ჯერ სამსახურებს წაგვართმევსო, მერე თავი დავიმშვიდეთ, ჩვენნაირი შემოქმედებითი ვერ იქნებაო და ახლა AI ნამდვილი მეგობრების ჩანაცვლებას გეგმავს… ალბათ, არც ისე სასიამოვნოდ ჟღერს, მაგრამ მეტად კეთილშობილური მიზანი აქვს — სურს, ადამიანებს მარტოობის სტრესთან გამკლავებაში დაეხმაროს.
ყველაფერი ავი შიფმანის იაპონიაში მოგზაურობის დროს დაიწყო, მარტოობის დასაძლევად მეგობარი სჭირდებოდა, რომელიც, როგორც ჩანს, ვერ იპოვა და ამიტომ მისი შექმნა თავადვე გადაწყვიტა. თუმცა აქამდე Tab-ზე მუშაობდა, ტარებად მოწყობილობაზე, რომელიც ხელოვნურ ინტელექტს იყენებს, რათა მისი მფლობელების საუბრის კონტექსტი შეისწავლოს, თუმცა თავი იმდენად მარტო იგრძნო, რომ ამ მოწყობილობას საბოლოოდ Friend-ის სახე მისცა, AI კომპანიონის, რომლის სახელიც მის ფუნქციებზე მიგვანიშნებს.
თუმცა მაინც, რას გვთავაზობს Friend? მარტივად გეტყვით, როცა თავს მარტო იგრძნობთ შეგიძლიათ ესაუბროთ. თუ მოწყობილობაზე ანთებულ შუქს შეეხებით და საუბარს დაიწყებთ, AI დაუყოვნებლივ გიპასუხებთ თქვენს ტელეფონზე ტექსტური შეტყობინებით. ხოლო იმის მიხედვით, რაც ესმის და რაც მფლობელისგან დროთა განმავლობაში დაისწავლა, მესიჯებიც შეუძლია გაგზავნოს.
ახლა კი ტექნიკურ მახასიათებლებს გაგაცნობთ: ახალი პერსონალური მოწყობილობაა, რომლის უკანაც ChatGPT და სხვა AI მოდელები დგას. Bluetooth მიკროფონი აქვს, რომელიც ყოველთვის ჩართულია და გისმენთ. ხოლო მარტივად რომ გაიგოთ, ჩართულია თუ არა, მასში მოთავსებულია ბურთი, რომელიც ანათებს. შეგიძლიათ, სამკაულის მსგავსადაც ატაროთ… ბატარეა 15 საათს ძლებს და ამ დროში უსმენს იმას, რასაც მისი მფლობელი ელაპარაკება, გარემოში არსებული ხმებიც ესმის, მაგრამ ხელოვნური ინტელექტითაა გაძლიერებული, რაც მას მიღებული ინფორმაციების დამუშავებაში ეხმარება.
სმარტფონთანაც ჩვეულებრივ დააკავშირებთ ისე რომ, არც ინტერნეტი და არც შიდა მეხსიერება დაგჭირდებათ. Friend-ის ჩანაწერებიც დაშიფრულია და ღრუბელზე იგზავნება, მომხმარებლებს კი ამ მონაცემებზე წვდომა თავისუფლად შეუძლიათ მიიღონ, დაარედაქტირონ და წაშალონ მონაცემები თავიანთი სურვილის შესაბამისად.
„რაც უფრო მეტს ელაპარაკებით, მით უფრო აღრმავებთ მასთან ურთიერთობას და ეს არის პროდუქტის მთლიანი მიზანი“, — აცხადებს შიფმანი.
ამგვარად, Friend-იც ნამდვილი მეგობრის AI ვერსიად წარმოუდგენია, რომელიც გისმენთ, გპასუხობთ, გიზიარებთ გამოცდილებას და იყენებს ამ კონტექსტს თქვენი ინტერაქციების გასამდიდრებლად. მასთან ერთად ფილმსაც შეგიძლიათ უყუროთ და ვიდეო თამაშიც ითამაშოთ…
მართალია, ნამდვილ მეგობრებს AI მოწყობილობა ვერ ჩაანაცვლებს, მაგრამ Friend უპირობო ერთგულებას გპირდებათ, სრულ ყურადღებას თქვენკენ მომართავს… თუმცა რეალურ მეგობართან რომ მიეახლოებინა, შიფმანმა მასში მოკვდავთა ერთი მნიშვნელოვანი თვისება დაამატა — თუ მომხმარებელი ფიზიკურად დაკარგავს Friend-ს, მონაცემები, იქნება ეს გაზიარებული მოგონებები, გამოცდილებები თუ ინტერაქციები, სამუდამოდ დაიკარგება.
Friend 99 დოლარად გაიყიდება და ბაზარზე 2025 წლის იანვარში გამოჩნდება.