სამყაროს ინკლუზიურ ადგილად ქცევისკენ რომ მივისწრაფვით, ეს ცხადია და ამ ამბავში ტექნოლოგიებიც ძალიან გვეხმარება. თუმცა მაინც ზოგჯერ სპეციალური საჭიროების მქონე მგზავრებისთვის გამოწვევას წარმოადგენს საზოგადოებრივი ტრანსპორტით გადაადგილება, გადაჭედილ სადგურებსა თუ ავტობუსებში შესვლა… ამ საკითხთან გასამკლავებლად კი Midjourney-ის AI რამდენიმე იდეას გვიზიარებს:
ბიომეტრიული ავთენტიფიკაცია
აქ თითის ანაბეჭდები და თვალის სკანერები იგულისხმება, რომლებიც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე მგზავრებს საზოგადოებრივ ტრანსპორტზე წვდომის ალტერნატიულ, მეტად მოსახერხებელ მეთოდს შესთავაზებს — ფიზიკური ბილეთებისა თუ ბარათების საჭიროების გარეშე.
მულტისენსორული ტაქტილური ნიშნები
ბრაილის შრიფტი, უფრო დიდი წარწერები, ფერებით გამოყოფილი ინსტრუქციები… ეს ყველაფერი სხვადასხვა სენსორული დარღვევის მქონე მგზავრებს ინფორმაციის უკეთ აღქმაში შეუწყობს ხელს.
რეგულირებადი განათება კაბინებში
მაგალითად, მატარებლით ხანგრძლივი მოგზაურობისას შშმ მგზავრებისთვის სპეციალური კაბინები უნდა მოეწყოს ან სენსორები, რომლებიც მათ საშუალებას მისცემს, გამორთონ ან ჩართონ განათება.
ვიზუალური და აუდიო ეკრანები
იმისათვის, რომ სმენისა თუ მხედველობადაქვეითებულმა მგზავრებმა გაიგონ მატარებლის ჩამოსვლის დრო და ბილეთების ფასები, დიდ LED ეკრანებზე აუდიო დინამიკებსა და რეალური დროის წარწერებს გვთავაზობენ.
რეგულირებადი პლატფორმები
ეს უკვე ვაგონების სიმაღლის მიხედვით რეგულირდება, რათა ეტლით მოსარგებლე მგზავრები ადვილად შევიდნენ მატარებელში, შეფერხებებისა თუ დისკომფორტის გარეშე.
ეტლის დამცავი ადგილები
ავტობუსებში დამცავი სავარძლებიც შეიძლება დაემატოს, რაც ტრანსპორტის მოძრაობისას ეტლების, სკუტერებისა თუ სხვა დამხმარე მოწყობილობების განთავსების საშუალებას მოგვცემს — სავარაუდოდ, Midjourney-ის AI-მ არ იცოდა, ეს უკვე თბილისშიც რომ გვაქვს.
გამოდის, მცირე ძალისხმევითაც კი შეგვიძლია, მგზავრობა სასიამოვნო გამოცდილებად ვაქციოთ მხედველობის, სმენისა თუ სენსორული დარღვევების მქონე ადამიანებისთვის…