დღეს, ბიზნესლიდერები უზარმაზარი წნეხის ქვეშ არიან – მათგან ორგანიზაციების ხელოვნური ინტელექტით (AI) ტრანსფორმაციას ელიან, მიუხედავად იმისა, რომ თავად ტექნოლოგია, საზოგადოების დამოკიდებულება და კონკურენტული გარემო ჯერ კიდევ მუდმივი ცვლილების რეჟიმშია. შედეგად, ხშირად ვიღებთ სურათს, სადაც უამრავი საპილოტე პროექტი მიმდინარეობს, თუმცა მათ კოორდინირებული მონიტორინგი აკლიათ. როცა არ არსებობს სისტემური გადაწყვეტილება იმის შესახებ, თუ სად დავიწყოთ, რა სისწრაფით ვიმოძრაოთ და როდის გავჩერდეთ, AI-ს მცდელობები უპირატესობის წყაროს ნაცვლად, რესურსების „შავ ხვრელად“ იქცევა ხოლმე. ბევრ კომპანიაში ნაცნობი სცენარი მეორდება: იზოლირებული, ფრაგმენტული პროექტები, უმაღლესი რგოლის მენეჯერების დაბალი ჩართულობა და სუსტი კავშირი სტრატეგიულ მიზნებთან.
ორგანიზაციებს სჭირდებათ დისციპლინირებული მიდგომა, რომელიც AI-ინოვაციებს პროექტების სტრუქტურირებულ კონვეირად განიხილავს. ეს მეთოდი ლიდერებს საშუალებას აძლევს, მწირი რესურსები სტრატეგიულად გადაანაწილონ და უზრუნველყონ მენეჯმენტის მხარდაჭერა. ნაცვლად იმისა, რომ კომპანიები ერთმანეთთან დაუკავშირებელ ექსპერიმენტებს გაეკიდონ, მათ შეუძლიათ სწორი პროექტები სწორ დროს ჩაუშვან.
ეს მიდგომა AI-ს დეპარტამენტული ექსპერიმენტებიდან დირექტორთა საბჭოს სტრატეგიულ პრიორიტეტად აქცევს. ის ხელმძღვანელებს საშუალებას აძლევს, ერთიანად დაინახონ ყველა მიმდინარე თუ დაგეგმილი ინიციატივა, მათი ურთიერთკავშირი და რესურსები. რაც მთავარია, ეს სისტემა აბალანსებს დროის ჰორიზონტს: მოკლევადიან პროექტებს, რომლებიც ნდობასა და უნარებს აშენებს, საშუალოვადიან ინიციატივებს, რომლებსაც უფრო ღრმა ინტეგრაცია სჭირდება და გრძელვადიან პროექტებს, რომლებსაც ტრანსფორმაციული პოტენციალი აქვთ.
სისტემის მუშაობას სამი მექანიზმი უზრუნველყოფს. პირველია „ყიდვა/გაყიდვა/შენარჩუნების“ შეფასება, რაც სუბიექტურ კამათს ობიექტურ, სტრატეგიულ საუბრად აქცევს. მეორეა სტრატეგიული შესაბამისობა – რამდენად ემსახურება ინიციატივა ბიზნესის მიზნებს, არის თუ არა ტექნიკურად განხორციელებადი და გვაქვს თუ არა საჭირო რესურსები. მესამე და ყველაზე მნიშვნელოვანი კი ეტაპობრივი გამშვები პუნქტებია (Stage Gates). სანამ პროექტი წინ წაიწევს, უნდა დაისვას კითხვები: არის თუ არა მონაცემები ხელმისაწვდომი? გვაქვს თუ არა ეთიკური სახელმძღვანელო? რჩება თუ არა ბიზნეს ქეისი რელევანტური?
საკმაოდ შთამბეჭდავია Lloyds Banking Group-ის მაგალითი, სადაც შექმნეს ე.წ. „GenAI-ის საკონტროლო კოშკი“. ის პრიორიტეტებს ანიჭებს გამოყენების ქეისებს და ანაწილებს რესურსებს. მათი მოდელი მკაფიოდ აბალანსებს გრძელვადიან ტრანსფორმაციას მოკლევადიან ღირებულებასთან და რაც მთავარია, მზადაა შეაჩეროს მიმდინარე პროექტი, თუ ტექნოლოგიური ცვლილებები ახალ გზას მოითხოვს.
იდეალურ შემთხვევაში, იდეამ ოთხი მკაფიო ფაზა უნდა გაიაროს:
მონახაზის ანუ იდეების მიღებისა და გადარჩევის ეტაპი. აქ ხდება პრობლემის ფორმულირება და რისკების პირველადი შეფასება. მთავარი გამშვები ტესტი სტრატეგიულ შესაბამისობასა და ტექნიკურ განხორციელებადობას ამოწმებს.
დიზაინისა და პარტნიორობის პორტფოლიო. აქ უკვე იქმნება დეტალური ბიზნეს ქეისი და იგეგმება საჭირო უნარები. ხშირად, ძლიერი შიდა რესურსის მიუხედავად, კომპანიებს სჭირდებათ გარე პარტნიორები – ტექნოლოგიური ვენდორები, მრჩევლები. მნიშვნელოვანია განისაზღვროს, როგორი ურთიერთობა ექნებათ ადამიანებსა და AI-ს, რადგან ეს გავლენას ახდენს შტატებზე და სამუშაო პროცესზე.
ექსპერიმენტული პორტფოლიო. ეს ეტაპი არ არის მხოლოდ ვალიდაცია, ეს არის სწავლის ეტაპი. ექსპერიმენტმა უნდა გამოცადოს არა მხოლოდ ტექნოლოგია, არამედ ისიც, სურთ თუ არა ადამიანებს მისი გამოყენება. გუნდებმა უნდა შექმნან მინიმალური სიცოცხლისუნარიანი პროდუქტები – MVP და ჩაატარონ სიღრმისეული ტესტირება.
მასშტაბირებისა და ოპერირების პორტფოლიო. წარმოებაში ჩაშვება ფუნდამენტური ცვლილებაა და დიდ ხარჯებთანაა დაკავშირებული. აქ საჭიროა თანამშრომლების გადამზადება, პროცესების ხელახალი დიზაინი და მუდმივი მონიტორინგი. ამ ეტაპზე, იზომება რეალური გავლენა მისიაზე და არა მხოლოდ ვარაუდები.
წყარო: HBR











