წარმოგიდგენიათ, რამხელა მსხვერპლსა თუ ზარალს ავირიდებთ თავიდან მიწისძვრების ზუსტი წინასწარმეტყველება რომ შეგვეძლოს?! დიახ, ეს ჯერ კიდევ მთავარ გამოწვევას წარმოადგენს მეცნიერებისთვის. თუმცა ახლა ხელოვნურ ინტელექტს ამ პროცესში ერთ-ერთ დამხმარე ხელსაწყოდ განიხილავენ, სწორედ იმიტომ, რომ სეისმური აქტივობების ძალიან დიდი მონაცემების დამუშავება შეუძლია და იმ ნიმუშებისა თუ ანომალიების დადგენა, რაც ჩვენ ყურადღების მიღმა შეიძლება დაგვრჩეს…
მაღალი ალბათობა
დღეს არსებული ხელოვნური ინტელექტის მოდელები გეოლოგიურ მახასიათებლებსა თუ სეისმურ მონაცემებს ამუშავებს, რათა მიწისძვრები იწინასწარმეტყველოს. ეს მოდელები კონკრეტულ ადგილებზე ან დროის მოცემულ პერიოდში მიწისძვრათა ალბათობას ითვლის. მიუხედავად ამისა, მიღებული შედეგები მაინც ძალიან ზოგადია ზუსტი პროგნოზების გასაკეთებლად. არ უნდა დავივიწყოთ, რომ მიწისძვრებს ტექტონიკური ფილების მოძრაობა იწვევს, ეს პროცესი კი მრავალ ცვლადთან და არამდგრადობასთანაა დაკავშირებული…
თუმცა AI მიწისძვრის მონაცემების ანალიზსა და ამასთან, გამაფრთხილებელი სისტემების გაძლიერებისთვის მაინც შეგვიძლია, დავიხმაროთ. რაც შეეხება ზუსტი დროის, ადგილისა და მაგნიტუდის განსაზღვრას, ეს ჯერ კიდევ გამოწვევად რჩება მეცნიერებისთვის, მაგრამ თუ მათ დავუჯერებთ, ესეც მალე შეიცვლება.
ტეხასის უნივერსიტეტის მკვლევრებმა ხელოვნური ინტელექტის ალგორითმი გამოცადეს და მან მიწისძვრის პროგნოზი ერთი კვირით ადრე 70%-იანი სიზუსტით შეუძლო. ცდები 7 თვის მანძილზე გრძელდებოდა ჩინეთში — AI სისტემამ 14 მიწისძვრის ლოკაცია იწინასწარმეტყველა დაახლოებით 320 კილომეტრის მანძილზე იქიდან, სადაც მიწისძვრა მოხდა და სიძლიერეც თითქმის ზუსტად განსაზღვრა. სისტემამ მხოლოდ 8 შეცდომა დაუშვა და ერთი მიწისძვრა გამოტოვა.
„ჯერ კიდევ არ ვართ მსოფლიოს ნებისმიერ ადგილზე მიწისძვრის წინასწარმეტყველებასთან ახლოს, მაგრამ რასაც მივაღწიეთ, იმაზე მეტყველებს, რომ ერთი შეხედვით გადაუჭრელი პრობლემებიც შეიძლება, მოგვარდეს“, — აცხადებს სერგეი ფომელი, პროფესორი.
დიახ, მიუხედავად არსებული ხარვეზებისა, მეცნიერებისთვის შედეგები იმედის მომცემია, რომ, როგორც იქნა, სანდო AI სისტემებამდეც მივედით, რომელიც მიწისძვრის საფრთხის თავიდან არიდებაში დაგვეხმარება.
მიწისძვრებისთვის მომზადება
„თქვენ ვერ ხედავთ მიწისძვრებს, ეს მილიწამების საკითხია და ერთადერთი, რისი კონტროლიც შეგიძლიათ ის არის, თუ რამდენად მომზადებული ხართ. 70% დიდი მაჩვენებელია, რომლითაც, შესაძლოა, ეკონომიკური და ადამიანური დანაკარგი შემცირდეს, მას აქვს პოტენციალი, დრამატულად გააუმჯობესოს მიწისძვრებისთვის მზაობა მთელი მსოფლიოს მასშტაბით“, — განმარტავს ალექსანდროს სავაიდისი, უფროსი მკვლევარი და მეცნიერი.
ამ ეტაპისთვის კი მათ არსებული მოდელის ძლიერი სეისმური აქტივობის მქონე რეგიონებში გამოცდა სურთ, როგორებიცაა კალიფორნია, იტალია, იაპონია, საბერძნეთი, თურქეთი და ტეხასი. ბუნებრივია, ამდენ მონაცემზე ვარჯიში AI მოდელს წინასწარმეტყველების ტემპის გაუმჯობესებაში დაეხმარება და მანძილიც მიწისძვრის ცენტრთან უფრო ახლოს იქნება. შემდგომი გაჩერება კი ტეხასია, სადაც მოდელს TexNet-ის მონაცემებზე გაწვრთნიან, რაც 3000-ზე მეტი სეისმური სადგურის ინფორმაციებსა და 6 წლის უწყვეტ ჩანაწერებს მოიცავს.