სამსახურში წარმატების მისაღწევად მხოლოდ ინტელექტუალური უნარები არ კმარა, საჭიროა, გესმოდეთ სხვა ადამიანების, მათი მართვაც შეგეძლოთ და მათზე დადებითად ზემოქმედებაც. ეს უნარები კი ერთად ემოციური ინტელექტის სახელით არის ცნობილი. ხშირად გვსმენია, რომ სწორედ ეს განგვასხვავებს AI-სგან, მაგრამ ახლა სულ სხვა რაიმეს გვიმტკიცებენ — ამბობენ, რომ AI-ს იმაზე მეტი ემოციური ინტელექტი აქვს, ვიდრე აქამდე ფიქრობდნენ.
ეს ნებისმიერი ხელოვნური ინტელექტის ხელსაწყოს გაანალიზებისას მარტივი შესამჩნევია, შეგიძლიათ, თავადვე დააკვირდეთ, როგორ მართავს საკუთარ თავსა და სხვებს, რაც ადამიანების გაგების უნარსაც მოიცავს და მათი ემოციური ინტელექტის გაუმჯობესებასაც. ამიტომ, ახლა მოგიყვებით, როგორ შეუძლია AI-ს მენეჯერების დახმარება, რათა უკეთ მართონ საკუთარი თავი და სხვები, დაეხმარონ გუნდებს პროდუქტიულობის ზრდაში და იზრუნონ მათ ბედნიერებაზე:
1. რეალურ დროში განწყობის ანალიზი
AI ხელსაწყოებს ელ.ფოსტის, ჩატის შეტყობინებებისა და შეხვედრების ჩანაწერების ტონი, განწყობა თუ ემოციური შინაარსი შეუძლია, გააანალიზოს. შედეგად კი მენეჯერები გაიგებენ, კომუნიკაციის პროცესში ემპათიურები იყვნენ, აგრესიულები თუ მომთხოვნი. გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენ მიერ შერჩეულ სიტყვებს დიდი გავლენა აქვს სხვის შეფასებებზე, ხელოვნურ ინტელექტს შეუძლია მათი დეკოდირება და იმის განსაზღვრა, თუ რა გავლენა შეიძლება ჰქონდეს ჩვენს საუბარს მათთან. გზავნილის დახვეწაშიც დაგეხმარებათ, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, როცა სხვა ადამიანების მართვა გაბარიათ. შეუძლია მკაცრად ნათქვამი ემპათიურით შეცვალოს და თქვენი ურთიერთობების გაუმჯობესებაში დაგეხმაროთ.
2. თანამშრომელთა განწყობისა და ჩართულობის მონიტორინგი
ხელოვნური ინტელექტი მენეჯერის ქმედებებსაც აანალიზებს შეხვედრების დროს მიღებული უკუკავშირით და შესაბამის რჩევებსაც აწვდის მათ. მალე მსგავსი ხელსაწყოები ვიდეოზარების პლატფორმათა უმეტესობაში დაინერგება და მენეჯერები თავიანთი გუნდების ემოციური თუ ფსიქოლოგიური მდგომარეობების შესახებ მიიღებენ უკუკავშირს. უფრო ზუსტად, მათი ენერგიულობის, ჩართულობის, ინტერესის, ცნობისმოყვარეობისა თუ მოწყენილობის შესახებ გაიგებენ მეტს. ეს კი საბოლოოდ მენეჯერებს უკეთესი შეხვედრების ჩატარებას შეაძლებინებს — თუ ხშირად აწყვეტინებს ხოლმე გუნდის წევრებს საუბარს, შესაძლოა, აქტიური მოსმენის უნარების გამომუშავებაში კონკრეტული რჩევებითაც დაეხმაროს.
3. როლური თამაშები და ვირტუალური ტრენინგი
ვირტუალური რეალობის სიმულაციები თუ ჩეტბოტები მენეჯერებს რთული საუბრებისთვის მომზადებაში ეხმარება, იქნება ეს გუნდში კონფლიქტის გადაჭრა თუ ცუდი უკუკავშირის მიწოდება. ჩათვალეთ, რომ ციფრული ასისტენტის როლს ირგებს, გეხმარებათ, უსაფრთხო გარემოში გამოიმუშაოთ ემპათიის, დაძაბულობის განმუხტვისა და ემოციებთან გამკლავების უნარი.
4. ინსაითები მრავალფეროვნებისა და ინკლუზიურობის შესახებ
დაბოლოს, AI-ს გაუცნობიერებელი მიკერძოებების ამოცნობაც შეუძლია გადაწყვეტილების მიღების, დაქირავებისა თუ გუნდთან ინტერაქციის პროცესში. ამგვარად, მენეჯერებს მეტად ინკლუზიური სამუშაო სივრცის შექმნაში ეხმარებიან, რაც სამართლიან გარემოსაც აყალიბებს და მენეჯერის ემპათიურ თუ ინტერპერსონალურ უნარებსაც აძლიერებს.
გამოდის, AI ღირებული ხელსაწყოა მენეჯერებისთვის, რომელთაც ძლიერი კავშირების დამყარება, ეფექტური კომუნიკაცია და თანამშრომლების პატივისცემის მოპოვება სურთ.