in

AI-ლეპტოპები Google-ისგან – როგორია ჩვენი მოწყობილობების მომავალი

Lenovo
Lenovo

როგორც ჩანს, Google მზად არის გასცდეს Chromebook-ის ეპოქას. კომპანიამ წარადგინა “Googlebook”, პრემიუმკლასის, AI-ზე ორიენტირებული ლეპტოპების ახალი კატეგორია, რომელიც Gemini-პლატფორმის ბაზაზეა შექმნილი. ეს Google-ის ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური მცდელობაა, თავიდან გადაიაზროს ლეპტოპის გამოცდილება ისე, რომ ხელოვნური ინტელექტი იყოს სისტემის ცენტრში და არა უბრალოდ დამატებითი ფუნქცია.

Googlebook-ის იდეა საკმაოდ მარტივია: ლეპტოპი რეალურ დროში უნდა რეაგირებდეს იმაზე, რასაც მომხმარებელი აკეთებს და არ ელოდოს მხოლოდ ბრძანებებს. Google-ის თქმით, ეს არის პირველი ლეპტოპები, რომლებიც სპეციალურად Gemini Intelligence-ზეა აგებული, სადაც AI ყოველდღიურ სამუშაო პროცესებსა და ამოცანებში პირდაპირ არის ინტეგრირებული.

ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო სიახლეა Magic Pointer – Google DeepMind-ის მიერ შექმნილი კურსორი, რომელიც ეკრანზე არსებულ კონტენტზე კონტექსტურად რეაგირებს. თუ კურსორს რაიმეზე მიიტანთ ან ოდნავ „შეარხევთ“, Gemini ავტომატურად შემოგთავაზებთ შესაბამის მოქმედებებს. მაგალითად, ელფოსტაში თარიღზე მიტანისას მას შეუძლია მაშინვე შექმნას კალენდრის ღონისძიება. ონლაინმაღაზიაში ავეჯზე მიტანისას კი შეუძლია გაჩვენოთ, როგორ გამოიყურება ის თქვენს ოთახში. ეს თითქოს მომავლის სამყაროდანაა – ბევრად უფრო ჭკვიანი და დროულიც.

Google ასევე უფრო ძლიერ აქცენტს აკეთებს პერსონალიზაციაზე ფუნქციით Create Your Widget. მომხმარებლებს შეუძლიათ Gemini-ს დახმარებით თავად შექმნან პერსონალური ვიჯეტები მხოლოდ ტექსტური მოთხოვნის საშუალებით. მაგალითად, მოგზაურობის დაგეგმვისას სისტემა ავტომატურად შექმნის დაფას, სადაც ერთად იქნება ფრენის დეტალები, სასტუმროს ჯავშნები, რუკები, რესტორნების რეზერვაციები და უკუთვლის ტაიმერები. შედეგად, სამუშაო მაგიდა აღარ იქნება უბრალოდ აპებისა და მალსახმობების ადგილი, ის მომხმარებლის მიმდინარე აქტივობებს მოერგება და დინამიკურად შეიცვლება.

იგივე მიდგომა ჩანს Googlebook-ის Android-თან ინტეგრაციაშიც. რადგან ეს ლეპტოპები ნაწილობრივ Android-ის ტექნოლოგიურ სტეკზეა აგებული, ისინი უფრო ბუნებრივად მუშაობს ტელეფონებსა და ტაბლეტებთან. მომხმარებლებს შეეძლებათ მობილური აპების პირდაპირ ლეპტოპიდან გამოყენება დამატებითი გადმოწერების გარეშე, ხოლო ფუნქცია Quick Access საშუალებას მისცემს, დაკავშირებული ტელეფონიდან ფაილები პირდაპირ ლეპტოპის ფაილმენეჯერში გახსნან და გამოიყენონ. Google ასევე უსვამს ხაზს მოწყობილობებს შორის უფრო შეუფერხებელ გადასვლას, იქნება ეს საკვების მიტანის აპლიკაციიდან ლეპტოპზე სამუშაოს გაგრძელება თუ სხვადასხვა ამოცანას შორის სწრაფი გადართვა.

აღსანიშნავია, რომ Google თავად არ აწარმოებს ამ სისტემას. Googlebook-ის პირველი ტალღა გამოვა პარტნიორების დახმარებით, მათ შორის არიან Acer, ASUS, Dell, HP და Lenovo. კომპანიის განცხადებით, მოწყობილობები პრემიუმმასალებითა და თანამედროვე დიზაინით იქნება წარმოდგენილი სხვადასხვა ფორმატში. ყველა მოდელს ექნება თავისი განათების ელემენტი, რომელიც Googlebook-ს ვიზუალურად გამოარჩევს Chromebook-ებისა და ტრადიციული Windows-ლეპტოპებისგან.

ფასები და გამოსვლის თარიღები ჯერ არ გამოცხადებულა, თუმცა დამატებითი დეტალები  შემოდგომის მოახლოებასთან ერთად გახდება ცნობილი. მიუხედავად ამისა, Google-ის მთავარი გზავნილი უკვე ნათელია: Chromebook-ებმა პოპულარობა მოიპოვეს ხელმისაწვდომობითა და cloud-ზე დაფუძნებული სიმარტივით, ხოლო Googlebook სრულიად სხვა მიმართულებას ირჩევს – პრემიუმდონის AI-ლეპტოპების ბაზარზე შესვლას, სადაც ამჟამად Apple-ის MacBook-ები და ახალი AI-PC მოწყობილობები დომინირებს.

ჯერ კიდევ გაურკვეველია, ნამდვილად სურთ თუ არა მომხმარებლებს ისეთი ლეპტოპი, რომელიც AI-ასისტენტივით იქცევა. თუმცა Google აშკარად დებს ფსონს იმაზე, რომ პერსონალური კომპიუტერების მომავალი მხოლოდ კლიკებისა და აკრეფილი ბრძანებების მოლოდინში ყოფნა აღარ იქნება. ყოველ შემთხვევაში, კომპანიას სურს, რომ ლეპტოპები ნაკლებად „პასიური“ და ბევრად უფრო „საუბრისუნარიანი“ გახდეს.

რა საფრთხეს ქმნის Anthropic-ის სიახლე დიზაინის მიმართულებით?

დაიწყე კარიერა ტექნოლოგიებში თიბისი IT აკადემიასთან ერთად