მარკეტინგის ტენდენციებზე საუბრისას ხელოვნურ ინტელექტს გვერდს ვერ ავუვლით. ვიზუალის, კონტენტისა და ვიდეოს გენერატორების და სხვა ინსტრუმენტების მეშვეობით, ხელოვნური ინტელექტი მარკეტინგის ინდუსტრიის მნიშვნელოვან ზრდას განაპირობებს.
ფაქტობრივად, ის სწრაფად იქცევა უნივერსალურ მარკეტინგულ ასისტენტად. მარკეტერთა 64% უკვე იყენებს მას, ხოლო დანარჩენი 38% გეგმავს მის გამოყენებას წელს.
საინტერესო სურათი იკვეთება, თუ როგორ აღიქვამენ მარკეტერები ხელოვნური ინტელექტის გამოყენებას – 60% ამბობს, რომ ის იმოქმედებს ასისტენტივით, რომელიც მათ სამსახურეობრივი მოვალეობების შესრულებაში დაეხმარება, ხოლო 20% ფიქრობს, რომ ხელოვნური ინტელექტი ძირითადად რუტინულ დავალებებს გადაიბარებს.
უდავოა, რომ ხელოვნური ინტელექტი დიდ გავლენას მოახდენს მარკეტინგის ინდუსტრიაზე 2024 წელს.
მარკეტერთა 85% ამბობს, რომ გენერაციულმა ხელოვნურმა ინტელექტმა შეცვალა ის, თუ როგორ შექმნიან კონტენტს 2024 წელს, ხოლო 63% ამბობს, რომ 2024 წელს, კონტენტის უმეტესობა, ნაწილობრივ მაინც, გენერაციული ხელოვნური ინტელექტის დახმარებით შეიქმნება. ის მარკეტერები, რომლებიც იყენებენ გენერაციულ ხელოვნურ ინტელექტს, შესანიშნავ შედეგებს იღებენ და აცხადებენ, რომ ის მათ ეხმარება შექმნან მნიშვნელოვნად მეტი, უფრო მაღალი ხარისხის კონტენტი, რომელიც უკეთესად მუშაობს.
როგორც ბრიანა როჯერსი, Miro-ს მარკეტინგის ვიცე-პრეზიდენტი ამბობს, „მარკეტერებს მოუწევთ ისწავლონ, როგორ ჩართონ ხელოვნური ინტელექტი თავიანთ სამუშაოში“. მისი თქმით, ეს სფერო ძალიან სწრაფად ვითარდება და ჩვენ ყველაფერი უნდა გამოვცადოთ… დაწყებული უფრო კარგად დამკვიდრებული მიდგომებით, როგორიცაა მანქანური სწავლების გამოყენება რეკლამის შესყიდვის გასაუმჯობესებლად, ან მომხმარებლის ღირებულების პროგნოზირებადი მოდელების შექმნა – დამთავრებული ახალი სფეროებით, როგორიცაა მომხმარებელთა კვლევებსა და მონაცემებში ტენდენციების გამოვლენა, კრეატიული განვითარების ხელშეწყობა და ხელოვნური ინტელექტით მართული სრული სამომხმარებლო კამპანიების შექმნა. გენერაციული ხელოვნური ინტელექტის მომხმარებელი მარკეტერების 81% ამბობს, რომ ის ეფექტურად ეხმარება მათ თავიანთ როლში, მაგალითად:
- რათა გააუმჯობესონ მათ მიერ შექმნილი კონტენტის ხარისხი (85%)
- შექმნან კონტენტი უფრო ეფექტურად (84%)
- შექმნან მნიშვნელოვნად მეტი კონტენტი (82%)
- შექმნან უფრო პერსონალიზებული კონტენტი (77%)
ამას გარდა, გენერაციული ხელოვნური ინტელექტის მომხმარებელი მარკეტერების 56% ამბობს, რომ ასე შექმნილი კონტენტი უკეთესად მუშაობს, ვიდრე მის გარეშე შექმნილი. ასევე, გამოკითხვა აჩვენებს, რომ მარკეტერები, რომლებიც იყენებენ ხელოვნური ინტელექტის/ავტომატიზაციის ინსტრუმენტებს, 95%-ით უფრო მეტად აღნიშნავენ, რომ მათი მარკეტინგული სტრატეგია ძალიან ეფექტური იყო წლევანდელ წელს, ვიდრე მათი, ვინც არ იყენებს.
თუმცა, მნიშვნელოვანი გაფრთხილება ისაა, რომ ხელოვნურმა ინტელექტმა არ უნდა ჩაანაცვლოს მთელი თქვენი კონტენტის გუნდი. არც თქვენი მომხმარებლები ისურვებენ ამას და არც ისეთი პლატფორმები, როგორიცაა Google.
HubSpot-ის მარკეტინგის უფროსი მენეჯერის, კურტის დელ პრინციპეს ბოლოდროინდელმა რეპორტმა ხაზი გაუსვა ერთი სააგენტოსთვის დაკისრებულ სასჯელს მას შემდეგ, რაც მათ ხელოვნური ინტელექტით შექმნეს ათასობით SEO პოსტი.
როგორ იყენებენ მარკეტერები ხელოვნურ ინტელექტს კონტენტის შესაქმნელად
გამოკითხული მარკეტერები აღნიშნავენ, რომ მონაცემთა ანალიზი, კვლევა და კონტენტის შექმნა არის გენერაციული ხელოვნური ინტელექტის გამოყენების მთავარი სფეროები. ანუ მარკეტერები არ ანაცვლებენ ქოფირაითერებს ან კრეატიულ პროფესიონალებს ხელოვნური ინტელექტით. ამის ნაცვლად, ისინი ძირითადად იყენებენ ხელოვნურ ინტელექტს:
- ახალი იდეების ან კუთხეების მოსაფიქრებლად,
- უკვე შექმნილი კონტენტის სხვა აუდიტორიისთვის, ფორმატისთვის ან არხისთვის გადასამუშავებლად ან ადაპტირებისთვის,
- ძირითადი ტექსტის ან მონახაზების დასაწერად,
- და სურათების ან მარტივი ვიდეოების შესაქმნელად.
რაც შეეხება კონტენტის ტიპებს, რომლის შესაქმნელადაც მარკეტერები გენერაციულ ხელოვნურ ინტელექტს იყენებენ, არის სოციალური მედიის პოსტები, ელ-ფოსტები, ბლოგ პოსტები, თემების იდეები, სურათები და პროდუქტის აღწერილობები.
ხელოვნური ინტელექტის რევოლუცია უზარმაზარი ცვლილებაა, ამიტომ გასაკვირი არ არის, რომ მარკეტერების თითქმის ნახევარი შეშფოთებულია იმით, რომ ხელოვნურმა ინტელექტმა შეიძლება მათი სამსახურები ჩაანაცვლოს. გამოკითხული მარკეტერების 23% ფიქრობს, რომ ინდუსტრიამ საერთოდ უნდა თავი აარიდოს გენერაციული ხელოვნური ინტელექტის გამოყენებას. თუმცა, ამ დროისათვის, ის არ ანაცვლებს მათ სამსახურებს, არამედ მოქმედებს ასისტენტის როლში. იმ მარკეტერებს შორის, რომლებიც გენერაციულ ხელოვნურ ინტელექტს ტექსტისთვის იყენებენ, მხოლოდ 6% იყენებს მას მთლიანი კონტენტის დასაწერად, 45% იყენებს იდეებისთვის/ინსპირაციისთვის, 31% იყენებს მონახაზისთვის, და 18% იყენებს პირველი ვერსიისთვის.
წყარო: Hubspot