არც წითელი ბარათები ყოფილა, არც მსაჯები და არც ადამიანი მწვრთნელები, ფეხბურთის მოედანზე მხოლოდ 6 ჰუმანოიდი რობოტი იყო… მოკლედ, პეკინმა ჰუმანოიდი რობოტების პირველ საფეხბურთო მატჩს უმასპინძლა. 4 უნივერსიტეტის გუნდმა ნამუშევრები Yizhuang Development Zone-ში წარადგინა, ჩინეთის სრულად ავტონომიური 3-3-ზე ჰუმანოიდი რობოტების ტურნირზე. მიღებული შედეგები კი გვარწმუნებს, რამდენად შორს მიდის ხელოვნური ინტელექტი სტრატეგიის, მოძრაობისა თუ მყისიერი გადაწყვეტილებების მიღების კუთხით.
თითოეულმა გუნდმა მოედანზე 3 რობოტი და ერთი სათადარიგო მოთამაშე წარადგინა, რომლებიც სპეციალურად შექმნილი სისტემით იყვნენ დაპროგრამებულნი, რათა ემართათ ყველაფერი, ბურთის გადაცემით დაწყებული, გოლის გატანით დამთავრებული, რაღა თქმა უნდა, ადამიანების ჩართულობის გარეშე.
თანაგუნდელების იდენტიფიცირებისთვის, მოწინააღმდეგეების თვალყურის დევნებისა და 20 მეტრის მანძილიდან ბურთის მდებარეობის დასადგენად Booster Robotics-ის T1-ის ჰუმანოიდურ პლატფორმებზე აგებული რობოტები თანამედროვე კამერებსა და სენსორებს იყენებდა. სიღრმისეული სწავლების მეთოდის გამოყენებით კი, თანაგუნდელები ორ 10-წუთიან ტაიმს თამაშობდნენ თითოეულ მატჩში და მუდმივად ცვალებად გარემოზე რეალურ დროში რეაგირებდნენ.
მართალია, აქ ჩვენთვის ნაცნობი საფეხბურთო მომენტები არ ყოფილა, მაგრამ რობოტების მატჩსაც ჰქონდა თავისი გამორჩეული მომენტები — ფინალში Tsinghua University-ის THU Robotics-მა Agricultural University-ის Mountain Sea-ის გუნდი 5-3 ანგარიშით დაამარცხა! შეჯახების გამო ზოგიერთი რობოტი მოედნიდან გაიყვანეს, მაგრამ მთლიანი თამაში არ გაჩერებულა. თანაც, რობოტებს დაცემის შემდეგ ადგომისა და ავტონომიური ნავიგაციის უნარი ჰქონდათ.
აღსანიშნავია ისიც, რომ პეკინი აგვისტოში World Humanoid Robot Sports Games-ის მასპინძლობისთვის ემზადება, ეს მატჩი კი შესანიშნავი რეპეტიცია გამოდგა ხელოვნური ინტელექტის უნარების დემონსტრირებისთვის სტრესულ გარემოში…