ინტერვიუების სერიით: „აი, როგორ ვმუშაობ“, გვინდა, მარკეტერის მკითხველს სხვადასხვა პროფესიაზე უფრო მკაფიო წარმოდგენა შევუქმნათ. ამისთვის გადავწყვიტეთ, სფეროს პროფესიონალებისთვის თავიანთი სამუშაო პროცესის გაზიარების საშუალება მიგვეცა. ამჯერად, ბიკო გოგალაძის საქმიანობას გაგაცნობთ, რომელიც POSTRED-ის ფოლი არტისტია.
M: რამდენად მნიშვნელოვანია ფოლი არტისტის საქმიანობა აუდიო პროდუქტის შექმნისას და რა უნარები სჭირდება ადამიანს ამ პროფესიაში?
იყო ფოლი არტისტი ნიშნავს, მუდმივ რეჟიმში შეგეძლოს ხმებზე დაკვირვება, რათა ამ ხმების რეპროდუქცია ვიზუალურადაც შეძლო და ამით უფრო მგრძნობიარე გახადო კონკრეტული მომენტი. გარდა ამისა, ფოლი არტისტს ძალიან განვითარებული უნდა ჰქონდეს წარმოსახვის უნარი. სანამ რაიმეს გააკეთებს, წარმოიდგინოს, რა ხმებით გააცოცხლებს ვიზუალს და რომელი ნივთებით მიაღწევს სათანადო აკუსტიკურ ეფექტს.
ასევე, უნდა იყოს ენერგიული და მაქსიმალურად კონცენტრირებული მსახიობების მოძრაობებზე, ხასიათსა და მანერებზე. ყველა ხმა, რომელიც პერსონაჟის გარშემო ისმის, ბუნებრივად უნდა გადმოსცეს. თავისთავად, ფოლის ჩაწერა ძალიან საინტერესო ყოველდღიური პროცესია და არასდროს ხდება რუტინული, რადგან არ იცი, როდის ვინ იქნები, რომელ პერსონაჟს გააცოცხლებ.
განსაკუთრებით საინტერესოა ანიმაციებზე მუშაობა, რადგან ანიმაციას ხმა საერთოდ აქვს, უყურებ მხოლოდ და მხოლოდ სურათს. ამ დროს, უბრალოდ ფიქრობ, რას როგორი ხმა შეიძლება (ან უნდა) ჰქონდეს, სრულიად ახალ სამყაროს ქმნი, რაც თავიდან ბოლომდე შენს ხელთაა. ფილმზე ან ნებისმერ პროექტზე მუშაობა ინდივიდუალურია. რომელ პროექტს რამდენი დრო სჭირდება მხოლოდ მაშინ ვიცით, როდესაც უშუალოდ პროექტს ვნახავთ და მუშაობის პროცესს დავგეგმავთ. ფოლის შექმნისას ძალიან ხშირად ვიღებთ უცნაურ გამოცდილებებს. ეს ის საქმეა, რომელსაც ბევრი საიდუმლო აქვს და რაღაც ხრიკებითა და შემოქმედებითი ხედვით წარმოუდგენელ შედეგს ქმნი.
M: როგორ დაინტერესდი ფოლით?
ფოლის შესახებ 8 წლის წინ გავიგე ბესო კაჭარავასგან. მანამდე, მოცეკვავე ვიყავი და იმ მომენტიდან, ბესოსთან და POSTRED-თან ერთად დავიწყე ფოლის განვითარება. დიდი შრომისა და თავდადების შედეგად, დღეს სხვებს ვუზიარებ ჩემს გამოცდილებას.
M: რითაა შენთვის საინტერესო ეს საქმე?
ყოველდღიურად სხვადასხვა სამყაროში ვმოგზაურობ, იქნება ეს ადამ დრაივერი კოსმოსში თუ ზენდაია საკუთარ თავთან და სირთულეებთან გამართულ ბრძოლაში.
M: გაიხსენე ყველაზე საინტერესო პროექტი, რომლის ფოლიზეც გიმუშავია…
Eddie Alcazar-ისა და ოსკაროსან სტივენ სოდერბერგის ფილმ Divinity-ზე მუშაობა ძალიან საინტერესო გამოცდილება აღმოჩნდა. ფილმის პრემიერა კი Sundance-ის კინოფესტივალზე შედგა. დიდი გამოცდილება გახლდათ ოსკაროსან ხმის დიზაინერ მარკ მანჯინთან ერთან მუშაობაც. აკუსტიკურად ვიწერდით, მეტი სივრცეებითა და მრავალფეროვნებით, რადგან ფილმის სიუჟეტი დიდ დარბაზებში ვითარდება. ასევე საინტერესო იყო, რომ პერსონაჟი სუპერძალის მქონეა, რომელის ნაბიჯების ხმის მისაღებადაც ბევრნაირი ექპერიმენტული მიდგომა დაგვჭირდა.
M: როგორ მუშაობ ფოლიზე? როგორ პოულობ ხმებს და რა რეკვიზიტებით განასახიერებ მათ?
მუშაობის პროცესში, ფოლი რექორდისტი და ფოლი არტისტი ერთდროულად მუშაობენ, ძალიან მნიშვნელოვანია მათი შეწყობილი მუშაობა კარგი შედეგის მისაღებად. ფოლი რექორდისტი ჩემი ქმედების პარალელურად იწერს ხმას და ასინქრონებს საჭირო ადგილას კადრში. მუშაობისას, ძალიან ხშირად გვიწევს იმპროვიზაცია, არაორდინალურად ფიქრი, რომ საინტერესო და კარგი ხმა მივიღოთ. მაგალითად, ხშირად გაგვიკეთებია ჩვეულებრივი გირჩით მორიელის მოძრაობისა და სიარულის ხმები, ასევე ძველი ონკანის მოშვების ხმა ორი ძველი პატარა შუშის ჭიქით, კიდევ ბევრი საინტერესო და უცნაური გადაწყვეტილების მიღება გვიწევს ხოლმე.
ჩაწერისას ძალიან მნიშვნელოვანია ყველა პერსონაჟის როლში შეხვიდე, ყველა სცენა გაითავისო და იგრძნო, კარგად დააკვირდე არ გამოგრჩეს, რომელი ფეხსაცმლით რა ზედაპირზე დადის, რა მატერიის ტანსაცმელი აცვია და ბევრი სხვა დეტალი. ფოლიზე მუშაობისას დეტალები მთავარია და უმნიშვნელო თითქმის არაფერია. ასევე, მნიშვნელოვანია გაითვალისწინო რეჟისორს რისი თქმა უნდა, ამ ხმით რის გადმოცემას ცდილობს.
უამრავი ნივთით ვმუშაობთ, სტუდიაში უამრავი ფოლის რეკვიზიტი გვაქვს, მაგრამ როდესაც რაიმე ხმა გვაკლდება, ძალისხმევას არ ვიშურებთ და სტუდიის გარეთ ვეძებთ გამოსავალს. ეს შეიძლება იყოს ელიავას ბაზრობა ან ჩვენი მეგობრის სახლში არსებული ნივთებიდან რომელიმე. მაგალითად, მე აქტიურად ვიყენებ ბავშვობაში მამაჩემის ნაჩუქარ ველოსიპედს, რომელიც 6 წლის ასაკში მაჩუქა.
M: შენი აზრით, რა პერსპექტივა აქვს ამ პროფესიას?
დროთა განმავლობაში, ვიზუალურ კონტენტზე მოთხოვნა სულ იზრდება. ინდუსტრია სერიალებზე გადადის, შესაბამისად, სამუშაო მასალა უფრო მეტია, ამიტომაც ადამიანური რესურსების დეფიციტს სულ განვიცდით სფეროში. ასე რომ, ფოლი არტი ერთ-ერთი ნიშური და სპეციფიკური პროფესიაა, რომელიც მუდამ მოთხოვნადი იქნება კინოინდუსტრიაში.
M: რას ურჩევდი ადამიანს, რომელიც ფოლი არტისტობაზე ფიქრობს?
ვურჩევდი, რომ ბევრი იშრომონ თავიანთი მიზნების მისაღწევად, რათა სწრაფად განვითარდნენ. ასევე, მუდმივად დაისახონ ახალი მიზნები, რაც გაზრდის საშუალებას მისცემს მათ.