in

4 AI პლატფორმა კონტენტ მარკეტერებისთვის

ბევრი ჩვენგანისთვის მარტივი სულაც არ არის ხელოვნური ინტელექტის მიერ გამოწვეულ რევოლუციასთან გამკლავება — ირგვლივ არსებობს შიში, რომ ტექნოლოგიას სათანადოდ ვერ ავითვისებთ, ჩვენს მოთხოვნებს ვერ მოვარგებთ და პირიქით, თავად უნდა მოვერგოთ მას. გარდა ამისა, ზოგიერთ ინდუსტრიაში კი ფიქრობენ, რომ AI საბოლოოდ მხოლოდ ტექნოლოგიური სფეროს ნაწილია, კრეატიულ საქმიანობაში კი მალევე დაივიწყებენ.

მაგალითისთვის, კონტენტ მარკეტინგის ჭრილში განვიხილოთ: ამ ტიპის სააგენტოებში ძირითად ძალას მწერლები და რედაქტორები წარმოადგენენ — ამას ხელოვნური ინტელექტიც ვერ ცვლის. ყოველ შემთხვევაში, ამ ეტაპზე AI ხელსაწყოებს მხოლოდ მიწოდებული მოთხოვნისა და ტექსტის დამუშავება შეუძლია, ხოლო კრეატიულ, ორიგინალურ იდეებს ვერ იფიქრებს.

უბრალოდ, დღევანდელ გიჟურად ჩქარ სამყაროში ხელოვნური ინტელექტი გვეხმარება, თასქები სწრაფად შევასრულოთ, საქმე გავიმარტივოთ და გონება სრულად ისეთი ამოცანებისკენ მივმართოთ, რომელთა ავტომატიზებაც შეუძლებელია. ამიტომაც, სტატიაში გთავაზობთ 4 AI ინსტრუმენტს, რომელთა გამოყენებაც კონტენტ მარკეტინგის სფეროში შეგიძლიათ — არა, ChatGPT-ის არ ვახსენებთ.

Copy.ai

ეს იდეალური პლატფორმაა მცირე ფორმატის კონტენტის შესაქმნელად, როგორიცაა ელ.ფოსტა, ბლოგები და სოციალური მედიის ფოსტები. Copy.ai ინტუიციურია და მომხმარებლებს საშუალებას აძლევს, გენერირებული ტექსტისთვის სასურველი ტონი აირჩიოს — მეგობრული ან დამაჯერებელი.

იმისათვის, რომ აღნიშნული პლატფორმის გამოყენებით ეფექტური ტექსტი მიიღოთ, რამდენიმე მითითება უნდა ჩამოწეროთ. ინსტრუმენტი რამდენიმე ვარიანტს აგენერირებს, რომელთაგან საუკეთესოს არჩევაც შეგიძლიათ. თანაც, Copy.ai ყოველთვიურად 2000 სიტყვამდე სრულიად უფასოა, თუმცა მარკეტინგის გუნდებს მისი Pro ან Enterprise გეგმები დასჭირდებათ.

Sudowrite

თუ კრეატიულ სფეროში მუშაობთ (ნოველები, სცენარის წერა, სთორითელინგი), Sudowrite შეიძლება მშვენიერი ხელსაწყო იყოს თქვენთვის. ორი მწერლის მიერ დაფუძნებული პლატფორმა მომხმარებლის ტონსა და სტილს აანალიზებს, გამოყოფს საკვანძო მომენტებს. ეს დაგეხმარებათ, ახალ ტექსტზე დაიწყოთ მუშაობა ან უკვე არსებული ჩანაწერები გაამრავალფეროვნოთ, მოცულობაში გაზარდოთ.

მისი ღირებულება თვეში $10-დან იწყება, რაც 30 000 AI გენერირებულ სიტყვას მოიცავს.

Craftly.AI

აღნიშნული პლატფორმა 2021 Women in Content Marketing Awards-ის (WICMA) გამარჯვებული გახდა, როგორც „ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებული ქოფირაითერი ასისტენტი“. Craftly.AI-ის შეუძლია პროდუქციის აღწერის, გუგლისა და ფეისბუქის რეკლამის ქოფის დაწერა, ბლოგის იდეების შემოთავაზება…

მთლიანობაში, ის განსაკუთრებით იდეალურია მარკეტერებისთვის, რომლებიც ელექტრონულ კომერციაზე არიან ფოკუსირებულნი და ციფრული რეკლამირების განვითარებაზე ზრუნავენ. ღირებულება თვეში $25-დან იწყება.

Narrato Workspace

ქოფირაითინგის გარდა, ხელოვნურ ინტელექტს კონტენტ მარკეტინგის პროცესების კუთხითაც შეუძლია დახმარება. ამის მაგალითია Narrato Workspace — AI პლატფორმა, რომელიც კონტენტის დაგეგმვის ხელსაწყოებს გვთავაზობს, მათ შორის თასქების გადანაწილებისთვის. მისი გამოყენება შესაძლებელია როგორც უფასოდ (შეზღუდული ფუნქციებით), ისე თვეში 9 დოლარად.

სიმღერების სია, რომელიც Skoda-მ ოთხფეხა მეგობრების მშვიდი მგზავრობისთვის შეადგინა

3D პრინტერით დაბეჭდილი რაკეტა უკვე კოსმოსშია!