შეერთებული შტატების თავდაცვის დეპარტამენტმა შვიდ წამყვან ტექნოლოგიურ კომპანიასთან ხელშეკრულებები გააფორმა. საიდუმლო კომპიუტერულ ქსელებში ხელოვნური ინტელექტის ინტეგრირებით, ამერიკელი სამხედროები ომის საწარმოებლად უახლეს AI შესაძლებლობებს გამოიყენებენ. Google, Microsoft, Amazon Web Services, Nvidia, OpenAI, Reflection და SpaceX საკუთარ რესურსებს გააერთიანებენ, რათა რთულ ოპერაციულ გარემოში სამხედროების გადაწყვეტილების მიღების პროცესი გაუმჯობესდეს და დაჩქარდეს.
ამ შთამბეჭდავ სიაში თვალშისაცემია ერთი მსხვილი მოთამაშის, Anthropic-ის არყოფნა. მიზეზი ის ღია დაპირისპირება და სამართლებრივი დავაა, რომელიც კომპანიასა და ტრამპის ადმინისტრაციას შორის ომში AI-ის გამოყენების ეთიკურ და უსაფრთხოების სტანდარტებთან დაკავშირებით მიმდინარეობს.
ბოლო წლებში თავდაცვის დეპარტამენტი ხელოვნური ინტელექტის ათვისების ტემპებს საგრძნობლად ზრდის. ტექნოლოგიას შეუძლია რადიკალურად შეამციროს ბრძოლის ველზე სამიზნეების იდენტიფიცირებისა და დარტყმის დრო, პარალელურად კი იარაღის ტექნიკური მომსახურებისა და მიწოდების ჯაჭვების ორგანიზება გაამარტივოს. თუმცა, ამ პროგრესს თან ახლავს სერიოზული წუხილიც – არსებობს რისკი, რომ ტექნოლოგიის გამოყენებამ ამერიკელთა კონფიდენციალურობა დაარღვიოს ან მანქანებს ბრძოლის ველზე სამიზნეების დამოუკიდებლად არჩევის საშუალება მისცეს. თუმცა, პენტაგონთან მოთანამშრომლე ერთ-ერთი კომპანიის ხელშეკრულება კონკრეტულ სიტუაციებში ადამიანის ჩართულობის აუცილებლობას მკაცრად ითვალისწინებს. სამხედრო მიზნებისთვის AI-ის გამოყენების მიმართ სკეპტიციზმი განსაკუთრებით გაძლიერდა ისრაელის მიერ ღაზასა და ლიბანში წარმოებული ომის დროს, როდესაც გაირკვა, რომ ამერიკული ტექნოლოგიური გიგანტები ისრაელს სამიზნეების თვალთვალში ჩუმად ეხმარებოდნენ.
პენტაგონის უახლესი კონტრაქტები სწორედ იმ პერიოდს დაემთხვა, როცა ბრძოლის ველზე ტექნოლოგიაზე ზედმეტი დამოკიდებულების შიში პიკს აღწევს. თანამედროვე ომის დიდ ნაწილს მონიტორებთან მსხდომი ადამიანები მართავენ, რომლებიც ქაოსურ და სწრაფად ცვალებად სიტუაციებში ურთულეს გადაწყვეტილებებს იღებენ. ასეთ დროს AI სისტემებს ინფორმაციის შეჯამება ან სათვალთვალო კამერების ანალიზი და პოტენციური სამიზნეების გამოვლენა ძალიან ეფექტურად შეუძლიათ. მიუხედავად ამისა, ჯერ კიდევ ღია რჩება კითხვები ადამიანის ჩართულობის შესაბამის დონეზე, რისკებსა და სამხედროების ტრენინგებზე. მთავარი გამოწვევა ახლა ისაა, თუ როგორ უნდა დაინერგოს ეს ინსტრუმენტები სწრაფად, რათა მათ სტრატეგიული უპირატესობა მოიტანონ, თუმცა პარალელურად, ოპერატორებმა სათანადო მომზადება გაიარონ და მანქანების მიმართ ბრმა ნდობა არ გამოიმუშაონ.
სწორედ მსგავსი გარანტიების მიღება სურდა Anthropic-ს. ტექნოლოგიური კომპანია მოითხოვდა, რომ სამხედროებს მათი ტექნოლოგია სრულად ავტონომიურ იარაღებსა და ამერიკელების თვალთვალისთვის არ გამოეყენებინათ. ამის საპასუხოდ, თავდაცვის მდივანმა პიტ ჰეგსეტმა განაცხადა, რომ კომპანიას პენტაგონისთვის ნებისმიერი იმ მიზნით გამოყენების უფლება უნდა მიეცა, რომელსაც დეპარტამენტი კანონიერად ჩათვლიდა. დაძაბულობა მას შემდეგ გამწვავდა და სასამართლოში გადაინაცვლა, რაც პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ფედერალურ სააგენტოებს კომპანიის ჩატბოტის, Claude-ის გამოყენება აუკრძალა, ხოლო ჰეგსეტმა Anthropic მიწოდების ჯაჭვის რისკად გამოაცხადა, რაც უცხოური მტრების მიერ ეროვნული უსაფრთხოების სისტემების საბოტაჟისგან დაცვას ემსახურება.
ამ დაპირისპირების ფონზე, OpenAI-მ მარტში პენტაგონთან შეთანხმება გააფორმა და საიდუმლო გარემოში Anthropic-ის ადგილი ფაქტობრივად ChatGPT-ით ჩაანაცვლა. კომპანიაში მიაჩნიათ, რომ ამერიკის შეერთებული შტატების დამცველებს მსოფლიოში საუკეთესო ინსტრუმენტებზე უნდა ჰქონდეთ წვდომა. საინტერესოა, რომ პენტაგონთან გაფორმებული ერთ-ერთი კონტრაქტი პირდაპირ ითვალისწინებს ადამიანის ზედამხედველობას ნებისმიერ მისიაზე, სადაც AI სისტემები ავტონომიურად ან ნახევრად ავტონომიურად მოქმედებენ. ტექსტში ასევე ხაზგასმულია, რომ ეს ინსტრუმენტები კონსტიტუციური უფლებებისა და სამოქალაქო თავისუფლებების დაცვით უნდა გამოიყენონ. მიუხედავად იმისა, რომ ეს მოთხოვნები ძალიან ჰგავს იმ პირობებს, რასაც Anthropic აყენებდა, OpenAI ამტკიცებს, რომ პენტაგონთან გარიგებისას მათაც მსგავსი გარანტიები მიიღეს.
ზოგიერთი კომპანია, მაგალითად Amazon და Microsoft, სამხედროებთან საიდუმლო გარემოში დიდი ხანია თანამშრომლობს და ჯერჯერობით უცნობია, შეცვლის თუ არა ახალი შეთანხმებები ამ პარტნიორობის დინამიკას. მეორე მხრივ, ისეთი მოთამაშეებისთვის, როგორებიცაა ჩიპების მწარმოებელი Nvidia და სტარტაპი Reflection, ეს სრულიად ახალი გამოცდილებაა. ორივე მათგანი ღია კოდის მქონე AI მოდელებს ქმნის, რაც პენტაგონისთვის პრიორიტეტულია.
ამერიკელი სამხედროები უკვე აქტიურად იყენებენ ახალ შესაძლებლობებს ოფიციალური პლატფორმის, GenAI.mil-ის მეშვეობით. პენტაგონის წარმომადგენელთა თქმით, ჯარისკაცები, სამოქალაქო პირები თუ კონტრაქტორები ამ ინსტრუმენტებს პრაქტიკაში წარმატებით იყენებენ, რამაც მრავალთვიანი ამოცანების შესრულების დრო რამდენიმე დღემდე შეამცირა. გრძელვადიანი მიზანი სამხედროებისთვის იმ ინსტრუმენტების მიწოდებაა, რომლებიც მათ დამაჯერებელი მოქმედებისა და ნებისმიერი საფრთხისგან ქვეყნის დაცვის საშუალებას მისცემს.
ხშირ შემთხვევაში სამხედროები ხელოვნურ ინტელექტს სამოქალაქო პირების მსგავსად იყენებენ – რუტინული ამოცანებისთვის, რომლებსაც ადამიანი საათებს ან დღეებს მოანდომებდა. AI-ის დახმარებით ბევრად მარტივია იმის პროგნოზირება, თუ როდის სჭირდება ვერტმფრენს ტექნიკური მომსახურება, ან როგორ უნდა გადაადგილდეს დიდი რაოდენობით ჯარი და აღჭურვილობა ეფექტურად. ტექნოლოგია ასევე ეხმარება ოპერატორებს, დრონის კადრებზე სამოქალაქო და სამხედრო მანქანები ერთმანეთისგან სწრაფად გაარჩიონ. თუმცა, აუცილებელია სიფრთხილე, რათა ადამიანები მანქანებზე ზედმეტად დამოკიდებულები არ გახდნენ. ამ ფენომენს „ავტომატიზაციის მიკერძოება“ ეწოდება, როცა ადამიანები მიდრეკილნი არიან იფიქრონ, რომ მანქანები იმაზე ბევრად უკეთ მუშაობენ, ვიდრე ეს რეალურად ხდება.
წყარო: Fastcompany














