in ,

ხელოვნური ინტელექტი ფოტოშოპში დამუშავებულ სურათებს ამოიცნობს

Photoshop-ის მიერ, ფოტოს დამუშავებისთვის შემოთავაზებული ინსტრუმენტები ძალიან დახვეწილია და მათი მოხმარებაც, მსოფლიოს მასშტაბით, სულ უფრო ხშირია. შესაბამისად, სოციალური ქსელების სქროლვისას, თუ სხვა ტიპის ვიზუალური კონტენტის თვალიერებისას, რთულია გაარკვიო, რომელი ფოტოა რეალური და რომელი – კარგად დამუშავებული. აღნიშნული პრობლემიდან გამომდინარე, ინტერნეტი არასანდო ადგილად იქცა, სადაც რთულია განსაზღვრო, სად მთავრდება რეალობა და იწყება ვიღაცის ოცნება საკუთარ გარეგნობაზე.

სოციალურ ქსელებში ყალბი კონტენტის გავრცელების შემცირების მიზნით, Adobe-მ სპეციალური ალგორითმი – ხელოვნური ინტელექტი შექმნა, რომელსაც ავტომატურად შეუძლია დაფოტოშოპებული გამოსახულების ამოცნობა. მეტიც, ფოტოს პირველადი ვერსიის – დედნის გენერირება და იმ ადგილებზე მითითება,  რომელიც პროგრამის მეშვეობით „გაასწორეს“. ხელოვნური ინტელექტი 99%-იანი აკურატულობით მუშაობს.

ყალბ ფოტოს ხელოვნური ინტელექტი ათასობით ფოტოს გაანალიზების შედეგად ცნობს. აქ შეიძლება გაჩნდეს კითხვა – რა თუ ციფრულ სამყაროში არსებული ამა თუ იმ ადამიანის ყველა გამოსახულება, ან ფოტოების მნიშვნელოვანი ნაწილი, ყალბია? ფოტოს დამუშავებას, ამ შემთხვევაში, კი სახის ნაკვთების ცვლილებას აქვს ერთი ასეთი მახასიათებელი – საკუთარ ფოტოს ყოველ ჯერზე ისე ვერ დაამუშავებთ, რომ ყველა გამოსახულებაში იდენტური ნაკვთები გქონდეთ.

ალგორითმი Adobe-ს მკვლევარებმა – რიჩარდ სენგმა და ოლივერ ვანგმა, უნივერსიტეტ UC Berkeley-ს გუნდთან – შენგ-იუ ვანგთან, დოქტორ ენდრიუ ოუენსთან და პროფესორ ალექსეი ეფროსთან თანამშრომლობით შექმნეს. კვლევა DARPA MediFor პროგრამის ფარგლებში დაფინანსდა და Adobe-ს მხრინად, სახის ამოცნობის ტექნოლოგიის დანერგვის პროექტს უკავშირდება. Adobe-ში იმედოვნებენ, რომ ეს ხელოვნური ინტელექტი გახდება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ინსტრუმენტი ფოტოების ავთენტურობის დასადგენად, თუმცა, ჯერჯერობით უცნობია, როგორ და როდის გახდება ხელმისაწვდომი ეს ციფრული პროდუქტი მომხმარებლისთვის. სავარაუდოდ, მას Adobe-ს განახლებებში უნდა ველოდოთ.

ავტორი: ხატია თორდუა

H&M-ისა და არიანა გრანდეს კოლაბორაცია

შემოქმედებითი ინდუსტრია სპორტში! – მინიფეხბურთი ACAG-ის წევრებს შორის