10
Oct
2019

როგორ გამოიყენებენ AI-ს ხერხემლის დაზიანებული ნერვების დასაკავშირებლად

10 Oct 2019

veon
veon


ხერხემლის სერიოზული დაზიანება ადამიანის კიდურების პარალიზებას იწვევს, რადგან ტრავმის შედეგად, ტვინის მიერ გაგზავნილი სიგნალები კუნთებამდე ვეღარ აღწევს. ნეირონული იმპლანტების ეპოქაში, მსგავსი პრობლემის გადაჭრის გზები შეიძლება არსებობდეს და სწორედ ამიტომ, Intel-ის ხელოვნური ინტელექტის ექსპერტთა ჯგუფი, ბრაუნის უნივერსიტეტთან თანამშრომლობით იწყებს პროექტს – Intelligent Spine Interface. პროექტი მოიცავს მოწყობილობის შექმნას, რომელშიც ხელოვნური ინტელექტი იქნება ინტეგრირებული, თავის მხრივ, მოწყობილობა კი ზურგის ტვინში იმპლანტირდება და დაზიანებულ ნერვებს ერთმანეთთან დააკავშირებს. რაც ნიშნავს, რომ ხერხემლის ტრავმის შედეგად პარალიზებული ადამიანი მოძრაობის უნარის აღდგენას შეძლებს.

პროექტი უკვე 6.3 მილიონი დოლარითაა დაფინანსებული აშშ-ს კვლევითი სააგენტო DARPA-ს მიერ და ეს უფრო რეალურს ხდის ხერხემლის ქირურგიაში ხელოვნური ინტელექტის ჩართვის საკითხს.

მიუხედავად იმისა, რომ კვლევა ჯერ კიდევ მიმდინარეობს, უკვე არსებობს გარკვეული მონახაზი, თუ როგორ შეიძლება ტექნოლოგიამ იმუშაოს. ამ ეტაპზე, ცნობილია, რომ მეცნიერებს ორი წელი დასჭირდებათ იმისათვის, რომ ხერხემლის მოტორული და სენსორული სიგნალები დააფიქსირონ, რის შემდეგაც, ქირურგიული ჩარევის შედეგად, ორ, ერთმანეთთან კავშირდაკარგულ ნერვს ელექტროდების შემცველი მოწყობილობით დააკავშირებენ. ამის შემდეგ, ნეირონული ქსელები ისწავლიან, თუ როგორ გადასცენ ერთიდან მეორე ნერვს ინფორმაცია – იმპულსი, ანუ აღადგინონ ნერვის ფუნქცია.

შიდა ინტერფეისი, რომელიც ხერხემალზე განთავსდება, ნერვული სიგნალების ინტერპრეტირებისთვის გარე მოწყობილობას გამოიყენებს. გრძელვადიან პერსპექტივაში კი, შესაძლოა გარეგანი მოწყობილობის იმპლანტში ინტეგრირება. საბოლოო ჯამში კი, ეს შესაძლოა იყოს საკმაოდ იმედისმომცემი გამოგონება, რომელიც ხერხემლის ტრავმის შედეგად პარალიზებულ ადამიანებს მოძრაობის უნარს აღუდგენს.

განხილვა