კინოს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული პერსონაჟის გახმოვანების შემდეგ, ჯეიმს ერლ ჯონსი დართ ვეიდერს დაემშვიდობა. დიახ, 91 წლის ასაკში ლეგენდარულმა მსახიობმა Disney-ს ამის შესახებ განუცხადა. ამან კი კომპანია აიძულა, საკუთარი თავისთვის ეკითხა, თუ ვინ ჩაანაცვლებდა ჯონსს, რომელიც ვეიდერს 45 წლის მანძილზე ახმოვანებდა. ხოლო Disney-ს პასუხი AI პროგრამის ირგვლივ ტრიალებდა…
თუ „ვარსკვლავური ომების“ ბოლო შოუები ნახეთ, ე. ი. Respeecher-ის ნამუშევრის შესახებაც გსმენიათ. ეს უკრაინული სტარტაპია, რომელიც საარქივო ჩანაწერებსა და საკუთარ AI ალგორითმს იყენებს, რათა ახალი დიალოგი ძველი შემსრულებლების ხმებით შექმნას. ჯონსის შემთხვევაში კი კომპანია Lucasfilm-თან ერთად მუშაობდა იმისათვის, რომ შეექმნა ხმა ისე, როგორც 1977 წელს ჟღერდა — როცა დართ ვეიდერის ხმა პირველად მოისმინეს.
ბუნებრივია, ეს ყველაფერი ჯონსის თანხმობის გარეშე არ მომხდარა, მან Disney-ს ხმის ჩანაწერებისა და Respeecher-ის პროგრამული უზრუნველყოფის გამოყენების უფლება მისცა, რათა „ვეიდერი ცოცხალი შეენარჩუნებინა“.
ხოლო, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ახლა შეგვიძლია ვეიდერის ხმის შენარჩუნების შესახებ ვისაუბროთ, დისნეის გადაწყვეტილება ხელოვნური ინტელექტის გამოყენების შესახებ, დიდი ალბათობით, უთანხმოებებს წარმოშობს. მაგალითად, იმის შესახებ, თუ როგორ უნდა გამოიყენონ ასეთი ტექნოლოგია შემოქმედებით სფეროებში. თანაც, Getty Images-მა საავტორო უფლებებზე წუხილის გამო AI ხელოვნების ნიმუშები ახლახან აკრძალა… თუმცა ისიც ფაქტია, რომ ჯონის დახმარებით ჩვენ ვეიდერის ხმის გაგონება მისი გარდაცვალების შემდეგაც კი შეგვეძლება.