in

ხელოვნური ინტელექტის ბუმის ფონზე, კომპანიების ხელმძღვანელები შტატის გაზრდას გეგმავენ

Lenovo
Lenovo

ხელოვნური ინტელექტის მასშტაბური გავრცელების მიუხედავად, ამერიკული მსხვილი კომპანიების ხელმძღვანელთა 89% მომდევნო სამ წელიწადში თანამშრომელთა რაოდენობის გაზრდას აპირებს. ეს მონაცემები საკონსულტაციო კომპანია KPMG-ის კვლევამ აჩვენა, რომლის ფარგლებშიც 400 მსხვილი ამერიკული კომპანიის აღმასრულებელი დირექტორი გამოიკითხა. თითოეული ამ ბიზნესის წლიური შემოსავალი მინიმუმ 500 მილიონ დოლარს აღწევს.

შედეგები ადასტურებს, რომ ბიზნესლიდერები ხელოვნურ ინტელექტს ხელფასების ეკონომიის იაფ გზად კი არ უყურებენ, ყოველდღიურ სამუშაო პროცესებში მის ჩართვას ცდილობენ. გამოკითხულთა თითქმის 80%-მა აღნიშნა, რომ ახალმა ტექნოლოგიებმა თანამშრომელთა განვითარების გეგმების გადახედვა აიძულა, ხოლო სამმა მეოთხედმა დამწყები პოზიციებისთვის საჭირო უნარების ჩამონათვალი ხელახლა შეაფასა.

ხელმძღვანელთა 86% აცხადებს, რომ უკვე ცვლის პოზიციებს, კარიერულ საფეხურებსა და გუნდების წყობას, რათა ადამიანისა და ხელოვნური ინტელექტის ერთობლივ მუშაობას უკეთ მოერგოს. დაახლოებით ამდენივე – 83% – ყურადღებას პერსპექტიული თანამშრომლების შენარჩუნებასა და მათ გადამზადებაზე ამახვილებს, ხოლო 79% ახალ ხალხს სწორედ ტექნოლოგიური უნარების მიხედვით არჩევს.

ამ ყველაფრის ფონზე, თანამშრომელთა რაოდენობის შემცირებას ტექნოლოგიური მიზეზით ხელმძღვანელთა მხოლოდ 53% აპირებს და ისიც გარკვეულ მიმართულებებში.

მართალია, კომპანიები ხელოვნურ ინტელექტში ფულის ჩადებას არ წყვეტენ – ლიდერების 84% მას მომდევნო სამი წლის მთავარ ხარჯად ასახელებს – ამ ინვესტიციების რეალური უკუგება ჯერ კიდევ გზაშია. მმართველთა 40% თვლის, რომ ციფრულმა ასისტენტებმა შედეგები შესამჩნევად გააუმჯობესა, თუმცა ამ ეტაპზე ამ ეფექტს რადიკალურ გადატრიალებად მხოლოდ 9% აფასებს.

გარდა ამისა, სერიოზულ საფიქრალად რჩება თავად ამ ტექნოლოგიის დანერგვისა და შენახვის ფასი.

მენეჯერების თითქმის ნახევარი ხელოვნურ ინტელქტზე გათვლილი ბიუჯეტის მართვას საკმაოდ რთულ საქმედ მიიჩნევს, ხოლო 81% ელის, რომ მომდევნო ხუთ წელიწადში ეს ხარჯები მოგების მარჟაზე ბევრად მძიმედ დააწვება კომპანიას, ვიდრე თანამშრომელთა ხელფასები. 70%-ზე მეტი კი ბიზნესისთვის მთავარ რისკად გამართულ ტექნოლოგიებზე შეუფერხებელი წვდომის დაკარგვას ასახელებს.

ზოგად ეკონომიკურ სურათს რაც შეეხება, ხელმძღვანელები საკმაოდ ოპტიმისტურად არიან განწყობილნი. უმრავლესობას საკუთარი კომპანიის (84%), საკუთარი სფეროსა (82%) და მთლიანად ამერიკის ეკონომიკის (79%) იმედი მყარად აქვს.

მსოფლიო ეკონომიკაზე მათი ხედვა გაცილებით ფრთხილია – დადებითი მოლოდინი მხოლოდ 64%-ს შერჩა. ამასთან, თითქმის 80% ფიქრობს, რომ ინფლაციის წნეხი მათ ბიზნესს მომდევნო სამი წელი კიდევ გაჰყვება.

წყარო: Fastcompany

პირველად საქართველოში საბურავების Trade-in „თეგეტა მოტორსში“ – ჩააბარე ძველი და დაზოგე ახლის შეძენისას

თიბისი კაპიტალი აქციებით ვაჭრობის მიმართულებით საქართველოში საუკეთესო საინვესტიციო ბანკად დასახელდა – Euromoney-ს ჯილდო