თუ არქიტექტორს ისეთი შენობის აგება ენდომებოდა, რომელიც ნიუ-იორკის ზაფხულის მზის ჩასვლის ფერის შესაბამისი იქნებოდა, ინდუსტრიის მიერ შემუშავებული ასობით ფერადი დიაგრამის შესწავლა მოუწევდა. ამ შემთხვევაშიც რაიმე მიახლოებულს თუ იპოვიდა, რაც ასევე რთული ამოცანა იქნებოდა. თუმცა Sherwin-Williams-ის ახალი, ხელოვნური ინტელექტის მქონე ხმოვანი ხელსაწყო, ასეთი ინოვაციური იდეების განვითარებაში დაგეხმარებათ.
ცოტა ხნის წინ საღებავების ბრენდმა წარადგინა Talking Color — ინსტრუმენტი, რომელიც მომხმარებლებს საშუალებას აძლევს, მას გარკვეული ადგილების, ობიექტების ან ელფერების შესახებ უამბონ, რათა სრულყოფილი ფერი მიიღონ. თავდაპირველად ზოგადი აღწერაა საჭირო, როგორიცაა „ზაფხულის მზის ჩასვლა ნიუ-იორკში“. შემდეგ კი პროგრამა პასუხების შესაბამის ვერსიებს გთავაზობთ ფოტოების სახით. ასევე, უფრო დეტალური პრეფერენციებიც დასარეგულირებელია — „მუქი წითელი“, „უფრო ნოსტალგიური“, „მეტი მზის სხივები“ და ა. შ.
Wunderman Thompson-თან პარტნიორობით შემუშავებული ეს ვებ-აპლიკაცია ბუნებრივ ენას იყენებს, თქვენი სასურველი ფერის მოსაძებნად. ხელსაწყოს მორგებული ალგორითმი კი ფერების დარეგულირების საშუალებას იძლევა. მარტივად რომ ვთქვათ, ისეთი ფრაზები, როგორიცაა „უფრო 1980-იანი წლების მსგავსი ელფერი“, „მეტი სითბო“ და სხვ., მათემატიკურ კორექტირებად გარდაიქმნება.
Sherwin Williams Speaking in Color from Wunderman Thompson on Vimeo.
ამ დროისათვის ეს ინსტრუმენტი ექსკლუზიურად არქიტექტორებისთვის და მაღალი ხარისხის roll-to-roll საღებავის კომპანიისთვის არის განკუთვნილი, რათა მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი ფერადი ბიბლიოთეკა ააშენონ. ასე რომ, ჯერ ადრეა სამზარეულოს გადაღებვაზე ფიქრი…
კრისტიან ზიმპრიჩი, Sherwin-Williams Coil Coatings-ის მარკეტინგის მენეჯერი აღნიშნავს, რომ Talking Color ბრენდის წარსული მუშაობის მთავარ ევოლუციას წარმოადგენს. „ახალ ინსტრუმენტებსა და ტექნოლოგიებში ინვესტირება ისეთი რამის შესაქმნელად, რაც აქამდე არავის გაუკეთებია, მოითხოვს დროს, ნდობას და მოქნილობის უნარს. საბოლოო შედეგის მიღწევა ყოველთვის ადვილი არ არის… უბრალოდ, უნდა გჯეროდეთ კონკრეტული იდეის და ძალისხმევა არ დაიშუროთ“.