in ,

ყალბი ლეონარდო და მონა ლიზა — AI დეზინფორმაციის „მხატვრული მაგალითი“

ინტერნეტში ინფორმაცია უსწრაფესად ვრცელდება და საკმარისია, რაიმე საინტერესო გააზიაროთ, მთელ მსოფლიოს რამდენიმე წამში ან წუთში მოივლის. ერთი მხრივ, ეს არაჩვეულებრივი შესაძლებლობაა, ვინაიდან ინფორმაციული ვაკუუმი იხსნება და „ყველამ ყველაფერი“ იცის. თუმცა, მეორე მხრივ, დეზინფორმაციის რისკიც გაცილებით მაღალია — ზოგჯერ ის, რაც წარმოუდგენლად საოცარი გვეჩვენება, მორიგი ტყუილი აღმოჩნდება. ამის ნათელი მაგალითია უახლესი ვირუსული კონტენტი: „ლეონარდო და ვინჩისა და მონა ლიზას უიშვიათესი ფოტო“.

BOG
BOG

ვითომ 1504 წელს ფლორენციაშია გადაღებული და ისიც კი მოიგონეს, თურმე ერთად ხშირად ხედავდნენო ამ ორ პიროვნებას. როგორც ჩანს, ეს დეზინფორმაცია ბევრისთვის იმდენად საინტერესო აღმოჩნდა, რომ საღი აზრი სრულად დაივიწყეს. თანაც უკვე საუკუნეებია, მონა ლიზას ვინაობა ნამდვილ ამოუხსნელ საიდუმლოდ ექცა კაცობრიობას, ახლა კი იმედის სხივი დაინახეს…

რა თქმა უნდა, საბოლოოდ გაარკვიეს, რომ აღნიშნული ილუსტრაცია მიმდინარე წლის ივნისში Imgur-ზე გამოქვეყნდა. სიძველის ეფექტით შექმნილი ფოტო კი AI-ს ეკუთვნის — ესთეტიკა კი გაითვალისწინეს, მაგრამ ბევრი ისტორიული თუ ვიზუალური ფაქტორი გამორჩათ: პირველი წარმატებული ფოტო 1826 წელს გადაიღო ჯოზეფ ნიკეფორ ნიეპსიმ, კამერა ობსკურის გამოყენებით. ამასთანავე, ფონზე წარმოდგენილი ნახატი, რომელიც ვითომ მონა ლიზას პორტრეტია, სრულიად დამახინჯებულია.

მიუხედავად იმისა, რომ გამოსახულების ვირუსულობა შეიძლება მივაწეროთ ხელოვნური ინტელექტის შთამბეჭდავ შესაძლებლობებს რეალისტური ვიზუალის გენერირებაში, ის ასევე მკაფიო შეხსენებაა ამგვარი შემოქმედებითი დეზინფორმაციის პოტენციალის შესახებ. ამიტომაც, ტექნოლოგიური სამყარო კიდევ ერთხელ დგება ეთიკური საკითხების წინაშე — ალბათ, უახლოეს მომავალში რაიმე ეფექტურ ხელსაწყოსაც გამოიგონებენ, რომელიც მარტივად დაგვეხმარება ფაქტების დაზუსტებაში.

როგორ შევქმნათ საუკეთესო ბრენდის გამოცდილება?

„რენო საქართველოს“ მარკეტინგს ქეთევან მეფარიძე უხელმძღვანელებს