in ,

AI იმპლანტის მეშვეობით, პარალიზებულ პაციენტს შეგრძნებებისა და მოძრაობის უნარი დაუბრუნდა

ფეინშტაინის სამედიცინო კვლევის ინსტიტუტის მეცნიერებმა ოთხივე კიდურისა და ტანის დამბლის მქონე ადამიანს შეგრძნებებისა და მოძრაობის უნარი დაუბრუნეს. ამ დაავადებას კვადრიპლეგიის სახელით ვიცნობთ — ის საკმაოდ მძიმე მდგომარეობაა, რომელიც აზიანებს კავშირს, რომელიც ტვინს, კიდურებსა და ზურგის ტვინს შორისაა.

M2
M2

პრობლემის გადასაჭრელად, მეცნიერებმა იმპლანტი პაციენტის ტვინში მოათავსეს. თავის მხრივ, იმპლანტი ხუთ მიკროჩიპზეა დაფუძნებული და ადამიანის აზრების ქმედებებად გარდასაქმნელად ხელოვნური ინტელექტის სისტემას იყენებს. შედეგად, აღნიშნული დაავადების მქონე პირებს შეგრძნებებისა და მოძრაობის უნარის დაბრუნების შესაძლებლობა ეძლევათ. „იყო დრო, როცა არ ვიცოდი, მსურდა თუ არა სიცოცხლე. ახლა კი ადამიანების შეხებას კვლავ ვგრძნობ, რაც ჩემთვის ნამდვილი საოცრებაა“, — ამბობს პაციენტი კიტ თომასი.

სტატისტიკურად, მხოლოდ აშშ-ში ხუთ მილიონზე მეტ ადამიანს აწუხებს პარალიზების პრობლემა; ეფექტური სამკურნალო საშუალებები კი არ არსებობს — საუბარია ისეთ პრეპარატებსა თუ მკურნალობის მეთოდებზე, რომლებიც პაციენტის მდგომარეობას მნიშვნელოვნად გააუმჯობესებდა. უახლესი იმპლანტი კი ამ მოცემულობის გარღვევის პერსპექტივას იძლევა.

უფრო დეტალურად რომ განვიხილოთ, ვიდრე იმპლანტს საჭირო ადგილას მოათავსებდნენ, MRI-ის მეშვეობით, პაციენტის ტვინის დაზიანებული უბნები შეისწავლეს. ამას 15-საათიანი წარმატებული ოპერაცია მოჰყვა — მთელი ამ პერიოდის განმავლობაში კიტი გონზე იყო, რათა შესაბამისი რეაქციებისთვის ედევნებინათ თვალი. „რადგანაც კიტი ოპერაციის დროს გვესაუბრებოდა და კონკრეტულ იმპულსებს ავლენდა, ზუსტად ვიცოდით, სად უნდა მოგვეთავსებინა იმპლანტები. ორი იმპლანტი მოძრაობაზე პასუხისმგებელ მიდამოში მოვათავსეთ, სამი კი — ტვინის იმ ნაწილში, რომელიც შეხების შეგრძნებას განაპირობებს“, — განმარტავენ ექიმები.

საბოლოოდ, ოპერაციის შემდეგ კიტის მდგომარეობა საგრძნობლად გაუმჯობესდა. ამიერიდან მას არა მხოლოდ შეხების შეგრძნება, არამედ ხელების გამოძრავებაც შეუძლია.

როგორ შეიძლება ჰიბრიდული სამუშაო ტოქსიკურად იქცეს?

4 ხელსაწყო, რომლებიც კონცენტრირებაში დაგეხმარებათ