in

„AI იმეჯინერი“, „დიზაინერ-ინჟინერი“ – როგორ ჩნდება ინდუსტრიაში ახალი ჰიბრიდული პროფესიები

Lenovo
Lenovo

ბოლო თვეების განმავლობაში, ვაკანსიების კუთხით, ერთი საინტერესო ტენდენცია შეინიშნება. ტრადიციული პოზიციების გვერდით, როგორიცაა დიზაინერი, ინჟინერი ან პროდუქტის მენეჯერი, სრულიად ახალი როლები ჩნდება. მათ ხშირად „დიზაინერ-ინჟინერს“, „ბილდერს“ ან „დიზაინ-ქრაფთერს“ უწოდებენ. ეს ტერმინები კი იმაზე მიუთითებს, რომ დიზაინის ინდუსტრია გარდამტეხ მომენტშია და როლების სრული გადაფასება უკვე დაიწყო.

თუ შარშანდელი, სადებიუტო გამოკითხვისას დიზაინერები ხელოვნურ ინტელექტთან მხოლოდ ექსპერიმენტებს ატარებდნენ, სულ რაღაც ერთ წელიწადში ტექნოლოგია მათი ყოველდღიურობის განუყოფელი ნაწილი გახდა და თავად პროფესიის განმარტებასაც კი თავიდან წერს. ბოლო ორი ათწლეულის განმავლობაში, პროგრამული უზრუნველყოფის შექმნის პროცესი თითქმის უცვლელი იყო – ვიღაც იგონებდა კონცეფციას, პროექტის მენეჯერთან ერთად აზუსტებდა დეტალებს, შემდეგ დიზაინერი ამ ყველაფერს ვიზუალურად აფორმებდა, ბოლოს კი ინჟინერი პროდუქტს კოდში აქცევდა. დღეს კი ხელოვნური ინტელექტი ამ ტრადიციულ ჯაჭვს სრულად შლის. მონაცემები აჩვენებს, რომ ზღვარი სხვადასხვა როლს შორის სულ უფრო ბუნდოვანი ხდება, თუმცა თავად დიზაინერის ფუნქცია იმაზე მნიშვნელოვანია, ვიდრე ოდესმე.

სულ რაღაც ერთ წელში ინდუსტრიაში ხელოვნური ინტელექტის აღქმა რადიკალურად შეიცვალა. თუ ადრე მას მხოლოდ ბრეინშტორმინგისა და იდეების გენერირებისთვის იყენებდნენ, ახლა ის დიზაინ-პროცესის თითქმის ყველა ეტაპზეა ინტეგრირებული. 2025 წლის მონაცემებით, გამოკითხულთა მხოლოდ 54% იყენებდა ხელოვნურ ინტელექტს კვირაში ერთზე მეტჯერ; დღეს კი ეს მაჩვენებელი 91%-მდე გაიზარდა – დიზაინერები AI ინსტრუმენტებს კვირაში რამდენჯერმე ან ყოველდღიურად მიმართავენ. ტექნოლოგიამ რამდენიმე იზოლირებული ეტაპის გაუმჯობესებიდან მთელი სამუშაო ციკლის ბაზისში გადაინაცვლა.

ამან დიზაინერების სამუშაო ინსტრუმენტების ნაკრებიც საგრძნობლად გაართულა. თუ 2025 წელს ისინი საშუალოდ სამ AI ხელსაწყოს იყენებდნენ, 2026 წლისთვის ეს რიცხვი შვიდამდე გაიზარდა. გასულ ოქტომბერში Claude-მა დიზაინერების ფავორიტი ხელსაწყოების რეიტინგში პირველი ადგილი ჩამოართვა ChatGPT-ს – გამოკითხულთა 78% უპირატესობას სწორედ Claude-ს ანიჭებს, მაშინ როცა ChatGPT-ს 65% იყენებს. ამასთან, რესპოდენტთა თითქმის ორმა მესამედმა – 65%-მა – აღნიშნა, რომ უკვე აქტიურად იყენებს ახალ Claude Code-ს. სხვა პოპულარულ ინსტრუმენტებს შორის კვლავ ლიდერობს Figma, კოდირებისთვის – Cursor, ხოლო შეხვედრების ჩასაწერად და დასასკრიპტად – Otter და Fathom.

საინტერესოა ისიც, რომ ბევრი დიზაინერული გუნდი ბაზარზე არსებული მზა გადაწყვეტილებებით აღარ შემოიფარგლება და საკუთარ, შიდა AI სისტემებს აშენებს. სტატისტიკის მიხედვით, მსხვილ კორპორაციებში მომუშავე დიზაინერების 63% კომპანიის მიერ შექმნილ შიდა AI ინსტრუმენტებს იყენებს, სტარტაპებში კი ეს მაჩვენებელი მხოლოდ 13%-ია.

თავად „დიზაინერის“ დეფინიციაც იცვლება. დღეს, ბევრი დიზაინერი ხელოვნური ინტელექტის დახმარებით პროგრამული უზრუნველყოფის დეველოპმენტის იმ ნაწილში შედის, რომელიც ადრე ექსკლუზიურად ინჟინრების საქმედ მიიჩნეოდა. დიზაინერების მთელი 50% აცხადებს, რომ მათ მიერ AI-ით გენერირებული კოდი პირდაპირ საბოლოო პროდუქტში იშვება. Figma-სა თუ Claude Code-ის დახმარებით, ისინი თავად წერენ კოდს მოუშენ-გრაფიკისთვის, ბექენდ-სისტემებისთვის თუ აპლიკაციის შიდა ხელსაწყოებისთვის, რაც საბოლოო ინტერფეისის ნაწილი ხდება.

ჰიბრიდული პროფესიები – Frankenjobs

ინდუსტრიაში მიიჩნევენ, რომ დიზაინერის, ინჟინრისა და პროდუქტის მენეჯერის როლების ეს შერწყმა თანამშრომლებს აიძულებს, გახდნენ ვიწრო სფეროს ექსპერტები, რათა დანარჩენ გუნდს მიმართულება მისცენ. მაგალითად, მოუშენ-დიზაინერებს მოუწევთ კიდევ უფრო ღრმად შეისწავლონ თავიანთი ხელობა, მაგრამ ამავდროულად, AI-ზე დაფუძნებული მრავალფეროვანი ინსტრუმენტებიც აითვისონ.

პარალელურად, ეს პროცესი სრულიად ახალ პოზიციებს შობს. ტრადიციული UI/UX დიზაინერის აღწერილობები ნელ-ნელა ქრება და ადგილს უთმობს „პროდუქტის დიზაინერს“ ან „დიზაინერ-ინჟინერს“, რაც უფრო ფართო უნარებზე მიუთითებს. ზოგიერთი კომპანია უკვე ფიქრობს ისეთი როლის შემოღებაზე, რომელიც ორიენტირებული იქნება კომპანიის შიდა AI სამუშაო პროცესების გამარტივებასა და სპეციალური ხელსაწყოების შექმნაზე – ამ კონცეფციას AI imagineer-ს უწოდებენ. ახლო მომავალში კიდევ უფრო მეტი ახალი ტერმინი გაჩნდება იმ ადამიანების აღსანიშნავად, რომლებსაც ერთ სფეროში ღრმა ცოდნა აქვთ, მაგრამ პარალელურად ორ ან სამ სხვა უნარსაც იდეალურად ფლობენ.

წყარო: Fastcompany

Background Music – ქართული ფონური მუსიკის სერვისი ბიზნესისთვის

Google-ის ახალი AI ხელსაწყოები, რომლებიც მარკეტერებს გამოადგებათ