ცენტრალური მხედველობის დაკარგვა საგნების პირდაპირ დანახვის შეუძლებლობას გულისხმობს. ამ მდგომარეობაში პაციენტების უმეტესობას მხოლოდ პერიფერიული ხედვა აქვს, რაც ძირითადად ასაკთან დაკავშირებული დარღვევებით ან ისეთი დაავადებებითაა გამოწვეული, როგორიცაა დიაბეტი.
იქიდან გამომდინარე, რომ ტექნოლოგიების განვითარება სულ უფრო მზარდ შესაძლებლობებს გვაძლევს, გამონაკლისი არც ეს შემთხვევაა. ახალი AI მოდელი, რომელიც დანიის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის (DTU) მიერ შეიქმნა, დაეხმარება ადამიანებს, რომლებმაც ცენტრალური მხედველობა დაკარგეს.
ამჟამად სისტემის მიზანია, პაციენტებში კითხვის შაბლონების იდენტიფიცირება შეძლოს, თითოეული ინდივიდის საჭიროებებზე მორგებით. კვლევას პერ ბეგგორი უძღვება, DTU-ს ასოცირებული პროფესორი, რომელიც ასევე ცდილობს უპასუხოს კითხვას, რატომ უჭირს ზოგიერთ ადამიანს კითხვა.
კვლევის ფარგლებში, მოდელი ძირითადად „თვალის მიდევნების“ ტექნიკას იყენებს, პაციენტების თვალის მოძრაობების შესასწავლად. შემდეგ კი მას შეუძლია განსაზღვროს, ტექსტის რომელ ნაწილს ტოვებენ ადამიანები. ამავდროულად, აკვირდება გუგის გაფართოებასა და შეკუმშვას, რათა უკეთ გაიგოს, რომელი პასაჟის კითხვა უძნელდება პაციენტს. შემდეგ კი ყველა მოპოვებულ ინფორმაციას სისტემა აანალიზებს — ასე ადგენს საჭირო შრიფტის ზომას, კონტრასტს, ასოების ფორმას, სტრიქონების დაშორების ინტერვალს სმარტფონებზე, ტაბლეტებსა და კომპიუტერებზე.
როგორც ჩანს, ხელოვნური ინტელექტი სულ უფრო იჭრება სამედიცინო სფეროში. ეს კვლევა კი აჩვენებს, როგორ ეხმარება ტექნოლოგია პაციენტებს ისეთი მარტივი ტექნიკით, როგორიცაა „ავტომატურად მორგებული მკითხველი“. ახლა ერთადერთი საკითხია, შესაძლებელია თუ არა ასეთი ტექნოლოგია ყველასთვის ხელმისაწვდომი გახდეს.