in

რატომ ებრძვიან მუსიკალური პლატფორმები AI-კონტენტს უფრო მკაცრად, ვიდრე YouTube

Lenovo
Lenovo

ხელოვნური ინტელექტით შექმნილი კონტენტის გავრცელებასთან ერთად, მუსიკალური პლატფორმები AI-ს მიმართ პოლიტიკას სულ უფრო მეტად ამკაცრებენ. ბოლო პერიოდში არაერთმა მსხვილმა კომპანიამ გადადგა ნაბიჯები იმისთვის, რომ AI-გენერირებული მუსიკის გავლენა საკუთარ პლატფორმებზე შეეზღუდა.

Spotify-მ განაცხადა, რომ ხელოვნური ინტელექტით შექმნილ არტისტებს AI Persona-დ მონიშნავს და მათ სარედაქციო თუ ალგორითმული რეკომენდაციების სისტემიდან გამორიცხავს. Apple Music-მა “Made With AI“ ეტიკეტი დაამატა, ხოლო TIDAL-მა AI-გენერირებულ ტრეკებს ჰონორარების მიღების შესაძლებლობა საერთოდ შეუზღუდა.

ამ გადაწყვეტილებების საერთო მიმართულება ნათელია: მუსიკალური პლატფორმები ცდილობენ, ხელოვნური ინტელექტით მასობრივად შექმნილი დაბალი ხარისხის კონტენტის გავრცელება შეაჩერონ. თუმცა ვიდეოპლატფორმების შემთხვევაში ვითარება გაცილებით ბუნდოვანია.

YouTube-ის ახალი ცვლილება და AI-კონტენტი

ამ კონტექსტში განსაკუთრებული ყურადღება მიიპყრო YouTube-ის მიერ ნახვების დათვლის სისტემის ბოლო ცვლილებამ. მანამდე გრძელფორმატიანი ვიდეო დაახლოებით 10-30 წამის განმავლობაში უნდა ენახა მომხმარებელს, რათა საჯაროდ ერთი ნახვა დაფიქსირებულიყო.

2026 წლის 24 აგვისტოდან კი YouTube ნახვას ვიდეოს გაშვებისთანავე ითვლის.

ერთი შეხედვით, ეს შეიძლება მხოლოდ მცირე ტექნიკურ ცვლილებას ჰგავდეს, თუმცა კონტენტის შემქმნელების ნაწილს მიაჩნია, რომ ახალი სისტემა კიდევ უფრო მეტად წაახალისებს AI-თ მასობრივად შექმნილ დაბალი ხარისხის ვიდეოებს. მსგავსი კონტენტი ხშირად სწორედ მომხმარებლის ყურადღების სწრაფად მიპყრობაზეა ორიენტირებული, მაგალითად, მიმზიდველი სათაურისა და ტიზერის დახმარებით.

YouTube-ის შეზღუდვები

ეს არ ნიშნავს, რომ YouTube AI-გენერირებული დაბალი ხარისხის კონტენტის წინააღმდეგ საერთოდ არ მოქმედებს. პლატფორმა „არაავთენტური კონტენტის“ პოლიტიკას ატარებს და მასობრივი, დაბალი ხარისხის ვიდეოების გამო ცალკეული არხებიც წაუშლია.

თუმცა პრობლემა ისაა, რომ შესაძლოა, ვიდეო უკვე ატვირთული, რეკომენდებული და მილიონობით მომხმარებლის მიერ ნანახიც კი იყოს, სანამ მის წინააღმდეგ რაიმე ზომა გატარდება.

მუსიკალურ პლატფორმებზე კი ეს მიდგომა უფრო პრევენციულია.

YouTube-ს გამოწერის სერვისებიც აქვს, მისი ძირითადი შემოსავალი რეკლამას ეფუძნება. ამ მოდელში განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება ყურადღებას, ნახვებსა და ეკრანთან გატარებულ დროს.

რაც მეტი ვიდეოა პლატფორმაზე და რაც მეტ დროს ატარებენ მომხმარებლები მის ყურებაში, მით მეტი სივრცე იქმნება რეკლამის განთავსებისთვის. ამ სისტემაში კონტენტს, ადამიანმა შექმნა ის თუ ხელოვნურმა ინტელექტმა, შედარებით ნაკლები მნიშვნელობა შეიძლება ჰქონდეს, თუ მომხმარებელი ვიდეოს მაინც რთავს.

მუსიკალური სერვისებისთვის პრიორიტეტი ხარისხიანი არტისტებისა და მომხმარებლების შენარჩუნებაა, რადგან სწორედ ეს განსაზღვრავს გამოწერების რაოდენობას. YouTube-ის შემთხვევაში კი ბიზნესმოდელი, პირველ რიგში, ყურადღებაზე, ნახვებსა და ყურების დროზეა დამოკიდებული.

ამიტომ, სანამ პლატფორმის ფინანსური მოდელის მთავარი მაჩვენებლები ნახვები და მომხმარებლის ყურადღება იქნება, AI-თ მასობრივად შექმნილ კონტენტთან ბრძოლა შესაძლოა მუსიკალური ინდუსტრიის პლატფორმებთან შედარებით ნაკლებად მკაცრი და პრევენციული დარჩეს.

საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდშია – ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს

რატომ არ ამართლებს AI-ს გამო თანამშრომლების გათავისუფლება?