გამოდის, სამომავლოდ თქვენი ფეხსაცმელები ან ჩანთა შეიძლება AI-ის დიზაინის მიხედვით შეიქმნას… გასულ თვეს ნიღბიანი მოდელები M+Museum-ში 80 განსხვავებული სამოსით გამოვიდნენ. Fashion X AI-ის უკან კი 14 დიზაინერი დგას, რომლებმაც AiDA-ს დახმარებით იმუშავეს.

თუმცა AiDa არ უნდა აგერიოთ Ai-DA-ს ხელოვნური ინტელექტის რობოტში, რომელიც ჯერ ხატვით გამოირჩეოდა, შემდეგ კი სასამართლოშიც მოხვდა. ეს ჰონგ-კონგის AiDLab-ის იდეაა, რომელსაც სტუდენტები და მეცნიერები მართავენ. გამოფენას კი აღწერენ, როგორც „მსოფლიოში პირველ დიზაინერების ხელმძღვანელობით ჩატარებულ AI მოდის ჩვენებას“. AiDLab-ის აღმასრულებელი დირექტორი კალვინ ვონგი AiDA-ს დამხმარე ინსტრუმენტადაც მოიხსენიებს.
მეტიც, მას ინდივიდუალური დიზაინის შექმნა სულ რაღაც 10 წამში შეუძლია. თუმცა იგი დიზაინერებს კი არ ჩაანაცვლებს, არამედ მათ მიერ ატვირთულ ესკიზებს, მასალებს, ტექსტურებსა და ფერებს საკუთარი ალგორითმით გაშიფრავს. მსგავსად, ხელოვანების დროსაც დაზოგავს. დიზაინერებს კი, თავის მხრივ, მიღებული შაბლონების რედაქტირებაც შეეძლებათ.

ჰონგ-კონგის მოდის დიზაინერი მაუნთაინ იამი ამბობს, რომ AiDA-მ იდეების რეალობად ქცევის პროცესი არა მარტო გააადვილა, არამედ შთააგონა კიდეც იგი. როგორც Fashion X AI შოუს მონაწილე, იგი AiDA-სთან ბოლო 6 თვის განმავლობაში მუშაობდა. მიღებული გამოცდილებით კი ისეთი კმაყოფილი დარჩა, რომ ეს ნამდვილ რომანტიული გაცნობის ურთიერთობასაც კი შეადარა. იმასაც ამბობს, რომ ხელოვნურ ინტელექტთან ურთიერთობა გრძელვადიანი გახდება.















