოკვლევა.
ნოტინგემის უნივერსიტეტის მკვლევარები ვარაუდობენ, რომ ხელოვნური ინტელექტი ითამაშებს მნიშვნელოვან როლს მომავლის დიაგნოსტიკაში. მეცნიერების შემდეგი ნაბიჯები ადამიანების სხვა ჯგუფებზე, ხელოვნური ინტელექტის მეშვეობით იმავე კვლევის გამეორებასა და უფრო დახვეწას გულისხმობს. საბოლოო ჯამში კი, ნოტინგემის უნივერსიტეტის მეცნიერები ცდილობენ, მოძებნონ გზა და დანერგონ ხელოვნური ინტელექტის მიერ ნაადრევი სიკვდილის რისკების წინასწარმეტყველების პრაქტიკა პრევენციულ მედიცინაში.