რა საჩუქარი შეიძლება გაუკეთოთ მომღერალ შეყვარებულს? ალბათ, ბევრ თქვენგანს რამდენიმე სიმბოლური იდეა მოაფიქრდა, მაგრამ არა მგონია, რომელიმე მათგანი აზა რასკინის საჩუქარზე კრეატიული იყოს… მან მომღერალ-კომპოზიტორ ზია კორას მისი ახალი სიმღერის ვიდეო გაუგზავნა — მუსიკალური კლიპი, რომელიც ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით შექმნა.
მართალია, რასკინს დიზაინის კუთხით დიდი გამოცილება აქვს (ის Mozilla Firefox-ის დიზაინს ხელმძღვანელობდა), მაგრამ ახალი ვიდეოს შესაქმნელად ტრადიციული მეთოდები და პროგრამული უზრუნველყოფა უარყო… ამის სანაცვლოდ, მან AI-ს მიმართა — ალგორითმი აზას საშუალებას აძლევდა, სიტყვიერად ჩაეწერა, როგორი ვიზუალის ვიდეოს მიღება სურდა მას: “სევდიანი და ბნელი ღამის ცა, ვარსკვლავები და მთვარე”…
სრულყოფილი შედეგის მისაღებად, დიზაინერმა OpenAI-ს CLIP გამოიყენა. ეს არის ხელოვნური ინტელექტის სისტემა, რომელიც ტექსტისა და გამოსახულების წყვილებს ქმნის, შემდეგ კი აწყობილ ვიდეოს ღრუბლოვან სერვერზე არენდერებს. პროცესს, რომელსაც რასკინი ფილმის მონტაჟს ადარებს, დაახლოებით, 36 საათი და 3 დოლარი სჭირდება.
როგორც წყვილი აღნიშნავს, AI-ს ასეთი უნარი ახალ კითხვებს ბადებს კრეატიულობასა და ემოციებთან დაკავშირებით… მართლაც, მიუხედავად იმისა, რომ ნამუშევარი სრულად მექანიკური “არსებით” შეიქმნა, იგი მაინც აღძრავს მძაფრ შეგრძნებებს. და რა მოხდება, თუ ადამიანები კომპიუტერებს გამოიყენებენ ემოციურად შემაშფოთებელი, მანიპულაციური შინაარსის შესაქმნელად?
“სიჩქარე, რომლითაც ეს ტექნოლოგია ვითარდება, ყოველგვარ მოლოდინს აჭარბებს. მჯერა, რომ AI-ზე დაფუძნებული ინსტრუმენტები პოზიტიურ გამოყენებას იპოვის — მაგალითად, ფონური მუსიკის ან ვიდეო სურათების შესაქმნელად”, — აღნიშნავს აზა.