ინტერნეტში უამრავ რჩევას წააწყდებით იმაზე, როგორ ვასწავლოთ ხელოვნურ ინტელექტს ჩვენივე ხმითა და სტილით წერა. უმეტესობა გვირჩევს, ალგორითმს ბლოგები, ელექტრონული გზავნილები და სოციალური ქსელების პოსტები გავაანალიზებინოთ.
ეს მიდგომა თავისთავად კარგია, თუმცა ბევრად უფრო ღირებულია, ხელოვნურ ინტელექტს თავად მომხმარებლების შესწავლა დავავალოთ – იმ კონკრეტული სიტყვების ამოკრება, რომლებითაც ისინი საკუთარ საფიქრალს აღწერენ. ბიზნესში ამას მომხმარებლის ხმის ანალიზს ეძახიან და კომპანიები ამ დოკუმენტს ვებგვერდის ტექსტებიდან დაწყებული, გაყიდვების მასალებით დამთავრებული, ყველაფრის საძირკვლად იყენებენ.
დამოუკიდებელი მეწარმეებისთვის, რომლებიც მთელ კვლევას საკუთარ მხრებზე ატარებენ, ხელოვნური ინტელექტი დიდ დროს ზოგავს. მას შეუძლია კლიენტებთან უკვე ჩატარებული საუბრები ერთიან დოკუმენტად შეკრას, შედეგებმა კი შესაძლოა სრულიად შეცვალოს ის ენა, რომლითაც ბიზნესი საკუთარ საქმეს ყიდის.
რატომ სჭირდება ბიზნესს მომხმარებლის ხმის დოკუმენტი
პროდუქტის მართვის გამოცდილება კარგად აჩვენებს, რამდენად მნიშვნელოვანია კლიენტის ნათქვამის ისეთ ენაზე გადმოტანა, რომ დეველოპერებმა მისი აწყობა შეძლონ. ამ პროცესში უამრავი ინტერვიუ იწერება, რადგან მთავარი იმის მოსმენაა, თუ როგორ ყვებიან ადამიანები თავიანთ სირთულეებზე საკუთარი სიტყვებით.
დამოუკიდებელ ბიზნესსაც ზუსტად ასეთი მასალა უგროვდება, რომელიც ხშირად ერთ სივრცეში თავმოყრილი არ არის. მომხმარებლის ხმის ანალიზმა ზუსტად უნდა დაიჭიროს კლიენტების რეალური პრობლემები და მიზნები.
ბევრი მეწარმე ამ ეტაპს თვალს ხუჭავს, რადგან კლიენტებთან ყოველდღიური ურთიერთობის გამო ჰგონია, რომ მათი საჭიროებები ისედაც ზეპირად იცის. თუმცა პრობლემების აღწერისას მეწარმეები ხშირად საკუთარ რთულ პროფესიულ ლექსიკას იყენებენ და არა მომხმარებლის ცოცხალ ენას.
კლიენტების რეალური ფრაზები მარკეტინგის ყველა არხში ჭრის. ეს ცოდნა ამართლებს კომერციული შეთავაზებების შედგენისას, გაცნობით ზარებზე კითხვბის დასასმელად, სარეკლამო მეილების ასაწყობად და ვებგვერდის მთავარი გვერდებისთვის. როდესაც პოტენციური მყიდველი საკუთარ პრობლემას მისთვის ნაცნობი სიტყვებით ხედავს, ბუნებრივად ჩნდება ნდობა, რომ კომპანიას მისი მართლა ესმის.
არსებული მასალის შეგროვება
მუშაობა იმ პირველადი ჩანაწერების თავმოყრით იწყება, რომლებიც უკვე ხელთ გვაქვს. ეს შეიძლება იყოს ონლაინ შეხვედრების ტრანსკრიპტები, ელექტრონული წერილები, საიტის საინფორმაციო ფორმები, შეფასებები და სოციალური ქსელების კომენტარები.
განსაკუთრებით ღირებულია იმ ადამიანებთან საუბრები, რომლებმაც საბოლოოდ მომსახურება არ აიღეს, რადგან მათი ეჭვები და ყოყმანი ზუსტად აჩვენებს იმ ბარიერებს, რაც გადაწყვეტილების მიღებას უშლის ხელს.
უსაფრთხოების წესების დასაცავად, ხელოვნურ ინტელექტში მასალის ატვირთვამდე აუცილებელია კლიენტების სახელებისა და პირადი დეტალების სრულად ამოშლა, განსაკუთრებით მაშინ, თუ მომხმარებლებთან გაფორმებული ხელშეკრულებები პერსონალური მონაცემების გამოყენებას მკაცრად ზღუდავს.
ციტატების ამოღება ალგორითმის დახმარებით
AI კარგად ამუშავებს დიდ ტექსტებს, თუმცა მისი შეჯამებები ხშირად ასწორებს და აქრობს იმ უნიკალურ, ცოცხალ ენას, რომელსაც ვეძებთ. სწორედ ამიტომ, სისტემას პირდაპირი ციტატები უნდა მოვთხოვოთ წყაროს მითითებით.
მოთხოვნა შეიძლება ასე ჩამოყალბდეს – სისტემაში იტვირთება კლიენტებთან საუბრების მასალა, ალგორითმმა კი უნდა გამოყოს ყველაზე ხშირად ნახსენები პრობლემები, სასურველი შედეგები, თანამშრომლობაზე უარის თქმის მიზეზები და განმეორებადი სიტყვები. მთელი ინფორმაცია თემატურად უნდა დაჯგუფდეს და თითოეულ ჯგუფს დაერთოს უცვლელი, სიტყვასიტყვითი ციტატები წყაროსთან ერთად, შეჯამებისა და გადაკეთების გარეშე.
შედეგების მიღების შემდეგ კარგია ციტატების ნაწილის პირველად ტრანსკრიპტებთან შედარება, რადგან ხელოვნურ ინტელექტს შეცდომებიც მოსდის. თუ რომელიმე ფრაზა თავდაპირველ მასალაში არ მოიძებნება, ის დოკუმენტიდან უნდა ამოიშალოს.
დოკუმენტის განახლება ბიზნესის ზრდასთან ერთად
მომხმარებლის ხმის ანალიზი ცოცხალი პროცესია და მისი გადახედვა წელიწადში ერთხელ მაინც არის სასურველი. როცა სწორი მოთხოვნა და საწყისი ბაზა უკვე გამზადებულია, დოკუმენტის განახლება დიდ დროს აღარ წაიღებს.
მთავარი საქმე ამის შემდეგ იწყება, როდესაც ვებგვერდის ტექსტებისა და სარეკლამო მასალების გადამუშავების ეტაპი დგება. მომხმარებლის ხმის ანალიზი სწორედ ის საწყისი წერტილია, რომელიც ბიზნესს საკუთარ საქმიანობაზე საუბრის ენას თავად აუდიტორიის სასარგებლოდ უცვლის.
წყარო: Fastcompany












