Monotype-მა ახლახან გამოაქვეყნა Re:Vision-ის ყოველწლიური ტრენდების მოხსენება და პირდაპირ გვითხრა, რომ ხელოვნური ინტელექტი რევოლუციას მოახდენს დიზაინსა და ტიპოგრაფიაში: „AI გარდაქმნის შრიფტების შექმნის, განთავსების, გამოყენებისა და გააზრების პროცესს“.
თანაც, ამბობენ, რომ AI ტიპოგრაფიასა და იმ გზებს, რომლითაც მასზე ვფიქრობთ, მეტად ხელმისაწვდომს გახდის.
„ხელოვნური ინტელექტი ემოციურ და ფსიქოლოგიურ მონაცემებს გამოიყენებს, რათა დაადასტუროს და გააძლიეროს ის, თუ რამდენად რეზონანსულია ტიპოგრაფია აუდიტორიასთან. დაიცავს და გააფართოებს ჩვენს კოლექტიურ ცოდნას შრიფტების შესახებ და ხელმისაწვდომს გახდის მას ინტელექტუალური ავატარებისა და ჩეტბოტებისთვის“, — ვკითხულობთ მოხსენებაში.
ხოლო ჩარლზ ნიქსი, ადამიანი, რომელმაც Helvetica შექმნა და დღეს Monotype-ის შემოქმედებითი ხელმძღვანელია, გვეუბნება, რომ გასული მეოთხედი საუკუნის მანძილზე ბეჭდვის ფართო გაგება მის ტექნოლოგიურ პროგრესს ჩამორჩა. ბოლო 25 წელში კი უამრავი ახალი შრიფტი ვნახეთ, რის უკანაც ფონტებისა და ტიპოგრაფიის მზარდი პოპულარობა დგას:
„მიუხედავად ამისა, კვლავ წარსულის კითხვას ვსვამთ — რომელი შრიფტი შეესაბამება კონკრეტულ გზავნილს, განწყობას ან ბრენდს? ეს გამოწვევა კვლავ გვრჩება, რადგან ტიპოგრაფია ერთ დროს ნიშური სფერო იყო თავისივე სპეციალიზებული ენით, რომელსაც პრაქტიკაში ექსპერტთა მცირე ჯგუფი თუ ცდიდა. ახლა კი სულ უფრო მეტი ადამიანი ირჩევს ფონტს ყოველდღიურად, AI კი ამის მოგვარებაში ეხმარებათ. ხელოვნური ინტელექტით სასურველი ტიპოგრაფიის პოვნაა შესაძლებელი, ბუნებრივი ენის დახმარებით, რომელიც თქვენთვის სრულყოფილ შრიფტს გაპოვნინებთ, AI თავად ტექსტსაც გაანალიზებს და კონტენტის მიხედვით ფონტებსაც გირჩევთ“.
მაგალითად შეგიძლიათ, AI-ს უთხრათ, რომ შრიფტი ვარდის სუნის მქონე საპნის ბრენდისთვის გსურთ, ხელოვნური ინტელექტი ინტერნეტში არსებულ ათასობით ფონტს გადახედავს და შესაბამის ვარიანტებს წამებში მოგაწვდით.
AI-ს ტიპოგრაფიაში სარგებლის მოტანა რომ შეუძლია, აშკარაა, ამიტომაც მოხსენებაში იმაზეც ამახვილებენ ყურადღებას, რომ დიზაინერები ერთხელ და სამუდამოდ უნდა შეთანხმდნენ, როგორ იქნება ინდუსტრია განწყობილი ხელოვნური ინტელექტის მიმართ. Monotype-ს სჯერა, რომ შემოქმედებით სფეროში ჩართულმა ადამიანებმა საკუთარ თავს რამდენიმე ფუნდამენტური კითხვა უნდა დაუსვან, მათ შორის:
- რას ვაკეთებთ ისეთს, რის გამეორებასაც მანქანა ვერასდროს შეძლებს?
- რომელია განსაკუთრებით ადამიანური ტიპოგრაფიული გამოცდილება?
- AI-ს შეგვიძლია ყველაფერი ვუბრძანოთ და გავაკეთებინოთ თუ ტექნოლოგია ყველაფერს თავისით გააკეთებს და ჩვენს ხედვას არ გაითვალისწინებს?
ფიქრობენ, რომ უშუალოდ შრიფტის დიზაინერებს ხელოვნური ინტელექტი საქმეს გაუმარტივებს, თუნდაც იმიტომ, რომ მას რუტინული საქმეების შესრულება შეუძლია, მოსთხოვონ. შესაბამისად, შესაძლებლობა ექნებათ მეტი დრო შემოქმედებით მხარეს დაუთმონ…
საინტერესოა Monotype-ის კვლევაც, რომელშიც მსოფლიოს მასშტაბით 5000 შემოქმედებითი ადამიანი მონაწილეობდა — 91%-ის თქმით, AI და AI ხელსაწყოები პრაქტიკულია მუშაობის დროს გამოსაყენებლად. დიზაინერთა 34% AI-ის მიმართ ოპტიმისტურად იყო განწყობილი, ხოლო 21% პესიმისტურად. ასეა თუ ისე, მოხსენებაში ვკითხულობთ:
„ტიპოგრაფიის მომავალი ნათელია, ეს არის სივრცე, სადაც ჩვენ, შემოქმედებით სფეროში ჩართული ადამიანები, ჩვენსავე იმპულსებს მივყვებით და ახალ რეალობებს წარმოვიდგენთ…“.