in

აი, როგორ მუშაობს IT ადმინისტრაციული ასისტენტი

ინტერვიუების სერიით: „აი, როგორ ვმუშაობ“ , გვინდა, მარკეტერის მკითხველს სხვადასხვა პროფესიაზე უფრო მკაფიო წარმოდგენა შევუქმნათ. ამისთვის გადავწყვიტეთ, სხვადასხვა სფეროს პროფესიონალებისთვის თავიანთი სამუშაო პროცესის გაზიარების საშუალება მიგვეცა. გაიცანით, ეს ანა მიხაილოვია, საქართველოს ბანკის IT ადმინისტრაციული ასისტენტი.

M: რას მოიცავს შენი პოზიცია და რა როლი აქვს მას ორგანიზაციაში?

როგორც იცით, ინფორმაციული ტექნოლოგიების  დეპარტამენტი ერთ-ერთი წამყვანი რგოლია ნებისმიერ ორგანიზაციაში, განსაკუთრებით კი საბანკო სფეროში. შესაბამისად, მნიშვნელოვანია, რომ IT Staff-ს შევუქმნათ ისეთი სამუშაო გარემო, სადაც სრულყოფილად შეძლებენ მუშაობას. დამეთანხმებით, ჯანსაღ გარემოს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს პროდუქტიულობისთვის. სწორედ ჩემი, როგორც ადმინისტრაციული ასისტენტის როლია კოორდინირება გავუწიო IT მიმართულების ყველა თანამშრომელს. ჩვენ მათ უზრუნველვყოფთ როგორც ტექნიკის კუთხით, ასევე სხვა ყველა საჭირო ინვენტარით, რაც აუცილებელია სამუშაო გარემოს მოწყობაში.

ასევე, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი არის Onboarding-ის პროცესი, რომელიც ხელს უწყობს ახალი კადრების მაქსიმალურად სწრაფად ჩართულობას სამუშაო პროცესში. ჩვენ ვგეგმავთ მათთვის და უკვე არსებული თანამშრომლებისთვის, სხვადასხვა საინტერესო ტრენინგს, რითაც ხელს ვუწყობთ მათი ცოდნის გაღრმავებას. ყველა მნიშვნელოვან საკითხზე ვაწვდით ინფორმაციას. IT ადმინისტრაცია მუშაობს სამოტივაციო სქემაზეც, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საქმიანობაა ჩვენთვის.

M: ეს მიმართულება რატომ აირჩიე?

დღესდღეობით, IT მიმართულება ყოველდღიურად ვითარდება და კიდევ უფრო მოთხოვნადი ხდება. აქ გაქვს შესაძლებლობა, იყო ყოველთვის სიახლეების ეპიცენტრში, რაც შენს საქმიანობას ბევრად საინტერესოს ხდის. ძალიან მიყვარს ადამიანებთან კომუნიკაცია და მათი მხარდაჭერა, ჩემი დღევანდელი საქმიანობა კი ამ ორს ერთად აერთიანებს. ეს ჩემთვის დიდი პასუხისმგებლობა, ახალი გამოწვევა და განვითარების საშუალებაა.

M: მოკლედ მიმოვიხილოთროგორ განვითარდა შენი პროფესია, ამდროინდელ პოზიციამდე?

თითქმის 6 წელია, რაც საქართველოს ბანკის გუნდის წევრი ვარ. საკმაოდ დიდი გზა გავიარე, სანამ აქამდე მოვიდოდი. ვმუშაობდი საცალო საბანკო მიმართულებით, კონტაქტ ცენტრში და ა.შ. ბოლო 2 წელია, რაც IT მიმართულებას შემოვუერთდი და ვთვლი, რომ ეს ჩემი ერთ-ერთი საუკეთესო გადაწყვეტილება იყო. სანამ ადმინისტრაციის გუნდის წევრი გავხდებოდი, ციფრულ საბანკო პროდუქტებს ვუწევდი მხარდაჭერას, თუმცა საბოლოოდ გადავწყვიტე, კარიერა ჩემი პროფესიით – მენეჯმენტის კუთხით გამეგრძელებინა და დღეს, ძალიან მიხარია, რომ ეს ნაბიჯი გადავდგი.

M: როგორია შენი, როგორც IT ადმინისტრაციული ასისტენტის ყოველდღიური საქმიანობა და რა ფუნქციებს უკავშირდება?

ჩემი ყოველდღიურობა მოიცავს უამრავ ადამიანთან ურთიერთობას, მათი სამსახურეობრივი საჭიროებების/პრობლემების დადგენას და შესაბამისად, მაქსიმალურ ჩართულობას ამ საჭიროებების დაკმაყოფილებასა და პრობლემის აღმოფხვრაში. ამისთვის კი საჭიროა, კარგად იცოდე ყველა როლი, რომლის მიხედვითაც სწორად განსაზღვრავ მოთხოვნა/საჭიროებებს და შესაბამის გადაწყვეტილებას მიიღებ. როგორც უკვე აღვნიშნე, ჩვენთვის ყველა ჩვენი თანამშრომელი პრიორიტეტულია. ყოველდღე ვმუშაობთ, რათა გავაუმჯობესოთ თითოეული მათგანის სამუშაო გარემო, ხელი შევუწყოთ მათ პროფესიულ განვითარებას. ჩვენ უზრუნველვყოფთ Staff-ის ინფორმირებას ყველა მნიშვნელოვან საკითხზე. მათ უკუკავშირებზე დაყრდნობით კი ყოველდღიურად ვცდილობთ ბანკის შიდა პროცესების გაუმჯობესებას და საჭიროების შემთხვევაში, რეკომენდაციას ვუწევთ მათ.

M: რა უნარებია მნიშვნელოვანი შენი ყოველდღიური სამუშაოს შესასრულებლად და რა სირთულე ახლავს მას?

ჩემი ყოველდღიური სამუშაოს შესასრულებლად მნიშვნელოვანია კომუნიკაციის კარგი უნარი. ძალიან მეხმარება ჩემი წინა სამსახურებიდან მიღებული გამოცდილება და ცოდნა, რომელიც Multitasking გარემოში მუშაობას მიადვილებს. აგრეთვე, ძალიან მნიშვნელოვანია პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და დეტალებზე ორიენტირებულობა. საჭიროა სწორად შეგეძლოს პრიორიტეტების გადანაწილება. სირთულედ შეიძლება აღვიქვათ უამრავ განსხვავებულ ადამიანთან ურთიერთობა და მათი საჭიროებების ზუსტად დანახვა, თუმცა ვფიქრობ, რომ სწორეს ეს ხდის ამ საქმიანობას კიდევ უფრო საინტერესოს. სწორი მიდგომის პოვნა და საერთო ენის გამონახვა წარმატებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.  

M: რა მოგწონს ყველაზე მეტად ამ საქმეში?

ჩვენი საქმიანობა საკმაოდ მრავალფეროვანია და ნებისმიერ დროს შეიძლება მივიღოთ ახალი გამოწვევა/ამოცანა, რაც სამუშაო პროცესს ბევრად საინტერესოს ხდის. IT ყველაზე ინოვაციური და განვითარებადი მიმართულებაა დღეს და საქართველოს ბანკში ამ ინოვაციებს 90-მდე გუნდი ქმნის. ჩვენ კი ამ ადამიანებს ვუწევთ მხარდაჭერას. ეს პროცესი ჩემთვის ძალიან საინტერესოა,  ჩემი ყოველდღიური საქმიანობა მეხმარება გამოვიმუშაო ის თვისებები და უნარები, რაც სამომავლოდ დამეხმარება კარიერულ წინსვლაში.

M: შენი ხედვით, განვითარების რა პერსპექტივა აქვს შენს პროფესიას? 

იქედან გამომდინარე, რომ ჩემი პროფესია მრავალპროფილურია, ვფიქრობ, ის განვითარების ძალიან დიდ შესაძლებლობას იძლევა. განსაკუთრებით კი, IT მიმართულებაში, რადგან მოთხოვნისა და განვითარების სწრაფი ტემპის ხარჯზე ის ყოველდღიურად ცვალებადია.  გიწევს სწრაფად მოერგო და მოარგო თანამშრომლები ამა თუ იმ სიახლეს. მგონია, რომ ეს ყველაფერი გზას გიხსნის მაღალი მენეჯმენტის საფეხურისკენ და გაძლევს საშუალებას, მიიღო მაქსიმალური ცოდნა და გამოიმუშავო უნარები, რომელიც სამომავლოდ მთლიანი ბანკის მასშტაბით წარმატების მომტანი იქნება.

M: რამ შეიძლება დააინტერესოს შენს საქმიანობაში ის ადამიანები, რომლებსაც პროფესიული არჩევანის გაკეთება უწევთ?

იქედან გამომდინარე, რომ მსოფლიო ბაზარზე IT მიმართულებით მოთხოვნა სულ უფრო და უფრო იზრდება, დღის წესრიგში დგება ასეთი პროფესიის ადამიანების განვითარება და მათთვის მოტივაციის შექმნა. სწორედ აქ ერთვება ჩემი პოზიცია და ვფიქრობ, ადამიანები, ვისთვისაც მენეჯმენტი და ადმინისტრაციული საქმე საინტერესო სფეროა, სწორედ ეს  ადგილია, სადაც შეძლებენ  განავითარონ საკუთარი თავი, გამოიმუშავონ ყოველდღიურად ახალი უნარები, მიიღონ  გამოცდილება ადამიანებთან ურთიერთობაში, დაეხმარონ მათ პროფესიულ განვითარებაში და რაც მთავარია, ყოველთვის ექნებათ  მზაობა ახალი გამოწვევებისთვის.

რა პროდუქტები ვიხილეთ Apple-ის 7 სექტემბრის ღონისძიებაზე?

„სათავგადასავლო რალი საქართველო“ მეოთხე ღონისძიებისთვის ემზადება!