შეუძლია, თუ არა ხელოვნურ ინტელექტს ადამიანის შრომის სრულად ჩანაცვლება? თანამედროვე ეპოქაში ეს კითხვა და ძირითადი აზრი, რომელსაც მის პასუხად ვისმენთ, დიდი პოპულარობით სარგებლობს. როგორც წესი, საკითხის განხილვისას AI-ს განმეორებადი, მექანიკური ამოცანების შესრულებაში დიდი უპირატესობა ენიჭება და ითვლება, რომ ამ მხრივ მას ადამიანის ჩანაცვლება სრულფასოვნად შეუძლია. თუმცა მას არ აქვს შემოქმედებითი უნარები, ეფექტური კომუნიკაციის მექანიზმები და სხვა შესაძლებლობები, რომელსაც ემოციური ინტელექტი სჭირდება. ამდენად, AI ჯერჯერობით ადამიანის შრომით შესაძლებლობებს კონკურენციას სრულად ვერ უწევს.
საინტერესოა, რა მოხდება თუ შედარების ნაცვლად, თითოეული მხარის უპირატესობებს საერთო საქმისკენ მივმართავთ და ჩვენი უნიკალური შრომითი შესაძლებლობების გაძლიერებას ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით შევეცდებით.
ემოციური გამოვლინებების, ბუნებრივი ენისა და ვიზუალური ინფორმაციის დამუშავების შესაძლებლობები, გაერთიანებული ლინგვისტიკასა და ფსიქოლოგიასთან, AI ალგორითმს საშუალებას აძლევს, ადამიანზე უკეთ აღმოაჩინოს და გაანალიზოს საუბრის ტონი, სახის გამომეტყველება, თვალის კონტაქტი, სხეულის ენა და სხვა ათობით ვერბალური თუ არავერბალური მახასიათებელი, რომელსაც მთლიანობაში კომუნიკაციაზე აქვს გავლენა.
თუ ნებას დართავთ წვდომა ჰქონდეს მომხმარებლის ხმაზე, ვიდეოსა თუ ტექსტზე, AI-ს შეუძლია, დაამუშაოს რთული, მოცულობითი, ხშირად ადამიანებისთვის დამაბნეველი ინფორმაცია და აღმოაჩინოს კომუნიკაციის ნიმუშები, რომელთაც მაღალი ეფექტურობა ახასიათებს. საბოლოოდ, ხელოვნურ ინტელექტს აქვს შესაძლებლობა, ადამიანებს დაეხმაროს ისეთ საქმიანობაში, რომელიც არა მექანიკურ ამოცანებთან, არამედ ემოციურ ინტელექტთან და კომუნიკაციის უნარებთანაა დაკავშირებული.
მკვლევრებმა ემოციური ინტელექტი განსაზღვრეს, როგორც სოციალური ინტელექტის ტიპი, რომელიც მოიცავს საკუთარი და სხვისი ემოციების მონიტორინგის უნარს და მიღებული ინფორმაციის მიხედვით ადამიანის აზროვნებასა და ქმედებებს წარმართავს. ამის შემდეგ კომპანიები და მკვლევრები, ადამიანის პერსონის შემოქმედებითობის დემისტიფიკაციას ცდილობენ და წარმატების მიღწევის საკითხში ფსონს ემოციური ინტელექტის განვითარებაზე დებენ.
იელში ჩატარებული კვლევის მიხედვით, ემოციური ინტელექტი მართლაც გვეხმარება სამსახურში უკეთესი გადაწყვეტილებები მივიღოთ. ასევე, ჰარვარდში წარმოებული დაკვირვების თანახმად, გუნდური წარმატებისთვის, ემოციური ინტელექტი უფრო სასარგებლო აღმოჩნდა, ვიდრე IQ. ხოლო, Google-ს 10-წლიანმა კვლევამ, სახელწოდებით Project Oxygen, ცხადყო, რომ ემოციური ინტელექტი უფრო მნიშვნელოვანია მენეჯერის წარმატებისთვის, ვიდრე IQ-ს მაჩვენებელი ან ძლიერი ტექნიკური უნარები.
საბოლოოდ, ემოციურ ინტელექტის განვითარებაში ინვესტირება, ინდივიდებისა და კომპანიებისთვის წარმატების მომტანია. AI-ს გამოყენებით კი ეს პროცესი გაცილებით მარტივი და ხარისხიანი ხდება. შესაბამისად, შედეგებიც იზრდება. ხელოვნური ინტელექტი არა მხოლოდ მომხმარებელთა სრულ ემოციურ პროფილზე წვდომის, არამედ მათთან საუბრის სიმულაციის საშუალებასაც კი გვაძლევს.
ხელოვნური ინტელექტის გამოყენების ტენდენცია, თანამედროვე კომპანიებში მუდმივად იზრდება. სავარაუდოდ, 2026 წლიდან მხოლოდ ემოციებისა და კომუნიკაციის მიმართულებაზე მორგებული AI-ს ბაზრის ზომა, 55 მილიარდ დოლარს გადააჭარბებს. მაგალითად, გაყიდვების მონაცემთა ანალიზის ფირმა Gong თავის საქმიანობაში უკვე იყენებს, AI-ს. ის პატარა სტარტაპი ნუ გეგონებათ, რომელიც AI-ს ახალი შესაძლებლობებით ცდილობს სახელის მოხვეჭას, Gong-ის ახლანდელი ფასი 7,25 მილიარდი დოლარია და მის მომხმარებლებს შორის შეხვდებით ისეთ დიდ კომპანიებს, როგორიცაა Accenture, LinkedIn, Service Tit.
წყარო: HBR











