გარკვეული მინიშნებებისა და დემოების შემდეგ, თუ როგორი შეიძლებოდა ყოფილიყო პირველი AI მოწყობილობა, Humane-მა საბოლოო სახე მისცა მას და AI Pin უკვე ოფიციალურად გამოუშვა. კომპანია ფიქრობს, რომ იგი სმარტფონის მსგავს განვითარების გზას დაადგება… თუმცა ის, რასაც Pin შემოგთავაზებთ, ცოტათი შორს იქნება ნაცნობი ტექნოლოგიებისგან.
არც საწყისი ეკრანი ექნება, არც უამრავი პარამეტრი თუ ექაუნთები სამართავად. პინის იდეა ბევრად მარტივია, უბრალოდ შეგიძლიათ, ისაუბროთ ან შეეხოთ მოწყობილობას, უთხრათ, რისი გაკეთება გსურთ ან რისი ცოდნა და იგი პასუხებს ავტომატურად მოგაწვდით. თუ გასულ წელს ჩეტბოტებში მრავალი ფუნქცია ვიხილეთ, რომელიც მარტივ ტექსტურ ბრძანებას ექვემდებარებოდა, Humane-იც ახლა სწორედ ამის ჩაშენებას აპირებს გაჯეტში.
თუმცა Rewind Pendant-ის მოწყობილობისგან განსხვავებით, იგი ყოველთვის არ ჩაიწერს და არც მოგისმენთ, როცა ჩართული იქნება. თავად შეძლებთ მის გააქტიურებას თითის დაჭერით სენსორულ პანელზე. შემდეგ კი Trust Light აინთება, რათა თქვენ და თქვენ ირგვლივ მყოფებს აცნობოს, რომ იგი აგროვებს მონაცემებს. ასე რომ, არც კონფიდენციალურობაზე უნდა გქონდეთ ეჭვები…
უფრო ტექნიკური საკითხებისკენ რომ გადავინაცვლოთ, AI Pin-ს Snapdragon პროცესორი აქვს, თუმცა ზუსტად რომელი, ეს ჯერ არ ვიცით. მას ხმის, კამერის, ჟესტებისა და პატარა ჩაშენებული პროექტორის დახმარებით გააკონტროლებთ. თავად პინი კი დაახლოებით 34 გრამს იწონის, რასაც ბატარეის კიდევ 20 გრამი ემატება. რაც შეეხება ჩაშენებულ კამერას, იგი 13-მეგაპიქსელიან ფოტოებს იღებს და როგორც კი პროგრამა განახლდება, ვიდეოს გადაღებასაც მოახერხებს.
ფუნქციებზე უფრო კონკრეტულად რომ ვისაუბროთ, ეს ის არის, რაც დემოს გამოშვებისას უკვე განაცხადეს: ხმოვანი შეტყობინებები და ზარები. აქვეა Catch Me Up-ის ფუნქციაც, რომელიც თქვენი ელ.ფოსტის გადავსებულ ყუთს შეგიჯამებთ. ხოლო, თუ საკვებს კამერასთან ახლოს მიიტანთ, მასზე დეტალურ ინფორმაციებსაც მოგაწვდით, თარგმანს კი რეალურ დროში შემოგთავაზებთ. როგორც ჩანს, მოწყობილობის ერთ-ერთი ძირითადი დანიშნულება ტარებადი LLM-ზე მომუშავე საძიებო სისტემის შეთავაზებაცაა. მომავალში კი ნავიგაციისა და შოპინგის ფუნქციების დამატებას აპირებენ, ამასთან, დეველოპერებს საკუთარი ხელსაწყოების შექმნის საშუალებას მისცემენ.
AI Pin 699 დოლარი ღირს და ორნაწილიანია: ოთხკუთხედი მოწყობილობა და ბატარეის ნაკრები, რომლებიც მაგნიტურად ეკვრის თქვენს ტანსაცმელს ან სხვა ზედაპირს. თუმცა ფასის ერთჯერადად გადახდა არ გიწევთ, Humane-ის გამოწერაც დაგჭირდებათ, რომლის ყოველთვიური თანხა 24 დოლარს შეადგენს. ეს T-Mobile-ის ქსელის ტელეფონის ნომერსაც მოიცავს.
თავად Humane კი AI Pin-ს უფრო დიდი პროექტის დასაწყისად მიიჩნევს. აცხადებენ, რომ იგი არსებული მოდელების გაუმჯობესებასთან ერთად დაიხვეწება და ზუსტად ისე განვითარდება, როგორც ეს სმარტფონების შემთხვევაში მოხდა — დროთა განმავლობაში უკეთესი მოწყობილობები თუ პროგრამები გაჩნდება, რაც, თავის მხრივ, მომხმარებელთა გამოცდილებას გააუმჯობესებს. მართალია, ჯერ წინ კიდევ ბევრი სამუშაოა, მაგრამ Humane აშკარად მზადაა ამისთვის…