in

რატომ ვერ ჩაანაცვლებს ხელოვნური ინტელექტი მენეჯერებს?

აზროვნება ყველაზე მნიშვნელოვანია…

ყველა იმ ინსტრუმენტს შორის, რომელსაც მენეჯერები ბიზნესის საწარმოებლად იყენებენ, აზროვნება ყველაზე მნიშვნელოვანია. იგი ინფორმაციის დამუშავების ორ განსხვავებულ გზას მოიცავს – ინტუიციური და გაცნობიერებული, რომელსაც ნობელის პრემიის ლაურეატი დანიელ კანემანი სწრაფ და ნელ აზროვნებას უწოდებს.

pasha-statiebi
pasha-statiebi

დღეისათვის ორივე განზომილებაში კომპიუტერები სულ უფრო მეტად აღემატება ადამიანს . გამოთვლითი სიმძლავრის გამო, კომპიუტერს შეუძლია, ადვილად დაამარცხოს ადამიანი ისეთ ამოცანებში, როდესაც სიტუაციის წესები და პარამეტრები ცნობილია. ამიტომაც, მენეჯერები რეგულარულად იყენებენ მათემატიკურ ოპტიმიზაციას და მოდელირებას. ამასთან, ბოლოდროინდელი კვლევები ადასტურებს, რომ კომპიუტერი მუდმივი თვითტრენინგის საფუძველზე, ინტუიციასაც ავითარებენ.

საბედნიეროდ, ამ ყველაფრის ფონზე არსებობს ერთი შემეცნებითი უნარი, რომელიც ადამიანებს ჯერ კიდევ ანიჭებს უპირატესობას: ეს არის ძალიან ნელა აზროვნება. რაღაცის ხელახალი გაცნობიერება ნელ აზროვნებას იყენებს – ანუ, პროცესს, რომლის მეშვეობითაც, განვსაზღვრავთ პარამეტრებს, მიზნებსა და ვარაუდებს.

მენეჯერების მიერ გადაწყვეტილებების მიღება შეიძლება, ინდუსტრიის ტრადიციებზე, ორგანიზაციულ ისტორიაზე და ლიდერების საკუთარ განათლებასა  თუ გამოცდილებაზე იყოს დაფუძნებული. რადგანაც გადაწყვეტილების მიღება გარკვეულ დროს მოითხოვს, მასზე ერთგვარი “ნელი” ფიქრი გვიწევს.

ხელახალი გააზრება კრიტიკულად მნიშვნელოვანია, რადგან ბიზნეს მოდელებში პიონერული ინოვაცია ხშირად მაშინ ხდება, როცა კომპანიები დამკვიდრებულ რწმენას შორდებიან. მაგალითისთვის მოვიხმოთ ჯეფ ბეზოსი, რომელმაც უარყო, რომ კონკურენციისთვის აუცილებელია იაფი ონლაინ ბიზნეს მოდელი. ამის ნაცვლად, ბეზოსის გადმოსახედით, მთავარი აქცენტი მომხმარებლის გამოცდილებაზე კეთდება და შესაბამისად, ამაზონის ყველა სტრატეგიული გადაწყვეტილება ამ მიზნისკენაა მიმართული.

როდესაც ბაზრის დინამიკა იცვლება, კულტურის გადახედვა შეიძლება, განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყოს. Nokia-ს მაგალითით თუ ვიმსჯელებთ, კომპანიამ განსაზღვრა, რომ წარმატებული ახალი შეთავაზებები გაყიდვებს სწრაფად ზრდის. შედეგად, მან უარი თქვა ბევრ ძვირადღირებულ ინვესტიციაზე, რასაც მყისიერი შედეგი არ მოჰყოლია. ეს მიდგომა განსაკუთრებით დამღუპველი აღმოჩნდა, როდესაც კონკურენცია ეკოსისტემის დონეზე გადავიდა. “ფართომასშტაბიანი სამომხმარებლო მომსახურება ერთ ან ორ წელიწადში არ შეიცვლება. ჩვენ ხშირად გვაკლდა ამის მოთმინება” – ამბობენ კომპანიის წარმომადგენლები.

გარდა ამისა, ადამიანების ძალიან ნელი აზროვნება თანამედროვე ხელოვნური ინტელექტისთვისაც მნიშვნელოვანია. ეს უკანასკნელი არ ფუნქციონირებს, თუ ადამიანები ბიზნეს პრობლემას AI პრობლემად არ გარდაქმნიან. როგორც აჯაი აგრავალი, ჯოშუა განსი და ავი გოლდფარბი ამტკიცებდნენ, ინტელექტი უბრალოდ ალგორითმების პროგნოზირების ფორმაა.

სამყაროში, სადაც მენეჯერებს შეუძლიათ, კომპიუტერი სწრაფი და ნელი აზროვნების უნარის გასაუმჯობესებლად გამოიყენონ, ხელახალი გადააზრების უნარი სულ უფრო მნიშვნელოვანი ხდება. სტატიაში მოცემული ოთხი სტრატეგია კი მის გაზრდაში დაგეხმარებათ:

დრო გამოყავით იმისთვის, რომ პრობლემაზე არ იფიქროთ. კვლევების თანახმად, ინკუბაციის პერიოდმა შეიძლება, უფრო კრეატიული გადაწყვეტილებები წარმოქმნას. როცა პრობლემას ცოტა ხნით გადადებთ, მის ამჟამინდელ ჩარჩოს მოშორდებით და რესტრუქტურიზაციისა და სპონტანური შეხედულებებისათვის მნიშვნელოვანი ადგილი გამოჩნდება. ასე რომ, მას შემდეგ, რაც პრობლემის გადაჭრის პროცესს შეუდგებით, რაიმე სრულიად განსხვავებული გააკეთეთ.

გახადეთ ფარული ვარაუდები აშკარა. ჩვენ დიდწილად არ ვიცით შემზღუდველი, ნებაყოფლობითი ვარაუდები, რომლითაც სიტუაციას მივუდგებით. ჯგუფური პროცესები, რომლებიც კოგნიტური კონფლიქტების გამოწვევის მიზნით არის შექმნილი, მათ იდენტიფიცირებას დაეხმარება. მათ შორისაა დისკუსიების გამართვა, საპირისპირო გადაწყვეტილებების წამოყენება. ასევე, შესაძლოა, პრობლემის მათემატიკური მოდელის შექმნა საკმაოდ გამოსადეგი იყოს – იგი ადამიანებს აიძულებს, რამდენიმე ვარაუდი ჩამოაყალიბონ, თუ რა იწვევს პრობლემას და როგორ უნდა იმუშაოს შემოთავაზებულმა საშუალებებმა. სიმულაციები ხშირად გაუთვალისწინებელ დინამიკას ავლენს, რაც აზროვნებაში გარკვეულ ცვლილებებს იწვევს.

მაგალითად, როდესაც Fluor Corporation-მა სიმულაციები დანერგა, როგორც ხარჯების ცვლილებების პროგნოზირებისა და რთული პროექტების განსაზღვრის საშუალება, მენეჯერებმა გააცნობიერეს, რომ ამ ცვლილებების მართვა წინასწარაა შესაძლებელი.

ჩაერთეთ სახალისო ძიებაში. გადაწყვეტილების მიღების პროცესში წარმოსახვის ელემენტის ჩართვა მენეჯერებს დაეხმარება, მენტალურად დაშორდნენ ფარულ ვარაუდებს და “ინდუსტრიულ რეცეპტებს” და ამასთან, საკუთარი კრეატიული უნარები გააღვივონ. ეს ჩვეულებრივი შეზღუდვებისგან გათავისუფლება შეიძლება, რამდენიმე გზით განხორციელდეს – მაგალითად, ლიდერებს შეუძლიათ, გუნდებს თავიანთი ბიზნეს იდეების მოდელების შექმნა სთხოვონ. თავის მხრივ, ეს იდეების განვითარებასა და დახვეწას შეუწყობს ხელს.

გამოიყენეთ ანალოგიები. ანალოგიები მძლავრი ინსტრუმენტებია ნაცნობი პრობლემების გადასახედად. ერთი ინდუსტრიის იდეები და პრაქტიკა შეიძლება, მეორის შესაცლელად იქნას გამოყენებული. მაგალითად, ბერი გორდიმ Motown Records პოპულარულ ქარხნად აქცია – ამ პროცესში Ford Motor Company-ის ასამბლეის ხაზის მიხედვით ხელმძღვანელობდა.

ზოგიერთ შემთხვევაში კი სრულებით განსხვავებული სფეროების მოხმობაა მომგებიანი, როგორიცაა საბრძოლო სპორტი, ოპერა ან სუპერგმირების კომიქსები. თითოეული მათგანი შესანიშნავ გზას წარმოადგენს ახალი იდეების მისაღებად. ამ თვალსაზრისით საინტერესოა Apple-ის მინიმალისტური დიზაინი, რომელიც კალიგრაფიით, ძენ ბუდიზმითა და ბაუჰაუსის არქიტექტურითაა შთაგონებული. მაშინაც კი, როცა ანალოგია არასრულყოფილია, იგი ნებისმიერ პრობლემას ახალ ფორმულირებას აძლევს.

მენეჯერებს მართლაც შეუძლიათ ამ პრაქტიკების დანერგვა, რათა ხელახალი გადააზრების შესაძლებლობები გაზარდონ. თუმცა აქამდე რამდენიმე მნიშვნელოვანი ნაბიჯია გადასადგმელი, მათ შორის შესაბამისი არხების შექმნა და კულტურის განვითარება. ასევე, თანამშრომლებისთვის სახალისო ძიებისა ე. წ. “ინკუბაციისათვის” საჭირო დრო უნდა მიეცეთ. დროთა განმავლობაში ამგვარი ძალისხმევა აუცილებლად წარმოქმნის გრძელვადიან სარგებელს.

წყარო: HBR



როგორ უნდა განვსაზღვროთ კვებისთვის სწორი დრო?

ყველაზე მნიშვნელოვანი დეტალები Apple-ის დღევანდელი ღონისძიებიდან!