in

აი, როგორ მუშაობს AI არტისტი

ინტერვიუების სერიით: „აი, როგორ ვმუშაობ“ , გვინდა, მარკეტერის მკითხველს სხვადასხვა პროფესიაზე უფრო მკაფიო წარმოდგენა შევუქმნათ. ამისთვის გადავწყვიტეთ, სხვადასხვა სფეროს პროფესიონალებისთვის თავიანთი სამუშაო პროცესის გაზიარების საშუალება მიგვეცა. ამჯერად, საკუთარ პროფესიაზე AI არტისტი დავით ჯიჯავაძე გვესაუბრება, რომელმაც ეს მიმართულება დამოუკიდებლად აითვისა, შემოსავლიან საქმედ აქცია და დღეს, უცხოელ დამკვეთებს ემსახურება, მათ შორის, ჰოლივუდიდან.

M: როგორია იყო AI არტისტი და როგორ დაეუფლე ამ მიმართულებას?

იყო AI არტისტი, არის ის მიმართულება, როდესაც შეგიძლია ხელოვნებისადმი მიდრეკილმა ადამიანმა თანამედროვე ტექნოლოგიებით, შეძლო შენი იდეების რეალიზება სწრაფად და ორიგინალურად, აქციო შენი ნამუშევარი იმ ერთადერთ ნამუშევრად, რომლის იდენტურსაც ვერავინ გააკეთებს. ეს არის ხელოვნებისა და ტექნოლოგიების ნაზავი. ეს არ ნიშნავს იმას რომ AI ლიდერობს ამ ყველაფერში. მთავარი მაინც ის არტისტია, რომელიც აძლევს თავის ემოციებს და გრძნობებს ვიზუალს. AI არტი არის ჩემთვის სრულიად ახალი ხელოვნების მიმართულება. უცხოეთში საკმაოდ ბევრია ამ ხელოვნების მიმდევარი ადამიანი. ჩვენს რეალობაში საკმაოდ დიდი ნეგატივიც ახლაც, რომ ამით იმ ხელოვანებს შეურაცხყოფას ვაყენებთ, რომლების მთელი სიცოცხლის მანძილზე ქმნიდნენ შედევრებს. ვფიქრობ, ეს ასე არ არის. როგორც ყველა არტისტი, AI არტისტიც თავისი გრძნობებით მოძრაობს. არის შემთხვევები როდესაც უბრალოდ ისეთ ნამუშევარს იღებ, რომ ვერც კი წარმოიდგენდი ამ ყველაფერს. AI არტი არ გზღუდავს რაიმე კონკრეტულ მიმდინარეობაში, მაგალითად შეგიძლია შექმნა სიურრეალისტური, ფუტურისტული ან თუნდაც აბსტრაქტული ნამუშევრები, შეგიძლია მათი კომბინაციაც მოახდინო. ეს არის ახალი და ინოვაციური მიმართულება.

სამწუხაროდ არ მეძლეოდა შანსი იმის, რომ ჩემი გრძნობები და ემოციები გამეზიარებინა ვინმესთვის, სანამ არ აღმოვაჩინე ის ხელსაწყოები და შესაძლებლობები რომელსაც გვაძლევს AI, დავინტერესდი და მოვიძიე უამრავი ინფორმაცია, დავეუფლე სრულიად ამ მიმართულებას. გავაერთიანე ხელოვნების ისტორია, დიზაინის პრინციპები და შევქმენი ის იდეა, რომლითაც ჩემი სათქმელი გამოვხატე.

M: რა მიმართულებებით ქმნი კონტენტს და როგორია შენი მუშაობის პრინციპი?

AI არტი მხოლოდ სტატიკური ნამუშევრებით არ შემოიფარგლება. შესაძლებელია მათი გაცოცხლება და ამოძრავება, ჩემი კონტენტიც კონკრეტულად ამას ეხება. აგვისტოს თვიდან დავიწყე აქტიური მუშაობა და განვითარება ამ მიმართულებით. 

ძალიან მომწონს დაკვირვება, ყოველდღიურობაში დეტალების შესწავლა, ეს შეიძლება იყოს რაიმე მოვლენა, უბრალოდ ნივთი, ამინდი და ა.შ. ასევე მთლიანი ინსპირაცია შეიძლება წამოვიდეს ჩემი არსებული ემოციებით, ან უბრალოდ სიმღერის მოსმენით. 

ამ ყველაფერს ვქმნი და საზოგადოებას ინსტაგრამის მეშვეობით ვუზიარებ. საკმაოდ დიდი და დადებითი გამოხმაურება მოყვა უცხოელი საზოგადოებისგან, რაც უფრო მეტ ემოციას მაძლევს და იმის იმედს მიმყარებს, რომ სწორი მიმართულებით ვმოძრაობ.


M: როგორ დაიწყე ამ მიმართულებით კომერციულ პროექტებზე მუშაობა?

თავდაპირველად ეს უბრალოდ ჩემთვის და ჩემი მეგობრებისთვის იყო, მაგრამ ძალიან მალე ეს ყველაფერი შეიცვალა. ინსტაგრამის გააქტიურებასთან ერთად, უცხოეთიდან ბევრმა დაიწყო ჩემთან დაკავშირება, რათა მათთვის შემექმნა ნამუშევრები, როგორც თავისი პირადი მიზნებისთვის, ასევე კომპანიებისთვის.

M: როგორ შედგა თანამშრომლობა ჰოლივუდელ კომპოზიტორთან?

პირველი შეკვეთა აღმოჩნდა ის იმედი, რომ ჩემი შრომა დამიფასდა. ეს იყო ბიძგი ამ საქმის საკეთებლად. სოციალური ქსელით დამიკავშირდა დამკვეთი ჰოლივუდიდან, დადებითად შეაფასა ჩემი შემოქმედება და მისი პრობლემა გამაცნო. ეს ქალი არის კომპოზიტორი. მას სურდა რომ ჩემი დახმარებით მის კომპოზიციას ორიგინალური და განსხვავებული ვიზუალიც ჰქონოდა და შანსი მომცა მემუშავა მის ალბომზე. შევქმენი და გადმოვეცით ის ემოცია და გრძნობები, რაც თითოეულ კომპოზიციაში იყო გამოხატული.


M: გვიამბე სხვა საინტერესო პროექტებსა და თანამშრომლობაზე…

ჩემ პროექტებზე დაკვეთები ძირითადად ამერიკიდან არის, ამ მცირე პერიოდში უამრავ ადამიანთან მქონია კოლაბორაცია. ყველა მათგანი სრულიად სხვადასხვა მიმართულებით შევქმენით. ბევრი მათგანი მუსიკოსია, რომელსაც სურს ნამუშევრის პრეზენტაცია, განსხვავებული ვიზუალური ნამუშევრების შექმნის წყალობით. წიგნისა და სხვადასხვა პროდუქტის პრეზენტაციების ვიზუალებზეც მომიწია მუშაობა. 

ძალიან დიდ მიღწევად ვთვლი, რომ ამ მიმართულებით, თვითონ კომპანიის ინიციატივით დავსაქმდი ამერიკაში AI არტისტად.

ყველაზე მეტად დამამახსოვრდა ემიგრანტი გოგონა ინდოეთიდან, რომელიც ამერიკაში ცხოვრობს. ყოფილი ექიმია და მუდმივად იმ პრობლემის წინაშე იყო, რომ ყველა პაციენტმა არ იცოდა ინგლისური ენა და უჭირდა კომუნიკაცია. მან სრულიად შეცვალა თავისი მიმართულება და შექმნა Voice to Voice ხელოვნური ინტელექტი, მიიღო Microsoft-ისგან დაფინანსება, ეს პლატფორმა სრულიად მოარგო კლინიკებისთვის და სამედიცინო დაწესებულებისთვის, რომ გაემარტივებინა კომუნიკაცია ექიმსა და პაციენტს შორის. როგორც სხვები, ეს გოგონაც დამიკავშირდა ამ პროდუქტის პრეზენტაციის ვიზუალებზე და მუდმივ რეჟიმში ვმუშაობთ ერთად. ძალიან თბილი და სასიამოვნოა მასთან კომუნიკაცია. თავი იმ მნიშვნელოვანი სიახლის ნაწილად მაგრძნობინა, რაც ძალიან მალე იქნება.

M: რა აინტერესებთ უცხოელ დამკვეთებს, მსგავსი პროექტების კუთხით, ყველაზე ხშირად?

უცხოელი დამკვეთების ძირითადი ინტერესი არის ის, რომ სტანდარტული რეკლამა/პრეზენტაცია კი არ შესთავაზონ მომხმარებლებს, არამედ ეს ყველაფერი განხვავებულად და ორიგინალურად გადმოსცენ.


M: რა უნარებია საჭირო, რომ კარგ AI არტისტად ჩამოყალიბდეს ადამიანი?

იმისათვის, რომ ადამიანი AI არტისტად ჩამოყალიბდეს, საჭიროა მუდმივი მუშაობა საკუთარ თავთან, რათა მისი კრეატიული და ხედვითი ნაწილის განვითარება შეძლოს, შექმნას დაუვიწყარი და განსხვავებული ნამუშევრები. ამისთვის არ არის აუცილებელი იყო ხელოვანი. ძირითადი ინსტრუმენტები მორგებულია ძირითადად ინგლისურ ენაზე და ამდენად, ენის ცოდნაც აუცილებელია მინიმალურ დონეზე. სხვა დანარჩენი უკვე არის ტექნიკური ნაწილი, რომელიც მუდმივი მუშაობის და შესწავლის შემდეგ გიყალიბდება.

M: რას ურჩევდი მათ, ვისაც ამ მიმართულებით აინტერესებს განვითარება?

ვინც ამ მიმართულებით არის დაინტერესებული ვურჩევ, რომ უბრალოდ თუ გაინტერესებს და შენ თავს ხედავ როგორც Ai არტისტს, არ უნდა გაჩერდე და მიჰყვე ბოლომდე. არაფერია რთული, ყოველი ნაბიჯი არის ახალი გამოცდილება და დღევანდელი რეალობიდან გამომდინარე, თუ როგორც ვითარდება ტექნოლოგიურად სამყარო, ყველაფერია შესაძლებელი. არ უნდა გეშინოდეს სხვისი აზრის, რადგან თუ შენ ამ ყველაფერს სწორად თვლი, ვერაფერმა უნდა გაგაჩეროს. იმაზე მაგარი გრძნობა არაფერია, როდესაც თბილი სიტყვებით და დადებითად გაფასებენ, რაც მეტ ენერგიას და მოტივაციას გაძლევს.

Dressup Outlet – მასშტაბური სიახლე დრესაპ ჯგუფში!

რა უპირატესობები აქვს ონლაინსწავლას და რა მინუსებს ასახელებენ გამოცდილი კურსდამთავრებულები